in

საბავშვო ნაქსოვი პლედები – “თბილიჰობი”

Startauperi
Startauperi

“თბილიჰობი” დები დუმბაძეების მიერ შექმნილი ბრენდია, რომელიც საბავშვო ნაქსოვ პლედებს აწარმოებს. ფერადი და თბილი მატერიები მათ პროდუქციას საკმაოდ მრავალფეროვანს ხდის. როგორც თავად ამბობენ, ცდილობენ, პლედები მაქსიმალურად ბავშვებზე მორგებული გახადონ, თუმცა, პლედების დამზადებას უკვე ზრდასრულებისთვისაც ფიქრობენ. იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და რა გეგმები აქვს “თბილიჰობს”, მის დამფუძნებლებს, ქეთი და მარიტა დუმბაძეებს გავესაუბრეთ:

ქეთი დუმბაძე:

ქსოვის იდეა ბოლო რამდენიმე წელია მაქვს, მინდოდა საქსოვი მანქანის ყიდვა და თავდაპირველად ჩემთვის სასურველი ნივთების თუ ტანსაცმლის ქსოვის სწავლა. შემდგომ მიმავიწყდა კიდეც ეს სურვილები, მაგრამ ერთი პერიოდი, თბილისში რომ  ნაქსოვი მოსაცმელების ბუმი იყო, დედას ორივე შევუჩნდით რომ მოექსოვა, ისეთი კარგი გამოვიდა გადავწყვიტეთ რამე ამგვარი გაგვეკეთებინა.

მარიტა დუმბაძე:

შემდგომ, სხვა სურვილებმაც ჩაანაცვლა და შეავსო ეს იდეა: ფეხმძიმედ ვიყავი, მალე ბავშვს ველოდებოდი და ვეძებდი ჩემთვის სასურველ საბავშვო ნივთებს, პლედებს, საბავშვო კონვერტებს და ა.შ.. სამწუხაროდ, ფართო არჩევანი აქ არ იყო და ისევ ჩვენ თვითონ მოვახერხეთ სასურევლი ნივთების ხელით მოქსოვა.

ძალიან  მინდოდა, შემეძინა საბავშვო პლედი, რაიმე მკვეთრ ფერებში, თუმცა რასაც ვნახულობდი იყო ძალიან ღია ტონებში, მე ცოტა ცოცხალი ფერები მინდოდა, ბავშვის ფოტოებში ეფექტურად აღსაქმელი და, ასე ვთქვათ, ჩვენს თავს ისევე ჩვენვე მივხედეთ.. ასე გაჩნდა ,,თბილიჰობის“ იდეა, საბავშვო ყველაფერი ასოცირდება სითბოსთან, დადებით აურასთან, ხოლო ჰობი რადგან ეს ჩვენი პირველადი პროფესია არ არის და თავდაპირველად როგორც ჰობი ისე გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში – ეს სახელი ამიტომ მივუსადაგეთ. ახლა უკვე აღმოვაჩინეთ, რომ  ოჯახის ჰობი ჩვენს საქმედაც გადაიქცა.

ლოგოც ისევ ჩვენ გვიკავშირდება, ჩვენს ოჯახს წითელ საყელოებიანი კანე კორსო ამშვენებს და კიდევ უფრო მეტ სითბოს სძენს. თავად ლოგოს ამ ფორმით თქვენამდე მოტანაში დაგვეხმარა ჩვენი მეგობარი, დიზაინერი ანა ცხვარიაშვილი და ამდენ მოწონებას რომ იმსახურებს სწორედ მისი დამსახურებაა.

M: შედარებით კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი პროდუქცია ჯერჯერობით იქმნება მხოლოდ ბავშვებისთვის. პლედები გაწყობილია ქსოვილით და სხვადასხვა ხელნაკეთი დეტალებით. დიდი დრო ეთმობა ნაქსოვისა და ქსოვილის ფერთა შეხამებას, არის გამორჩეული, ხალისიანი, მკვეთრი ფერები, რომელიც თითქმის არ გვხვდება ადგილობრივად, გამოკრული აქვს ქსოვილი რადგან უფრო ნაკლებად ალერგიული იყოს ბავშვებისთვის. ერთი შეხედვით, დიდ მოწონებას იმსახურებს გარშემომყოფებისგან და გვთხოვენ უფროსებისთვისაც დავამზადოთ, თუმცა, ჯერჯერობით აღნიშნული დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ცოტა მეტი ცნობადობა გვჭირდება, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადაიდგას.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ პლედების დასამზადებლად?

ჯერჯერობით ვმუშაობთ აკრილის ნაქსოვზე, ხოლო პლედის შიდა მხარის ქსოვილებად უმეტესწილად შერჩეული გვაქვს სატინი, მოგეხსენებათ, აღნიშნული მზადდება ბამბის ნაერთებისგან, ზედმეტი მინარევების გარეშე და ვინაიდან პლედის შიდა მხარე არის ბავშვებთან შემხებლობაში, აუცილებლად უნდა იყოს მათთვის კომფორტული და ანტიალერგიული.

 M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა?

აუცილებლად  გვსურს, გავაფართოვოთ ასორტიმენტი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფროსებისთვისაც გავაკეთოთ როგორც პლედები, აგრეთვე საწოლის გადასაფარებლები; სხვათა შორის, საწოლის  ნაქსოვ გადასაფარებლებს რომ ვეძებდით, ჩვენი პირადი მოხმარებლისთვის, შეიძლება ითქვას, ადგილობრივად არც იყიდებოდა ან თუ სადმე წავაწყდებოდით, კოლოსალური თანხა იყო გადასახდელი, ჩვენ გვინდა, ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის და  ამიტომ ეს იდეა ჯერ კარგად დასამუშავებელია..

აგრეთვე,  შემოთავაზება გვქონდა ქართული სათვისტომოდან, რომ საზღვარგეთ გამართულ ფესტივალებში მიგვეღო მონაწილეობა და წარმოგვედგინა საქართველოში შექმნილი ჩვენი პროდუქცია, ამ მიმართულებაზეც ცოტ-ცოტას ვფიქრობთ..

M: როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა? 

ჯერჯერობით გვაქვს ფეისმბუქ ონლაინ მაღაზია, მომხმარებელს შეუძლია ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეგვიკვეთოს სასურველი პროდუქცია და თუ დამზადებული გვაქვს იგი, მომხმარებელს სამი სამუშაო დღის ვადაში უფასოდ მივაწოდოთ თბილისის მასშტაბით, ხოლო თუ დასამზადებელია – 7 სამუშაო დღის ვადაში; რაც შეეხება რეგიონებში მიწოდების სერვისს – ემატება საკურიერო მომსახურების საფასური;

M: როგორ ფიქრობთ, ვისზე/რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი?

მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროდუქციის ფასი ადექვატურია ხარისხთან მიმართებაში და ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ნაქსოვი პროდუქცია საკმაოდ ძვირია, ჩვენ პროდუქცია კი მიგვაჩნია, რომ ერთდროულად არის ხარისხიანიც და ხელსაყრელიც მომხმარებლებისთვის, ასევე, საუკეთესო საჩუქარია მომავალი და ახალბედა დედებისთვის.

Welcome on Board! და რა როლი გაქვს გუნდში?

უსაფრთხოების ბალიშები „სოციალური ზომბებისთვის“