17
Apr
2019

„თიბისიმ“ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

17 Apr 2019

თიბისიმ“ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. მათი თქმით, ეს მუშაობის მეთოდია, რომელიც პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს.

„ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, მეორე მხრივ კი საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს კონკრეტული პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას“.

„თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ მათი კომპანია საკმაოდ სწრაფად იზრდება, შესაბამისად, საჭიროა უფრო მოქნილი სამუშაო სისტემა.

„ძალიან სწრაფად ვვითარდებით, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზეც. ამ გაფართოების ფონზე, უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ, ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის მუშაობის პროცესი ბევრად საინტერესო გახდება.“

„თიბისი“-ში ამბობენ, რომ ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა სტანდარტული იერარქიული სისტემისგან განსხვავებულია – დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.

„ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულებია. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფა გუნდებად. გუნდი დამოუკიდებელი, თვით ორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. შედგება, მაქსიმუმ, 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. გუნდები, ერთიანი ძალისხმევით, ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას“.

ლეგიონი, როგორც „თიბისიში“ ამბობენ, ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც 5-10 წევრისგან შედგება.

„ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა, იმავდროულად, გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას. გარდა ამისა, არსებობს ლიგებისგან დამოუკიდებელი ერთეულები – ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება ლიგებსა და გუნდებში“.

„თიბისის“ ინფორმაციით, ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა უკვე 500-მდე თანამშრომელმა დაიწყო და ტრანსფორმაცია, ეტაპობრივად, მთელ კომპანიაში განხორციელდება.

განხილვა