in ,

TBCTV ADVERTISING-ის წარმატება კიევის სარეკლამო ფესტივალზე

დავით ჯიბლაძესაქართველომ, კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  ღირსეული კონკურენტია და მის წარმატებას უნიკალური იდეები განაპირობებს. „კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე“  TBCTV ADVERTISING თავისი ნამუშევრებით წარსდგა და რამდენიმე ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელიც გახდა. KIAF-ის ფესტივალზე მიღწეული წარმატებისა და მოპოვებული ჯილდოების შესახებ TBCTV AD-ის კრეატიულმა დირექტორმა, დავით ჯიბლაძემ, „მარკეტერთან“ ისაუბრა.

M: რა ნამუშევრები წარდგეთ ფესტივალზე?

ფესტივალზე ფილმის კატეგორიაში გავიტანეთ შვიდი პროექტი, მათ შორისაა: Saga-ს კამპანიის სამი ვიდეო, სერიიდან – „ყველაფერი ასე მარტივი არ არის“, Swiss Capital-ის კამპანიის სამი ეპიზოდი – „სისწრაფე მნიშვნელოვანია“ და IveriaBet-ის ერთი რეკლამა – „მოხუცი წყვილი.“

M: რა ჯილდოები დაიმსახურეთ და რომელი ნამუშევრისთვის?

მივიღეთ ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო:

  • ვერცხლი – Swiss Capital-ის რეკლამით, „ზომბი“;
  • ბრინჯაო – Saga-ს რეკლამებით: „სექსუალური აღზრდა“ და „პირველი ქართველი კოსმოსში“;
  • ბრინჯაო – IveriaBet-ის ვიდეოთი, „მოხუცი წყვილი“ .

 

 

 

M: როგორი იყო კონკურენცია თქვენს კატეგორიებში?

აქ კონკურენციას გვიწევდა ძალიან მაღალი დონის ნამუშევრები, მაგალითად, როგორიცაა OK GO & S7 Airlines – Upside down and inside out.  ბიუჯეტი და სხვა რესურსები სარეკლამო ფესტივალზე გადამწყვეტია, განსაკუთრებით,  ვიდეო კატეგორიაში. გამარჯვების მოსაპოვებლად ისეთი ინოვაციური და გენიალური იდეა უნდა გქონდეს, რომელიც შენი კონკურენტის ყველანაირი რესურსის უპირატესობას გადაფარავს. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს მოახერხა კონკურსზე ლევან ლეფსვერიძემ და მისმა გუნდმა თავიანთი 100% Real Virtual Reality-ით. საიტერესო მარკეტინგული კონცეფციის მოფიქრებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გენიალურად გამოყენებით, მათ ისეთი უნიკალური პროდუქტი შექმნეს, რომელმაც ძალიან დიდბიუჯეტიანი კონკურენტის უპირატესობა დაჩრდილა!

M:  რა მოლოდინები გქონდათ ამ ფესტივალთან დაკავშირებით?

ვცდილობ, არ მქონდეს არანაირი მოლოდინი ნებისმიერი კონკურსიდან, რადგან იმედგაცრუება განსაკუთრებით მტკივნეულია. KIAF-ზე ვფიქრობდი, რომ გამარჯვების შანსი არ იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენიმე დიდი პრიზი მოვიპოვე. ამავდროულად, უნდა გახსოვდეს, რომ ყველანაირი ხელოვნების შეფასება თავისთავად სუბიექტური პროცესია და არასოდეს იცი, როგორი რეაქცია ექნება იმ რამოდენიმე ადამიანს, ვინც შენს ნამუშევარს აფასებს. ასე რომ, ყოველთვის უკეთესია ნაკლებს ელოდე და მეტი გაგიხარდეს, ვიდრე პირიქით.

TBCTV AD

M: კმაყოფილი ხარ მიღებული შედეგით?

ჩემდა გასაკვირად, – კი! ამჯერად ჩვენმა სააგენტომ ოქრო ვერ მოიპოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, Leavingstone-ის წარმატება გვაქვს საამაყოდ. აქვე მინდა დავამატო, რომ თავის დროზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია რეკლამამ “სექსუალური აღზრდა”. ბევრისგან მივიღეთ შენიშვნა, რომ ზედმეტად დავარღვიეთ ეთიკური ნორმები. როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მთლად ესეც არ ყოფილა!

M: როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება საქართველოს მარკეტინგულ ინდუსტრიაში ღირსეული კონკურენციის გასაწევად?

არაფრისმთქმელი, ლამაზი “დასვლური სტილის” რეკლამების კეთება მსოფლიო აღიარებას ვერ მოგვიტანს. მსოფლიოს მარკეტინგის ღირსეული კონკურენციის გასაწევად საქართველოს მარკეტინგული ინდუსტრიის ერთადერთი შანსი, უდაოდ ორიგინალური და აღმაფრთოვანებელი იდეებითაა შესაძლებელი.

„კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი“ (KIAF) უკვე მე-17 წელს ითვლის და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფესტივალად ითვლება. KIAF-ის ჟიური წელს განსაკუთრებით ძლიერი კადრებით იყო დაკომპლექტებული. ორგანიზატორების მიერ დანერგილი ონლაინ შეფასების სისტემის მეშვეობით, მათ ფესტივალში დიდი რაოდენობით უცხოელი პროფესიონალების ჩართვა მოახერხეს და კატეგორიის პრეზიდენტებად სუპერვარსკვლავები დანიშნეს, რაც თავისთავად, ფესტივალის ხარისხზეც აისახა.



Cornetto-მ ღალატის საწინააღმდეგო ბეჭდები შექმნა

ია დარახველიძემ Leavingstone-დან HOLMES&WATSON-ში გადაინაცვლა