თბილისის რაიონული გამგეობების – ჩუღურეთი, დიდუბე, ისანი, გლდანი, მთაწმინდა, კრწანისი, საბურთალო, ნაძალადევი, ვაკე და სამგორი – ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე, რამდენიმე დღის წინ, გარეკანები განახლდა. გრაფიკულ ნამუშევრებზე სხვადასხვა რაიონში შემავალი მნიშვნელოვანი ძეგლები და ობიექტებია გამოსახული. სოციალური გვერდების დიზაინის განახლებასთან დაკავშირებით, მარკეტერი თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების საგენტოს უფროსს – ეკა ჯოჯუას ესაუბრა:
„გვინდა, ბევრი რამ შევცვალოთ ქალაქში, გავალამაზოთ, გავახალისოთ და სიცოცხლით სავსე გავხადოთ. ეს აისახება, როგორც ჩვენი სოციალური მედიის დიზაინში, ასევე, ქალაქის ქუჩების, მიწისქვეშების, კედლების გალამაზებაში. გვინდოდა, ყველა გამგეობის შემთხვევაში, ერთი კონცეფცია ყოფილიყო, უბრალო ფოტოები კი, მეტნაკლებად, არ ასახავდა კონკრეტული რაიონის იერსახეს. ამიტომ, ყოველი რაიონის შემთხვევაში, ყველაზე ცნობილი და ღირსშესანიშნავი მონუმენტები თუ ადგილები შევარჩიეთ, რა თქმა უნდა, გამგეობებთან შეთანხმებით. ფერად ვიზუალებზე ჩვენი კრეატიული განყოფილების დიზაინერმა – ზურა კირცხაიამ იმუშავა და ისინი, სტილის კუთხით, აერთიანებს თითოელ გამგეობას, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნებულია ინდივიდუალურობაც. იყო რამდენიმე უბანი, სადაც, შედარებით, მეტი ფიქრი დაგვჭირდა. თუმცა, სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ჩემი აზრით. საერთო ჯამში კი, ეს ნამუშევრები აუცილებლად გამოხატავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს 10 სხვადასხვა რაიონი დედაქალაქში და ათივე მათგანი, ერთმნიშვნელოვნად, ძვირფასი და ღირსშესანიშნავია“, – ეკა ჯოჯუა – თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების საგენტოს უფროსი.









