ზამთრის დიდ ზეიმამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 16 თებერვლიდან 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ მასშტაბურ ღონისძიებას ათასობით ადამიანი მოუთმენლად ელოდება. ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება და სათხილამურო ფედერაცია უმასპინძლებს, რომლის მხარდაჭერები არიან თიბისი და სილქნეტი. სამი კვირის განმავლობაში, მსოფლიო სპორტის სამყაროს ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მომართული. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობისთვის 42 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს.
სპეციალურად ჩემპიონატისთვის, თიბისის ინიციატივით შეიქმნა ვიზუალური სტილი, რომელზეც სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. მასშტაბური ღონისძიების მხარდაჭერაზე თიბისის მარკეტინგის ხელმძღვანელი მაკუნა თავბერიძე, ვიზუალური სტილის კონცეფციასა და შესრულებაზე კი – Playmakers-ის თანადამფუძნებელი კოკა ქამუშაძე და გრაფიკოსი დიზაინერი რუსლან ბერიძე გვიყვებიან.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი თიბისისთვის ამ ჩემპიონატის მხარდაჭერა?
მაკუნა თავბერიძე: თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, მთა და მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები ძალიან ორგანულია და ახლოს დგას მის მოწოდებასთან, რომელიც აღმოჩენებისკენ სწრაფვას ითვალისწინებს, რაც თავისთავად თავისუფლების შეგრძნების განსაზღვრულ ხარისხს მოითხოვს.
ის, რომ დღეს საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, ბევრი ადამიანის დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთა და მთის კურორტების განვითარება, რისთვისაც მხარდამჭერ პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებს ჩვენი 30-წლიანი ისტორიის მაძილზე სხვადასხვა ფორმით მუდმივად ვახორციელებლდით.
M: ჩემპიონატის სპეციფიკიდან გამომდინარე, რა იყო შემოქმედებითი ჯგუფის ამოსავალი წერტილი ბრიფზე მუშაობისას?
კოკა ქამუშაძე: ზოგადად, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია ყველა ქვეყნისთვის და ეს იქცევა ხოლმე საყოველთაო დღესასწაულად, განურჩევლად იმისა, ხარ თუ არა ამ სპორტის გულშემატკივარი. შევეცადეთ ეს სიხარული ვიზუალურად გამოგვეხატა, ყველას თვალში მოხვედროდა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო ჩვენს ქვეყანაში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ბაკურიანში.
ეს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება სამთო–სათხილამურო სპორტის ე.წ ფრისტაილ სახეობებში. სწორედ ამ სიტყვებს დავეყრდენით ჩვენც და შევქმენით „ვიზუალური ფრისტაილი“, რომელშიც ბევრი სხვადასხვა სტილი და ელემენტი ერთმანეთთან საკმაოდ თამამად არის შერწყმული.
M: როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია და რას გულისხმობს ის?
კოკა ქამუშაძე: კონცეფციაზე მუშაობისას განვსაზღვრეთ ძირითადი სამიზნე აუდიტორია, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ სპორტი, არა მისი რომელიმე კონკრეტული სპორტული სახეობა, არამედ ზოგადად, სპორტი. ჩვენი დაკვირვებით, ეს ადამიანები აქტიურად ადევნებენ თვალს სხვადასხვა სპორტულ მოვლენას და სპორტულ მედიებს. შესაბამისად, მათ ზუსტად იციან თანამედროვე ტენდენციები, თუ როგორ ვიზუალური სტილისტიკა და მედიაგაშუქება აქვს დიდ მსოფლიო ფორუმებს – იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა, ჩემპიონთა ლიგა თუ NBA.
მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი ნამუშევარიც ზუსტად იმ ხარისხის ყოფილიყო, როგორსაც ეს ადამიანები არიან მიჩვეულები – თამამი, ფერადი, მკვეთრი და თანამედროვე. მეორე მხრივ, თოვლი არის ის, რაც ბავშვობაში გვაბრუნებს, ამიტომ სპორტულ და თანამედროვე ელემენტებთან ერთად გვინდოდა, თბილი და ბავშვური დეტალების შემოტანაც. სწორედ ასე გაჩნდა პიქსელური შრიფტის და ფერადი ფიფქების იდეა, რომელიც ბავშვობაში დაკეცილი ქაღალდზე მაკრატლით ამოჭრილი ფიფქების ფორმებს იმეორებს.
ჩვენ მიერ შექმნილი ვიზუალურ სტილი გაიშლება ბევრი მიმართულებით: სოციალურ მედიაში, აუთდორში, მერჩენდაიზში და ასევე ჩემპიონატის პერიოდში შეიქმნება დიდი რაოდენობის ვიდეო-კონტენტი, რომელშიც ეს სტილი იქნება გამოყენებული.
M: როგორია ჩემპიონატის ვიზუალური სტილის სიმბოლური დატვირთვა?
რუსლან ბერიძე: ვიზუალის ძირითადი დატვირთვა მოდის რეალური ფოტოსა და რამდენიმე გრაფიკული ელემენტის შერწყმაზე. ერთი მხრივ, გვაქვს თავად სპორტული ღონისძიების ფოტოები, რომელიც ძალიან დინამიკური და ექსტრემალურია, ხოლო მეორე მხრივ, დიდი ზომის ფერადი ფიფქები, როგორც გრაფიკული ელემენტები სადღესასწაულო განწყობის შემოსატანად. ასევე, ძალიან საინტერესო პიქსელური შრიფტი, რომელსაც თამაშის ელემენტი შემოაქვს. ეს შრიფტი სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა.
M: უფრო ვრცლად, რას გამოხატავს ტიპოგრაფიკა?
რუსლან ბერიძე: თავდაპირველად შევქმენით პიქსელური შრიფტი და „აიქონები“. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კონცეფცია იყო „ვიზუალური ფრისტაილი“, არ გვინდოდა უკვე არსებული, რომელიმე ტრადიციული შრიფტის გამოყენება. ახალი შრიფტი ჩვენი ბავშვობისდროინდელი კომპიუტერული თამაშების შთაგონებით შეიქმნა. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ვიზუალურ მასალებზე დატანისას ეს შრიფტი ძალიან წააგავდა ზამთრის ჯემპრებზე (ე.წ. ირმებიან ჯემპრზე) არსებულ ნაქარგებს. ამ დამთხვევის შემდეგ დავრწმუნდით, რომ შედეგი ზუსტად ის იყო, რისი მიღწევაც გვინდოდა.
[R]