კანის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს 6 გუნდი წარადგენს. 6-დან ერთ-ერთი მარკეტერის კატეგორიაა, რომლის ოქრო – თიბისის მობაილბანკის მარკეტერის, თეკლა გამცემლიძისა და თიბისის მარკეტერის ანა ნაცვლიშვილის ტანდემმა მოიპოვა, ვერცხლი კი – თიბისი ბიზნესის მარკეტერის ელენე მამულაშვილისა და თიბისის კონტენტ მენეჯერის ელენე ჭელიძის ნამუშევარმა დაიმსახურა.
მარკეტერის კატეგორიაში გუნდების მიზანი იყო შეექმნათ პროდუქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს ინკლუზიურობის მეტ საშუალებას მისცემდა. ოქროს მფლობელი გუნდი, თეკლასა და ანას შემადგენლობით, საფრანგეთის ქალაქ კანში 17-21 ივნისს მიემგზავრება საქართველოსა და თიბისის სახელით და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს. მარკეტერები დავალებას იგივე პრინციპით მიიღებენ და შეასრულებენ, რაც Young Lions Georgia-ს კონკურსზე უკვე წარმატებით გამოცადეს.
რა მოლოდინები აქვთ კანში, როგორ შეიქმნა გამარჯვებული ნამუშევარი კანის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, როგორ შეუწყო ხელი თიბისის გამოცდილებამ და მიდგომამ ბრიფის ამოხსნაში, თეკლა გამცემლიძისა და ანა ნაცვლიშვილისგან მოვისმინეთ:
თეკლა: „კანის ლომები ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. მნიშვნელოვანია, როგორი განწყობით მიუდგები, მთავარია პროცესით ისიამოვნო და შენს მეწყვილესთან ერთად კარგი დინამიკა გქონდეს. თიბისიში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის შემდეგ, ეს დინამიკა აშკარა იყო, რის გამოც ერთად მონაწილეობა გადავწყვიტეთ.
აქ შენ თავს სხვადასხვა საკითხში გამოცდი. მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ საუბრის არ გეშინოდეს, რადგან პრეზენტაციის ეტაპი გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუმცა, ჩვენი გამოცდილება ამაში ძალიან დაგვეხმარა, თიბისიში ყოველდღიურად გვიწევს ჩვენი იდეების სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან წარდგენა და მათი დარწმუნება. ძალიან გვიხარია, რომ წარმატებით შედგა ჩვენი დუეტი საქართველოში, ახლა კი, იმავე შემართებით მივემგზავრებით კანშიც“
ანა: „დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ბრიფის თემატიკა საქართველოს მასშტაბით უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ამან განსაკუთრებით სასიამოვნო გახადა იდეაზე მუშაობის პროცესი.
იდეა ბრიფის მიღებისთანავე მოგვივიდა, მთავარი საკითხი იყო იდეის ბრენდისთვის მორგება, რამდენადაც მრავალმხრივი და მასშტაბურია თიბისის შესაძლებლობები, ამდენადვე გართულდა რომელიმე კონკრეტული მიმართულების შერჩევა პრობლემის გადასაჭრელად. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ჩვენს მთავარ ღირებულებებზე ვკონცენტრირებულიყავით და „ერთად გაგვემარჯვა“ და გაგვემარტივებინა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.
ძალიან საინტერესოა, რა თემატიკას გვიმზადებს ფესტივალი კანში, თუმცა გამოწვევების არ გვეშინია.“
საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრა ვერცხლის მფლობელი გუნდიც. ელენე მამულაშვილი და ელენე ჭელიძე გვიყვებიან, როგორ მივიდნენ ბრიფის გადაწყვეტამდე, რამაც მათ საპრიზო ადგილი მოაპოვებინა.
ელენე მამულაშვილი: „კანის ახალგაზრდა ლომების დავალებაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მარკეტერებს უწევთ მუშაობა პროდუქტზე და არა კრეატიულ კამპანიაზე. ზოგადად გავრცელებული შეხედულებაა, თითქოს მარკეტერები მხოლოდ კომუნიკაციაზე მუშაობენ. არადა, ყველაზე უკეთ ისინი იცნობენ მომხმარებლების საჭიროებებს.
ჩვენც სწორად ასე მივუდექით ბრიფზე მუშაობას – დავიწყეთ მომხმარებლების განსაზღვრით, გავეცანით მათ საჭიროებებს და შევეცადეთ მიგვესადაგა მათთვის ისეთი პროდუქტი, რომელიც როგორც მათ ტკივილს უპასუხებდა, ისე ჩვენი კომპანიის შესაბამისი იქნებოდა. ვფიქრობ, მარკეტერის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა პროდუქტის შექმნის ეტაპზე მაქსიმალურად გაატაროს მომხმარებლების ინტერესები.“
ელენე ჭელიძე: „მარკეტერის ბრიფის დავალება აუცილებლად უნდა მოარგო შენს ბრენდს, ამიტომ ჩვენი ერთ–ერთი მთავარი წინამძღოლი ბრენდის სტრატეგია იყო. გვჯერა იმ მისიის, რომელსაც ვემსახურებით და სწორედ ამიტომ ბრიფზე მუშაობა და ახალი პროდუქტის შექმნა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.
თიბისიში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა ბრიფის სწორად შედგენაში, პროდუქტის შექმნის დროს განსხვავებული ინსაითის აღმოჩენაში და შემდეგ, სააგენტოსთვის ბრიფის ინსპირაციულად წარმოჩენაში. არ შეგვეშინდა ინოვაციურობის, სიახლისა და განსხვავებული იდეის შექმნის.“
თიბისის გუნდების ანგარიშზე ერთი ოქრო და ერთი ვერცხლია. ორი საპრიზო ადგილი ერთ კონკურსზე მსუყე მონაპოვარია ახალგაზრდა ლომებისთვის, რომლებიც უკვე ემზადებიან კანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება. ტრადიციულად, თიბისი 2024 წლის ფესტივალის მხარდამჭერია.
წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს გუნდებს კანში.
[R]