22
Feb
2019

თიბისის მობაილბანკს ხმოვანი ასისტენტი დაემატა

22 Feb 2019

„მე შემიძლია, გადაგარიცხინო თანხა შენს შაბლონებთან, მითხარი ასე: „გადაურიცხე 25 ლარი გივის“ – თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი დაემატა. ამისთვის, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე უნდა დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს და უთხრას, რომელ შაბლონთან, რამდენი ლარის გადარიცხვა სურს. მობაილბანკის ხმოვანი ასისტენტი თიბისიმ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულ კომპანია Pulsar AI-სთან ერთად შექმნა.

გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული ბანკის განვითარების ხელმძღვანელი: თიბისი ბანკის სტრატეგიული მიმართულება ციფრული არხების განვითარება და დიჯიტალიზაციაა, რაც თავის მხრივ, იმას ემსახურება, რომ ჩვენს მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მიღება გავუმარტივოთ. ხმოვანი ასისტენტის შექმნა და მობაილბანკში ჩაშენებაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება – ფინანსური სერვისების მიღების პროცესები უფრო ავაჩქაროთ და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გავხადოთ.

ეს პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტია. დღევანდელი მოცემულობით, შესაძლებელია მხოლოდ სხვასთან გადარიცხვა, თუმცა ხმოვანი ასისტენტი კიდევ ბევრ რამეს ისწავლის. ზოგადად, მობაილბანკის სხვა სერვისების შესრულებასაც უზრუნველყოფს მომავალში.

რეალურად, ხმოვანი ასისტენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო ინდუსტრიისთვის იმიტომ, რომ ამ ინოვაციური პროდუქტით, თიბისი, მსოფლიოს მასშტაბით, იმავე ბანკების ადგილას დგება, როგორიცაა, მაგალითად, Bank of America. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია თვითონ ქართული ენის განვითარებისთვის, ციფრულ სამყაროში.

განხილვა