in

როგორ გააერთიანა თიბისი ტექსკოლამ ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან

ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი ძრავია, რომელიც შრომის ბაზარსა და საგანმანათლებლო სტანდარტებს ყოველდღიურად ცვლის. სამწუხაროდ, ხშირად საქართველოში ახალგაზრდებისთვის გეოგრაფიული თუ ფინანსური ფაქტორი სერიოზულ ბარიერად იქცევა ხოლმე. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამი წლის წინ თიბისი ტექსკოლის ამბიციური იდეა გაჩნდა, რომელიც დღეს უკვე მძლავრ საგანმანათლებლო ეკოსისტემად იქცა. თიბისი ტექსკოლა დღეს 4500-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს და რეგიონებში მცხოვრებ მოზარდებსა ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარი ადგილის მოპოვებაში ეხმარება. 2026 წელს, პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციითა და თიბისი ტექსკოლის ელჩების ინიციატივით, ტექსკოლა ცდილობს, ცოდნა ყველა სოფლამდე და სკოლამდე მიიტანოს. როგორ ახერხებს ფინანსური ინსტიტუტი ტექნოლოგიური ცოდნის საზოგადოებრივ სიკეთედ ქცევას? როგორ ხდებიან უფროსკლასელები საკუთარი იდეების „კრეატიული დირექტორები“? დეტალებზე თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდერი მარიამ თევზაძე და „ჯეოლაბის“ დირექტორი სანდრო ასათიანი გვესაუბრნენ.

M: თიბისი ტექსკოლა უკვე 3 წლისაა. გავიხსენოთ, რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც უფროსკლასელებისთვის ამხელა საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა გადაგაწყვეტინათ?

მარიამი: ნებისმიერ პროექტზე ფიქრისას, ჩვენი ამოცანაა გავაანალიზოთ – რა სჭირდება საზოგადოებას და თიბისის რა პოზიტიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმ ამოცანის შესრულებაში, რაც დღეს საზოგადოებას უდგას. დღეს, როდესაც მსოფლიოში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ მიმართულებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იქმნება, საქართველოში ფინანსური თუ გეოგრაფიული ბარიერების გათვალისწინებით, ყველა ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს ტექნოლოგიურ პროფესიებს.

მეორე მხრივ, თიბისი არის ტექნოლოგიური ეკოსისტემა და ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც დაგროვილი აქვს ექსპერტული ცოდნა ტექნოლოგიებისა და ბიზნეს დისციპლინების მიმართულებით. გუნდში გვყავს საუკეთესო პროფესიონალები, ვისაც შეუძლია ეს ცოდნა სხვებს გაუზიაროს. სწორედ ამ გამოწვევისა და თიბისის როლის გაანალიზებით შევქმენით თიბისის ტექსკოლა – საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს სრულიად უფასოდ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ისწავლონ ტექნოლოგიები. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების მეთოდი არის „კეთებაზე დაფუძნებული“, რაც მოსწავლეებს პრაქტიკულ ცოდნას აძლევს.

M: დროთა განმავლობაში, პროექტს ათასობით მოსწავლე დაემატა. რეალურად რა არის ის მთავარი ღირებულება და შედეგი, რასაც ტექსკოლა დღეს ახალგაზრდებს, მათ შორის რეგიონებში, აძლევს?

მარიამი: ეს არის წვდომა ბარიერების გარეშე მაღალი ხარისხის განათლებაზე და საუკეთესო ლექტორებზე, რომლებიც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია. ჩვენთვის ასევე ფასეულია ის, რომ სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები ერთმანეთს უმეგობრდებიან, ერთად იწყებენ პროექტებზე თუ სტარტაპ იდეაზე ფიქრს და ამით ერთმანეთისთვისაც მნიშვნელოვან აქტივად იქცევიან.

რაც შეეხება შედეგებს, რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავია: თიბისი ტექსკოლას უკვე 4500-მდე მონაწილე ჰყავს. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეთა 40% სწორედ რეგიონის სკოლებიდანაა, ხოლო გოგონების ჩართულობა 52%-ს შეადგენს.

M: რით გამოირჩევა „ტექსკოლის“ სწავლების მეთოდოლოგია სხვა ტექნოლოგიური კურსებისგან?

სანდრო: ბაზარზე ბევრი ტექნოლოგიური კურსია, თუმცა „ჯეოლაბისა“ და „ტექსკოლის“ პარტნიორობა რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე დგას: პირველი, ესაა მენტორობის კულტურა – ჩვენთან არ არსებობს იერარქია „მასწავლებელი-მოსწავლე“. მენტორი არის გზამკვლევი, რომელიც სტუდენტს პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. მეორეა პროექტზე ორიენტირებული სწავლება (PBL) – სწავლის პირველივე დღიდან მოსწავლე მუშაობს რეალურ პროდუქტზე. ჩვენ ვთვლით, რომ თეორიული ტესტის ჩაბარებაზე მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი პროექტის, მაგალითად ვებგვერდის გაშვება, რომელსაც რეალური მომხმარებლები ეყოლება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ინდუსტრიის სტანდარტები – ჩვენი კურიკულუმები მუდმივად ახლდება და მოსწავლეები ზუსტად იმ ინსტრუმენტებს სწავლობენ, რომლებსაც კომპანიები დღეს იყენებენ.

M: 2026 წელს ტექსკოლას ხელოვნური ინტელექტის მიმართულება დაემატა. კონკრეტულად რას ისწავლიან უფროსკლასელები ამ კურსზე?

მარიამი: ხელოვნური ინტელექტის ცოდნა დღეს ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს სჭირდება. ამ პროგრამით სხვადასხვა ინტერესის მქონე მოსწავლეს ვასწავლით, თუ როგორ შექმნან ციფრული პროდუქტები ე.წ. „ვაიბ კოდინგით“ და სხვადასხვა AI ინსტრუმენტებით, რათა ეს ყველაფერი სწავლისა თუ პროექტებზე მუშაობის პროცესში ეფექტურად გამოიყენონ.

სანდრო: ეს არ არის მხოლოდ „ჩატბოტთან საუბარი“. ეს კომპლექსური პროგრამაა, სადაც მოსწავლეები დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიას, რათა ზუსტი შედეგები მიიღონ, შეისწავლიან გენერაციული მოდელების მუშაობის პრინციპებს ტექსტის, გამოსახულებისა და კოდის შესაქმნელად, ისწავლიან პროცესების ავტომატიზაციას რუტინული დავალებების ოპტიმიზაციისთვის. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ეთიკასა და უსაფრთხოებაზე – მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გადის ზღვარი AI-ს პასუხისმგებლიან გამოყენებასა და არაეთიკურ ქმედებას შორის.

M: ბევრს აშინებს AI-ს განვითარება. თქვენ როგორ ხედავთ ამას – ეს კონკურენტია თუ სამუშაო ინსტრუმენტი?

სანდრო: ჩვენ მოზარდებს ვასწავლით, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კი არ ანაცვლებს, არამედ აძლიერებს მას. ის თქვენი ასისტენტია. ამ მიდგომით, მოზარდი ხდება პროცესის მმართველი და კრეატიული დირექტორი. თუ ადრე პროგრამისტს საათები სჭირდებოდა რუტინული კოდის წერისთვის, დღეს მას შეუძლია ეს საქმე AI-ს მიანდოს, თავად კი სტრატეგიულ არქიტექტურაზე მოახდინოს ფოკუსირება. ისევე, როგორც კალკულატორმა არ ჩაანაცვლა მათემატიკოსები, AI-ც გვათავისუფლებს რუტინისგან კრეატივისა და კრიტიკული აზროვნების სასარგებლოდ.

M: რა პრაქტიკული უნარებითა და ხელშესახები შედეგით სრულდება AI-ს კურსი?

სანდრო: კურსის ბოლოს მოსწავლეს ექნება პერსონალური პროექტი – ეს შეიძლება იყოს ვებგვერდი, დიზაინი ან AI-ს დახმარებით გენერირებული მულტიმედიური პროდუქტი. ასევე, გამოუმუშავდებათ კრიტიკული ანალიზის უნარი, რათა გაარჩიონ ხელოვნური ინტელექტის ჰალუცინაციები რეალური ფაქტებისგან. საბოლოოდ, მათ აქვთ პორტფოლიო, რომელიც ნებისმიერს დაანახებს, რომ მოსწავლე ფლობს 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიას.

M: წელს პროექტს კიდევ ერთი სიახლე – „ტექსკოლის ელჩები“ დაემატა. რატომ გადაწყვიტეთ ამ მოდელის დანერგვა და როგორ ეხმარება ეს ახალი თაობის ლიდერების ჩამოყალიბებას?

მარიამი: ტექსკოლის ელჩების პროექტი ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის შევქმენით. მათ ვასწავლით, თუ როგორ ასწავლონ სხვებს და ვეხმარებით, რომ საკუთარ ქალაქში, რეგიონში თუ სკოლაში თანატოლებს გაუზიარონ მიღებული ცოდნა. ამ მოდელით, ერთი მხრივ, ადგილობრივად ბევრად მეტ ადამიანს ვწვდებით, რადგან ელჩები თავად ატარებენ ლექციებს თავიანთ სოფლებსა და სკოლებში. მეორე მხრივ, თავად ელჩები ივითარებენ მნიშვნელოვან ლიდერულ უნარებს.

M: როგორია თიბისი ტექსკოლის სამომავლო გეგმები და რა არის თქვენი მთავარი რჩევა მოსწავლეებისთვის?

მარიამ: ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ მსოფლიო ტენდენციებისა და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით დავხვეწოთ ჩვენი პროგრამა. 2026 წლის განმავლობაშიც ბევრი ინიციატივა და სიახლე გვექნება საზოგადოებისთვის.

სანდრო: ტექნოლოგიების სწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანი და ადამიანური კავშირებია. მოსწავლეებს კი ვურჩევ – არ შეგეშინდეთ შეცდომების, რადგან შეცდომა არის ყველაზე მოკლე გზა აღმოჩენამდე.

[R]

„სიცოცხლის გულშემატკივარი“ – ქუთაისის „ტორპედო“ 100 წლიან ტრადიციას აცოცხლებს და ტუბერკულოზის დასამარცხებლად კამპანიას იწყებს

IT აკადემია STEP-ის მხარდაჭერით თბილისში Unlimited Summit გაიმართა