in

როგორია ყველაზე მასშტაბური ქართული ფორუმი, დაარსებიდან 16 წლის შემდეგ? – Forum.ge

M2

მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, როდესაც პერსონალური კომპიუტერი ჯერ კიდევ დიდი იშვიათობა იყო ქართულ ოჯახებში, ხოლო ინტერნეტი კიდევ უფრო იშვიათი ხილი, არც სოციალური ქსელები და არც ქართული ინტერნეტ სივრცე გახლდათ განვითარებული და ონლაინ კომუნიკაციის ძირითადი საშუალება უცხოურ პლატფორმაზე რეგისტრირებული სხვადასხვა ჩეთი ან მესენჯერი იყო, თემურ ხაინდრავამ ქართული ინტერნეტ ფორუმი Forum.ge შექმნა.

იმ წლებში ბევრი სხვა საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნა და მალევე გაუქმდა, ამდენად, იმ დროისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ 16 წლის შემდეგ “თბილისის ფორუმი” კვლავ აქტუალური იქნებოდა, მიუხედავად სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების აქტიური განვითარებისა. აქ ინფორმაციის მოძიება ან საკითხის გააქტიურება ნებისმიერ საინტერესო საკითხზეა შესაძლებელი. დღესდღეობით, Forum.ge-ზე 154 000-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული, ხოლო ყოველთვიურად უნიკალურ მნახველთა რაოდენობა საშუალოდ 500 000-ია. განვითარების რა გზა გაიარა ყველაზე მასშტაბურმა ფორუმმა საქართველოში, როგორია ახლა და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, დამფუძნებელმა თემურ ხაინდრავამ გვიამბო.

M: რისთვის შეიქმნა Forum.ge და თუ ჰქონდა კომერციული მიზანი?

2001 წელს ქართული ინტერნეტი ისეთ მდგომარეობაში იყო, კომერციული მიზანი ვერ ექნებოდა (თუმცა ახლა ჩვეულებრივად იყიდება რეკლამა, როგორც სხვა საიტებზე). მაშინ სულ რამდენიმე ქართული საიტი იყო. შევქმენი იმიტომ, რომ ქართველებს სჭირდებოდათ ადგილი, სადაც შეიკრიბებოდნენ, საჭირბოროტო თემებზე ისაუბრებდნენ და ა.შ.

M: მთელი ამ დროის მანძილზე (2001 წლიდან დღემდე) ძალიან ბევრი საიტი შეიქმნა, თუმცა შემდეგ გაუქმდა. როგორ ფიქრობთ, რამ მოიყვანა Forum.ge დღემდე?

Forum.ge დღემდე მოიყვანა იმ “მომსახურებამ”, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს, ეს ყოველთვის არის მოთხოვნადი. ესაა ერთგვარი სერვისი – მაგალითად, გინდათ გაიგოთ, რა აჭამოთ აკვარიუმის თევზს? – არის ცხოველების მოყვარულთა თემებში, შეხვალთ, იკითხავთ და გაგცემენ პასუხს ან ვიღაცის მიერ უკვე დატოვებული ინფორმაცია გამოგადგებათ. ან, იქნებ, მანქანის რაღაც ნაწილი გაგიფუჭდათ და გაინტერესებთ, სად გაარემონტოთ? კომპიუტერის ნაწილები როგორ გამოცვალოთ, დრაივერი დააყენოთ, ბავშვს რა აჭამოთ?.. ნებისმიერ თემაზე არის პასუხი, ხოლო თუ არ არის, დაწერთ და მალევე გამოგეხმაურებიან. ეს ყველაფერი მოთხოვნადია და ამიტომაც დღემდე მუშაობს.

M: მაშინ ძირითადი სარეკლამო არხი ტელევიზია იყო. კომუნიკაციის რა ხერხებს მიმართავდით ინფორმაციის გასავრცელებლად, რითაც ამდენი ხალხი მოიზიდეთ?

ხალხის მოზიდვა რთული იყო. 2001-2002 წელს ინტერნეტი რთულად მისაწვდომი იყო და ძირითადად სამსახურიდან შედიოდა ხალხი ან Dial-up-ით, რომელიც ძვირი ღირდა. მე მიწევდა სათითაოდ მიწოდება ინფორმაციის, ხან ICQ-ში, ხან Mirc-ში, შემდეგ, რაღაც ეტაპზე, ხალხმა თვითონ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება და თავისთავად მოიმატა რაოდენობამ. რეკლამა საერთოდ არ გამიკეთებია არსად, word of mouth პრინციპით გადაეცემოდა ინფორმაცია.

M: ამ პერიოდის მანძილზე შეიცვალა რაიმე? როგორ განვითარდა ფორუმი?

ფორუმს აქვს მისი ფუნქცია, დაპოსტავ, წაიკითხავ. ბუნებრივია, დაემატა პატარა ფუნქციები, მაგრამ ძირითადად დარჩა ის, რაც იყო. დროდადრო, მომხმარებლები წერენ ხოლმე, ამდენი ხანია არსებობს და რატომ არ შეიცვალა? აქვთ ხოლმე ინიციატივა, მაგალითად: მოდით, შავი ფერი გავაკეთოთ, შეტყობინებების (Notification) განყოფილება დავამატოთ, ფონტი შევცვალოთ, მოწონების ფუნქცია დავამატოთ და ა.შ, თუმცა ეს ფორუმია და მსგავსი ფორმატი არ სჭირდება. მაგალითად, მოწონება რომ დავამატოთ, შესაძლოა ვინმემ გააყალბოს, თბილისის ფორუმზე კი ადამიანი ფასდება იმის მიხედვით, რას წერს, მისი აზრებით. ყოფილან მომხმარებლები, რომლებიც დაგვიბლოკავს, შემდეგ ახალი ფორუმი გაუხსნიათ და იმავე “ნიკით” დარეგისტრირებულან, რაც Forum.ge-ზე ჰქონდათ. როცა მათ ეკითხებიან, რატომ დაირქვეს ისევ ის “ნიკი”, პასუხობენ: “ხალხი ხომ უკვე მცნობს ამ სახელით და აქაც ხომ უნდა მიცნონ?!” ანუ, წარმოიდგინეთ, ეს უკვე ისტორიაა მათთვის, მათი პიროვნების ნაწილი. აქ მათი შეფასება მათი თემების, მათი ნაწერების მიხედვით ხდება და ეს უნდა იყოს ფორუმის მთავარი ფუნქცია. ბუნებრივია, შეიძლება დაემატოს ინსტრუმენტები, რაც ფორუმით სარგებლობას გაამარტივებს, მაგრამ მთავარია, რომ ესაა გარემო, რომელიც აზრის გამოთქმისა და გაზიარების საშუალებას აძლევს ხალხს.

M: თუ საიდუმლო არ არის, რამდენი მომხმარებელი გყავთ?

თვის მანძილზე 500 000 სტუმარი ჰყავს ფორუმს, ხოლო დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა, ამ მომენტისთვის, 153 566-ია.

M: როგორ ხედავთ თბილისის ფორუმის მომავალს?

ახლა ვაპირებთ მობილური აპლიკაციის დამატებას, ამჟამად ბეტა ტესტირება მიმდინარეობს და მალე იქნება ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებელს ფორუმით სარგებლობას გაუადვილებს.

როგორ დააკავშირა Burger King-მა McDonald’s-ის ჯამბაზი და IT-ის მთავარი გმირი?

„ღვინო – ქართული ხასიათით“ – ენდემური ჯიშებით შექმნილი ბრენდი Georgian Sun