ტექნოლოგიები და ახალი თაობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სკოლის ასაკის ბავშვები რომ უფროსებზე კარგად მეგობრობენ გაჯეტებთან, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. საჭიროა, რომ მათი ეს მიჯაჭვულობა და ტექნოლოგიებთან მეგობრობა სასარგებლო მიმართულებით წავიდეს, მოსწავლეებმა მცირე ასაკიდანვე გაიაზრონ ტექნოლოგიით ცოდნის მიღებისა და საქმის კეთების მნიშვნელობა და ამ დროიდანვე მიეჩვიონ პროცესებს, რომლებიც მოგვიანებით აუცილებლად დასჭირდებათ, იმის მიუხედავად, თუ რა პროფესიას დაეუფლებიან საბოლოოდ. თანამედროვე ტექნოლოგიები დიდ გავლენას ახდენს სამყაროზე და მის მომავალზე, შესაბამისად, ადამიანებიც სულ უფრო მეტად ერთვებიან ამ სფეროში და ახალ რეალობაში გადადიან.
თიბისი, რომელიც ტექნოლოგიებისა და განათლების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია საქართველოში და ამას მრავალი სხვადასხვა პროექტით ამტკიცებს, კიდევ ერთ საინტერესო, ამჯერად მოსწავლეებზე ორიენტირებულ პროექტს გვთავაზობს, რომლის მიზანიც მე-10-11 კლასის მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიების გაცნობა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა.
ახლა კი უკეთ გაგაცნობთ პროექტის დეტალებს:
სკოლის მოსწავლეებს თიბისი განათლების პროგრამას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა აქტივობისგან შედგება: ვორკშოპები, ონლაინ კურსები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა. პროგრამა ორ მიმართულებას მოიცავს: გაცნობითი ხასიათისა და სასწავლო კურსებს. აქედან პირველი სულ 7 შეხვედრისგან შედგება, მას ტექნოლოგიების საფუძვლები ჰქვია და ორიენტირებულია მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების გაცნობაზე. აღნიშნული კურსი მოსწავლეებში გაზრდის თვალსაწიერს და უმაღლესი განათლების მიმართულების არჩევაში დაეხმარება. გარდა ამისა, სწავლების ონლაინ რეჟიმი მოსახერხებელი იქნება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მოსწავლისთვის, რომელსაც აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა.
რაც შეეხება მეორე, კონკრეტულ მიმართულებებად დაყოფილ სასწავლო კურსებს, ისინი სამთვიანია და ამ სფეროს სპეციალისტები 20 შეხვედრის განმავლობაში ასწავლიან ვებგვერდების შექმნას, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნასა და კომპიუტერული თამაშების შექმნას. თითოეული კურსის სილაბუსი ისეა შედგენილი, რომ ამ მიმართულების ირგვლივ მოსწავლეს სრულფასოვანი ცოდნა მისცეს, მოსწავლეებმა შეძლონ ტექნოლოგიურ პროექტებზე დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა და გამოიმუშაონ არა მხოლოდ არჩეული საგნისმიერი, არამედ ზოგადად, თანამედროვე საქმიანი უნარები, რაც მომავალში პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო – შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა.
წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე“, – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა სანდრო ასათიანთან ერთად შემუშავდა. სანდრო ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.
„ახალი ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობენ. ის, რასაც კაცობრიობა მითებში და ზღაპრებში ინახავდა, დღეს ტექნოლოგიების დახმარებით რეალობად იქცა. ვირტუალური რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს, არარსებულ სამყაროებში ვიმოგზაუროთ.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავანახოთ, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებაში გვეხმარება. თიბისის განათლების პროგრამა აძლევს სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას შეისწავლონ და თავად შეასრულონ გარკვეული სამუშაო კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, რაც მისცემს მათ ბიძგს სამომავლოდ სწორედ შეარჩიონ პროფესია“, – სანდრო ასათიანი, „უნილაბის” დირექტორი.
აღნიშნულ პროგრამებში სკოლის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მის ფარგლებში თიბისის პარტნიორები არიან: ჯეოლაბი, უნილაბი, ექსპლორიუმი, USAID და PH International.
რეგისტრაცია 2 მაისიდან იწყება და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე www.tbceducation.ge.
[R]