7
Aug
2017

„თბილისი გარდენსის” საიტი awwwards.com-ის დღის ვებგვერდი გახდა

7 Aug 2017

„მოდი, წარმოუდგენელი წარმოიდგინე, ექსპერიმენტებს არ შეუშინდე და შექმენი ის, რაც ჩაიფიქრე!” ამ შემართებით დაიბადა “ლივინგსტონის” შავ ოთახში „თბილისი გარდენსის” ახალი ვებსაიტი, რომელსაც 4 აგვისტოს, awwwards.com-ზე, დღის საიტის საპატიო ჯილდო მიენიჭა. ყოველდღიურად, Awwwards-ის ჟიური ათეულობით ნომინანტს შორის არჩევს საიტს, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური იდეებით, უნიკალური დიზაინითა და ტექნოლოგიური შესრულებით. იმის გასაგებად, თუ როგორ მოხვდა გარდენსის საიტი მათ შორის, Leavingstone-ს შემოქმედებით გუნდსა და „თბილისი გარდენსის” მარკეტინგის დირექტორს – თეიკო ლომინაძეს ვესაუბრეთ.

ნიკოლოზ კუმბარი – Art Director, Leavingstone
“უმთავრეს მიზნად გარდენსის ცათამბჯენის სრულყოფილად წარმოჩენა თავიდანვე დავისახეთ. უძრავი ქონების ბაზარზე არსებული უამრავი საიტისგან გამორჩეული სანახაობის მისაღებად, გადავწყვიტეთ, ჩვენი პროექტის მთავარ გმირად სწორედ ეს სახასიათო შენობა გვექცია. ცათამბჯენის ტალღოვან კონტურებს საინტერესო, მარტივი ინტერაქცია მოვარგეთ ბინებზე ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად – ლიფტის მოძრაობის მსგავსად მთელი შენობა იოლად დაყვება სქროლს და სასურველ სართულზე ჩერდება. იდეის საიტად ქცევა არაერთი თვისა და ბევრი მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანის გულმოდგინე მუშაობის შემდეგ მოვახერხეთ. დიდი მადლობა მამუკა ოქრიაშვილსა და საბა ქავთარაძეს შენობის მთავარი რენდერისთვის, რომელიც საიტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და სტრუქტურითა და გამოყენებული მასალებით გარდენსის რეალური იერის იდენტურია.”

თეიკო ლომინაძე – Marketing Director, Tbilisi Gardens
“ვფიქრობთ ამ ტიპის ბიზნესისათვის, საიტი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, რომელიც მომხმარებელს პირველად და სასურველ შთაბეჭდილებას უქმნის, როგორც კომპანიაზე, ასევე პროექტზე. ჩვენს შემთხვევაში, ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ქონდა, რადგან თბილისი გარდენს ჩვენი პირველი პროექტია ამ ბაზარზე. გამოწვევა, რომელიც დავუსახეთ სააგენტოს თითქოს და მარტივი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ნაკლებად გვახსენდება საიტები, რომელიც ამ ამოცანებს აკმაყოფილებს. ინფორმაციული, საინტერესო, მარტივი, კრეატიული, თანამედროვე და მოკლედ რომ ვთქვათ user friendly – ჩვენი საიტი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. დღეს საიტი ჩვენი გაყიდვების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშნელოვანი საკომუნიკაციო იარაღია.”

გიორგი ავალიანი – Creative Director
“Awwwards.comის დღის საიტის ჯილდო გულის გახარების გარდა, გვარწმუნებს, რომ ლივინგსტონის შავი ოთახის შემოქმედებითი ვებ პროექტების გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გარდენსის საიტით ახალი ციფრული სივრცე შევქმენით, ვირტუალური ადგილი, სადაც ვეება შენობის დათვალიერება ნებისმიერი სტუმრისთვის მსუბუქი და კოხტა თავგადასავალია. მოქნილი ინტერაქციითა და აზრიანად განაწილებული სათქმელით, პროექტსაც უფრო საინტერესოდ ვუხსნით სტუმარს და პრაქტიკულ ინფორმაციასაც ლამაზად ვაწვდით. ”

გოგა ჩინჩალაძე – Front-end Developer
“ლივინგსტონის შავ ოთახში მოღვაწეობის ყველაზე დიდი უპირატესობა ყველა პროექტის უნიკალურობაა. ვინაიდან უნიკალური იდეებისთვის მზა გადაწყვეტილებები ძირითადად არ არსებობს ხოლმე, უამრავი დეტალის მოფიქრება და ხელით აწყობა გვიწევს. გარდენსის შემთხვევაშიც, დეველოპმენტის ყველაზე დიდი ნაწილი მთავარმა სანახაობამ, შენობის სქროლმა წაიღო. უამრავი ექსპერიმენტისა და ტესტირების შედეგად შევძელით სქროლის ინტერაქციის სტანდარტიზაცია სხვადასხვა ბრაუზერსა თუ მოწყობილობაზე. თუმცა მათთვის ვისაც სქროლი შეიძლება გაურთულდეს, დრაგისა და კლავიატურით ნავიგაციის შესაძლებლობაც დავამატეთ საიტს. გვინდოდა საიტზე ყოფნისას მომხმარებელს სწორედ ის ჰარმონია, ბუნებრივობა და კმაყოფილება ეგრძნო, რასაც ბრენდი ზოგადად აღძრავს, ამიტომ მიშკა ფანქველაშვილთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ ინტერაქციებზე და პარალაქსის ეფექტებზე.”

ანანო მიმინოშვილი – Graphic Designer
“თბილისი გარდენსის’’ ვებ-გვერდის დიზაინზე მუშაობისას, არაერთი საინტერესო ამოცანა გვქონდა. პირველ რიგში გამოვყოფდი მთავარ გვერდზე ,,ლიფტის’’ ინტერაქტიულ ელემენტს, შევეცადეთ პიქსელების ცოტა რაოდენობაში ყველა აუცილებელი ფუნქცია და ინფორმაცია ჩაგვეტია, თან რა თქმა უნდა სილამაზეზეც ვიზრუნეთ. ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ სართულებსა და აპარტამენტებს შორის ნავიგაციას, მომხმარებლისთვის მარტივი და სასიამოვნო რომ ყოფილიყო სასურველი ბინის არჩევა. ფუნქციურად თუ ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანი ნაწილების გარდა, ვებ-გვერდის ჩემთვის საყვარელი ნაწილია მენიუ, რომელიც მგონია რომ ლამაზად გამოიყურება და სასიამოვნოდ ლივლივებს.”

გარდა ამისა, gardens.ge უკვე აღიარეს დღის საიტად CSS Design Awards-ზე. „თბილისი გარდენსის” ვებგვერდი Awwwards.com-ზე ლივინგსტონის გუნდისთვის უკვე მეოთხე დღის საიტია. წინა გამარჯვებულ ნამუშევრებს აქ შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი.

 

Cast

Art Director: Nick Kumbari

Creative Director/Copywriter: Giorgi Avaliani

UI Designer: Anano Miminoshvili

Front-end Development: Goga Chinchaladze, Mishka Pankvelashvili

Renders: Mamuka Okriashvili, Saba Kavtaradze

Project Managers: Mariam Surmava, Catherine Meparidze

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] – SCROLLABLE SKYSCRAPER (სქროლვადი ცათამბჯენი), awwward.com-ზე დღის ვებგვერდად დასახელებისა და CSS Design […]