in

თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია — ახალი გზა ინოვაციებისკენ

თიბისიზე ყოველთვის ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაზე. თუმცა მისი ისტორია, დაახლოებით, 30 წლის წინ დაიწყო — ანუ, მაშინ, როცა ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ იყო იმდენად განვითარებული, როგორც ეს დღეს არის. და მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით კომპანიისგან არაერთი ინოვაციური, საინტერესო ნაბიჯი გვახსოვს, მან სრული ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტად დააჩქარა და წინ წამოწია.

“ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად შეიცვალა გარემო, რომელშიც ვოპერირებთ და, ზოგადად, ყველანი ვცხოვრობთ. ფაქტობრივად, ვირტუალურ სივრცეში პარალელური სამყაროები გაჩნდა და ამ სივრცეებში ადამიანები ისევე მოელიან სხვადასხვა მომსახურების მიღებას, როგორც ფიზიკურ სამყაროში”, — აღნიშნავს ბიძინა მაცაბერიძე,  თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელი.

M: რას მოიცავს თქვენი კომპანიის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და როგორ აისახება ის მომხმარებლებზე?

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი ტემპით განვითარება არ იქნებოდა საკმარისი და ჩვენი მომხმარებლების მოლოდინების შესაბამისი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით მეტად აქტიურები გავმხდარიყავით. თითქოს, ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ჩვენ მომხმარებლების მოსმენის ფაქტორით დავიწყეთ — რა სურთ მათ? ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანები ბევრი კითხვის დასმის გარეშე ელიან, რომ კომპანია ციფრულ სივრცეში განხორციელებულ ქმედებებზე დაყრდნობით გამოიცნობს მათ სურვილებს. მაგალითად, სად უნდა დახვდეს ესა თუ ის ღილაკი, რათა კომფორტულად შეასრულოს ოპერაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, საჭირო დროს საჭირო ადგილას დაახვედრო ახალი ტექნოლოგიური სერვისები.

თავის მხრივ, ეს ყველაფერი კომპანიის მეტ მოქნილობას გულისხმობს — შეუძლებელია, ყველაფერი წინასწარ განჭვრიტო. შესაბამისად, რაღაცები უნდა მოსინჯო, პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგა და ერთგვარი ექსპერიმენტები ჩაატარო. მიღებული უკუკავშირით (ანუ, მომხმარებელთა ქმედებებზე დაკვირვებით) კი გადაწყვიტო, რამდენად საჭიროა ამა თუ იმ სიახლის დანერგვა. ამ მოლოდინების დაკმაყოფილება მხოლოდ ტექნოლოგიური გარდაქმნითაა შესაძლებელი.

პატარ-პატარა ნაბიჯები იმიტომ უნდა გადადგა, რომ შეცდომის შემთხვევაში ის პატარა იქნება და არა — უზარმაზარი

M: საინტერესოა, რა გზა გაიარა თიბისიმ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფარგლებში? როგორც ტექნიკური, ისე იდეური თვალსაზრისით…

როდესაც კომპანია იზრდება, ბუნებრივად ჩნდება ერთგვარი იერარქიები, რაც მეტად ანელებს პროცესებს — იდეამ რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს, ვიდრე დამტკიცდება. თანაც, ხშირად იერარქიულ საფეხურებში სადღაც იკარგება ზოგიერთი იდეა. ამიტომ, რამდენიმე წლის წინ თიბისიმ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო… უფრო კონკრეტულად, მან ერთმანეთისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდები დააფუძნა, რათა თითოეულმა მათგანმა კონკრეტული პროდუქტი/სერვისი ჩაიბაროს და უშუალოდ მის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიებს, რომლებსაც კომპანია იყენებს, რამდენიმე წლის წინ გაცილებით დამოკიდებულნი ვიყავით სხვადასხვა მომწოდებელზე. ძირითადად, პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებს ვგულისხმობ. შემდეგ კი, ზემოთ ხსენებულ ტრანსფორმაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეტად დამოუკიდებლები ვყოფილიყავით — სხვებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და შეიძლება, შენი პრიორიტეტები მათ ასეულობით თუ ათასეულობით მომხმარებლის პრიორიტეტებში ითქვიფებოდეს. მეორე მხრივ, თუ ნაკლებ მოთხოვნად მომწოდებელს აირჩევ, სხვა პრობლემები იჩენს თავს. აი, ასე დავიწყეთ გაძლიერებული გუნდით და საკუთარი ხელით საჭირო პროდუქტის შექმნა.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი მასშტაბური განახლება გავაკეთეთ, პლატფორმებისა და ინსტრუმენტების კუთხით. ამან მეტი სისწრაფე, გუნდების ურთიერთდამოუკიდებლობა და მეტი მოქნილობა შეგვძინა.

M: მთლიანობაში, რა შესაძლებლობები მოაქვს ამ ტრანსფორმაციას კომპანიისთვის, ქვეყნისთვის, რეგიონისთვის?

ვიტყოდი, რომ თიბისის გუნდის წევრებს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს გათვითცნობიერებული — ჩვენ არ ვართ ერთ-ერთი კომპანია… არამედ, ვართ კომპანია, რომელზეც, გარკვეულწილად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დგას. რა თქმა უნდა, ეს დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ეს კი თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის, რაც უშუალოდ მუშაობაში გამოიხატება. მაგალითად, მომხმარებლების ყოველდღიურობაში იმდენად ვართ ჩართულები, რომ ჩვენი შეფერხება მათ შეფერხებასაც გამოიწვევს. ამიტომაც, მაქსიმალურად უმაღლესი ხარისხის სერვისების მიწოდებას ვცდილობთ.

M: თქვენი გადმოსახედიდან, რა ეტაპზეა ტექნოლოგიური ეკოსისტემა საქართველოში და რა გავლენა აქვს მასზე თიბისის?

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულება ძალიან სწრაფად მიიწევს წინ და სრულად მიჰყვება იმ ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოში შეინიშნება. რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს ისეთი დიდი და ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიც ნამდვილადაა თიბისი. ეს ბუნებრივია, რადგან ციფრულ სამყაროს საკმაოდ დიდი ენერგია და რესურსი სჭირდება (მატერიალური თუ ადამიანური). ამასთან, დასაფასებელია ისიც, რომ საქართველოში ბევრი სტარტაპი თუ პატარა კომპანია ქმნის ძალიან საინტერესო პროდუქტს — ისეთსაც, რომელიც ქვეყნის ფარგლებს ცდება.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ თიბისიზე საუბრისას მხოლოდ ბანკს არ ვგულისხმობ… არამედ, მან მთელი ეკოსისტემა შექმნა, რომელიც სწორედ ტექნოლოგიების მიმართულებით ახერხებს სიახლეების დანერგვას.

M: საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოელ თანამშრომლებზეც რომ ვისაუბროთ… 

რამდენიმე წლის წინ თიბისიმ გადაწყვიტა, მეტად გაფართოებულიყო და ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი უზბეკეთის მიმართულებით გადავდგით. რა თქმა უნდა, უზბეკეთშიც თიბისი არა მხოლოდ ბანკი, არამედ ელ.კომერციისა და გადახდების ბიზნესში ერთ-ერთი ინოვაციური კომპანიაა.

იმისათვის, რომ ამ სფეროში განვვითარდეთ, ხშირად ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების პლატფორმებს ვიყენებთ, როგორიცაა Google, Microsoft თუ სხვა. თავის მხრივ, ეს პარტნიორულ ურთიერთობებში გადაიზრდება ხოლმე. წლების განმავლობაში კი წამყვან, საუკეთესო პროდუქტების მქონე კომპანიებთან ჩამოგვიყალიბდა მჭიდრო კავშირები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემოგვემატნენ საერთაშორისო პარტნიორები — ეს იმან განაპირობა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უცხოური კომპანია შემოვიდა ტექნოლოგიების მიმართულებით.

გარკვეულწილად, ეს ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ მას საკმაოდ ადეკვატურად შევხვდით. ერთი მხრივ, წარმატებულად ვახერხებთ, არც თუ ისე დიდ ბაზარზე ახალი კადრების შემოდინების წყაროები შევქმნათ. ამის მაგალითია ჩვენი IT აკადემია, რომელიც მთელ ქვეყანას ემსახურება — აქ მიღებული გამოცდილებით, სტუდენტები სხვადასხვა კომპანიაში საქმდებიან. მეორე მხრივ კი, ამ გამოწვევას საერთაშორისო კონკურენციაზე გასვლით ვუპასუხეთ. ბევრი ექსპერტი, საერთაშორისო გამოცდილების ინჟინერი ინტერესდება ჩვენით და ადგილობრივი კადრების გარდა, სხვა ქვეყნებშიც ვეძებთ პროფესიონალებს. რამდენიმე ქვეყნიდან გვყავს კიდეც თანამშრომლები, მათ შორის უკრაინიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან და ა. შ., რაც საბოლოოდ კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს და გამოცდილებას და შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ინოვაცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

10 ქართული შრიფტი, რომელიც გრაფიკოს დიზაინერს უნდა ჰქონდეს

ხელოვანი უსარგებლო ნივთებს აბსტრაქტულ ფიგურებად აქცევს