“Tbilisi School of Communication“ 2019 წლის 15 იანვრიდან ფუნქციონირებას ოფიციალურად იწყებს. სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ლევან გომშიაშვილის თქმით, პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა და 80 ლექციას მოიცავს.

ლევან გომშიაშვილი: პროგრამა ჩატარდება ისტორიული მნიშვნელობის ამფითეატრში. 1995 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი პარლამენტის შენობაში, ამ ამფითეატრში საქართველომ მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ეს ამფითეატრი დღეს “The Biltmore Hotel Tbilisi“-შია, რომელიც ჩვენი მასპინძელი იქნება.
M: რა ისწავლება “Tbilisi School of Communication“-ში?
ლ. გ. : ჩვენს სკოლაში არის პროგრამა „სტრატეგიული კომუნიკაცია“, რომლის ფარგლებშიც, 8 საგანს ვასწავლით: პირველი – „შესავალი მარკეტინგში“. ორი კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ ყველასთვის საერთო საფუძვლის შესაქმნელად. ეს საგანი მიმართულია იმისკენ, რომ გავიხსენოთ და გადავიაზროთ მარკეტინგის ბაზა. შემდეგი იქნება „პროდუქტის ინოვაცია“. ამ საგნის გავლით, „ქეის სთადის“ საფუძველზე, გვინდა, ღრმად შევისწავლოთ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში, მისი განახლება და სწორი პოზიციონირების როლი კომუნიკაციაში. მესამე საგანი იქნება „ივენთები“. მოიცავს ღონისძიების მენეჯმენტის სიღრმისეული ცოდნის გაზიარებას და იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შესწავლას, რომელიც დაგვეხმარება სპონსორებისა და სწორი ადამიანების მოძიებაში, გამართულ მესიჯებს მიიტანს მომხმარებლამდე. შემდეგი არის „Data & Insights“. საგანი გულისხმობს მომხმარებლის ფსიქოლოგიის სიღრმისეულად შეცნობას, კვლევების სწორად აგებას და შედეგების სწორად გაანალიზების შესწავლას. მეხუთე საგანია „ბრენდ მენეჯმენტი“ და მოიცავს იმ ინსტრუმენტების დაუფლებას, რომელიც დაგვეხმარება ბაზარზე დიფერენციაცია, დივერსიფიკაცია და კომუნიკაცია მოვახდინოთ. „დიჯითალი“ ორიენტირებულია „დიჯითალ“ არხებში სასურველი შედეგის მიღებაზე, მონაცემთა ანალიზსა და ციფრული კომუნიკაციის ROI-ზე (ინვესტიციის ამონაგებზე). მეშვიდე თემა, „სტრატეგიული კომუნიკაცია“, დაფუძნებულია ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმის შედგენის უნიკალურ მეთოდზე, რომელიც დაგვეხმარება დავუახლოვდეთ სამიზნე აუდიტორიას. ბოლო საგანია „გადაწყვეტილების მიღება“. ჩვენ მიერ მოწვეული 10 ლიდერი (მსხვილი ქართული კომპანიების ხელმძღვანელები და არამარტო), გაუზიარებს საკუთრ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.
M: ვინ არიან სკოლის ლექტორები?
ლ.გ. : ჩვენი ძირითადი ლექტორები არიან: ნათია სვანიძე, გიორგი მირზიკაშვილი, გაგა დარსალია, უჩა ურუშაძე, სულხან ლაცაბიძე, ლადო მალაზონია და ირინა ეგაძე. მათ გარდა გვყავს 3 მოწვეული სპიკერი: ჯენიფერ ვონგი (2018 წელს Forbes-ის 30 წლამდე 30 მარკეტერს შორის საუკეთესოდ დასახელდა. არის Convoy-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფოსტერის ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორი), სიბი ტომასი ( სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია Dubai Opera-ში. მუშაობდა ბრენდებთან Apple, Jaguar, MasterCard, Christian Dior, Bvlgari, Hermes, Pandora) და პაულინა ზახი (არის Sila Sveta-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. კომპანია ცნობილია თავისი სასცენო დიზაინითა და 3D გამოსახულებებით. მის კლიენტებს შორისაა BMW, Lamborghini, Samsung). გარდა ამისა, კურსის განმავლობაში გვეყოლება სუპერ ვარსკვლავი სტუმრები, რომლებიც საკუთრ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს.
M: ვისთვის არის ეს პროგრამა?
ლ.გ. : ეს პროგრამა არის მათთვის, ვინც ყოველთვის შექმნის პროცესშია და არ ჩერდება, სურს თავის ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო ღრმა გახადოს. კურსი არამხოლოდ მარკეტერებისთვისაა, ის ძალიან ღირებული იქნება მენეჯერებისთვის და ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ კიდევ უფრო ჩართულები იყვნენ და ძალიან სიღრმისეულად იცოდნენ ყველაფერი, რაც მათი კომპანიის კომუნიკაციას შეეხება – ყველა ტექნიკური დეტალიც კი. „თბილისის საკომუნიკაციო სკოლას“ სურს, მათ ცოდნას ინსტრუმენტები შემატოს.
M: რა პროცედურებია გასავლელი სკოლაში მოსახვედრად?
ლ.გ. : გვაქვს სამი კრიტერიუმი: ლექტორები აფასებენ CV-ის, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრებას. ლექტორები ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ჩაირიცხოს. თითო ჯერზე, მაქსიმუმ, 35 ადამიანს მივიღებთ. იქნება ორი გამოცდა: პროგრამის შუაში და საბოლოო – თეზისი. საბოლოო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, ჩვენი კურსდამთავრებულის სტატუსი მიენიჭებათ. რაც ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის განათლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენი თვითმიზანი საერთოდ არ არის, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისწავლოს ან ვინმემ ვერ დაამთავროს – მთავარი განათლების ხარისხი და ჩვენი კურსდამთავრებულის შემდგომი კვალიფიკაციაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამა არ იარსებებს.
M: ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. თქვენ რას სთავაზობთ განსხვავებულს, ან, რეალურად, ბაზარზე კიდევ ერთი სკოლის შექმნის საჭიროება არის?
ლ.გ. : ახლა, როდესაც ძალიან ბევრი „ექსპრეს-კურსია“, თუმცა ბაზარზე კადრების ნაკლებობა იგრძნობა, კიდევ ერთი კურსის შექმნის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. არსებობს საჭიროება სკოლის, რომელიც ლექტორებს საშუალებას მიცემს კათედრაზე ერთად მუშაობით ააწყონ ლოგიკური კურსი. არსებობს საჭიროება სკოლის, რომელიც უცხოელ, ძლიერ პროფესიონალებს ჩამოიყვანს და მათ ლექციებს პროგრამაში ჩააშენებს და როგორც რეზულტატი, მივიღებებთ ძლიერ, თანამედროვე პროფესიონალს კომუნიკაციის განხრით, რომელსაც პროგრამიდან დარჩება ის უახლესი ინსტრუმენტები, რომელსაც ყოველდღიურ პროფესიულ ცხოვრებაში გამოიყენებენ. „თბილისის კომუნიკაციის სკოლის“ პირველი პროგრამა – „სტრატეგიული კომუნიკაცია“ – სწორედ ასეთია.