in

ერეკლე დეისაძე თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე: როცა სიტყვა ყოველთვის უსწრებს ბიტს

პირველი Tbilisi Hip-Hop Festival 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება და მუსიკასთან ერთად ჰიპ-ჰოპის ყველა კულტურულ განზომილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს

„მე თავს რეპერად არ აღვიქვამ.“

ერთი შეხედვით პარადოქსული განაცხადია არტისტისგან, რომლის ბოლო წლების შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰიპ-ჰოპის ენაზეა აგებული. თუმცა ერეკლე დეისაძის მუსიკალური სამყაროს გასაგებად ეს ყველაზე ზუსტი ამოსავალი წერტილია.

2022 წელს, ალბომ Am Enit Amen-ის გამოსვლის შემდეგ, Marketer-თან ინტერვიუში დეისაძე აღნიშნავდა, რომ ჰიპ-ჰოპი მისთვის მხოლოდ სათქმელის გადმოცემის მორიგი ფორმა იყო — ფორმა, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა ისევ შეცვლილიყო. სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედებითი გზის აღწერა ერთი ჟანრიდან მეორეში „გადანაცვლებით“ შეუძლებელია. დეისაძის მუსიკაში ჟანრი არასდროს ყოფილა იდენტობა; ის ყოველთვის ინსტრუმენტის როლს ასრულებდა.

ხან აკუსტიკური გიტარაა საჭირო, ხან ცივი post-punk ბასი, ხან მელოდიური ვოკალი, ხან მშრალი რეჩიტატივი, ხან კი მძიმე 808 ბიტი, რომლის ფონზეც სიტყვას დასამალი ადგილი აღარ რჩება. ცენტრში კი მუდმივად ერთი რამ დგას — ენა.

საინტერესოა, რომ დეისაძე ამ ხაზის სათავეს არც კლასიკურ პანკს უკავშირებს და არც ამერიკულ ჰიპ-ჰოპს. ბავშვობის მოგონებებში ის იხსენებს დიდ ბებიას, რომელიც უცენზურო შაირებს ეუბნებოდა, პატარა ერეკლეს კი პასუხის იმავე ფორმით დაბრუნება სურდა. მოგვიანებით ეს გამოცდილება ქართულ ზეპირსიტყვიერებასთან, მთის ბაიათებთან და ფუნაგორიებთან გადაიკვეთა. მისთვის რეპი უცხო მუსიკალური ფორმის ბრმა ათვისება არ არის — რითმული დაპირისპირება, ირონია და ცოცხალი მეტყველება ქართულ ტრადიციაში ისედაც არსებობდა. ბიტი თანამედროვეა, პრინციპი — გაცილებით ძველი.

მის დისკოგრაფიაში რამდენიმე მკვეთრი ეტაპი გამოიყოფა:

  • მელოდიური საწყისები (Iare, 2015): სადებიუტო სოლო ალბომი, რომელიც singer-songwriter ესთეტიკასა და პირად განცდებზე, სიყვარულსა და დაშორებაზე იყო ფოკუსირებული. აქ ტექსტი უშუალოდ მელოდიას ეყრდნობოდა.

  • Coldwave  და პროტესტი (Eko & Vinda Folio, 2012-იდან): თემო ეზუგბაიასთან შექმნილი პროექტი, რომელმაც ბრიტანული პოსტ-პანკი, cold wave და dream pop ქართულ ურბანულ ტექსტებთან გააერთიანა. ფრანგულმა ლეიბლმა Talitres-მა დუო საკუთარ კატალოგში შეიყვანა, 2019 წელს გამოვიდა ალბომი Therapy, რასაც ევროპული ტურნე და პარიზში Motorama-სთან ერთად გამოსვლა მოჰყვა.

  • სოციალური რეფლექსია და ბიტი (Am Enit Amen, 2022): ალბომი, რომელმაც ინტიმური განცდები მკვეთრი სოციალური დღის წესრიგით ჩაანაცვლა: უთანასწორობა, ეკონომიკური წნეხი, შრომა და კლასობრივი ბრძოლა. Dilla Al Sukhumi-სთან, Kay G-სა და Jeronimo-სთან თანამშრომლობით დეისაძე ჰიპ-ჰოპის გარე დამკვირვებლიდან უშუალოდ სცენის აქტიურ მოთამაშედ იქცა (ტრეკი „Love Song“, HaruTune-ის პროდაქშენით).

Am Enit Amen დოკუმენტური ხასიათის ჩანაწერია. დეისაძემ მას „სოციალური ენა“ უწოდა — ხელოვნებას არ შეუძლია სისტემის პირდაპირი შეცვლა, მაგრამ მას შეუძლია ეპოქის ტკივილი, შიშები და უსამართლობა ისე შეინახოს, რომ მათი გადაწერა შეუძლებელი გახდეს.

თუმცა ეს ჰიპ-ჰოპში საბოლოო გადაბარგება არ ყოფილა. 2023 წლის ნოემბერში Eko & Vinda Folio-მ მეორე ალბომი, Tavshekaveba, გამოუშვა — ისევ პოსტ-პანკ ჟღერადობითა და გიტარებით. დეისაძეს არ სჭირდება ერთი ჟანრის მიტოვება მეორეში გადასასვლელად; ისინი პარალელურ რეჟიმში თანაარსებობენ.

2026 წელი ამ წრებრუნვას კიდევ უფრო ნათლად ავლენს:

  1. თებერვალში გამოდის „მისამღერი“ (მუსიკა: ნიკა ხელაძე, პროდიუსერი: ზაზა ხუბუკელაშვილი, Bloom Music);

  2. მალევე ჩნდება „სადაც გამახედეს“ (SabanaYesYes-თან ერთად, ONEONEWORLD).

Sabana-ს დაკვირვება ამ ტრეკზე ზუსტად აღწერს მის ბუნებას: წინა კოლაბორაციებში დომინანტი რეჩიტატივი იყო, ამჯერად კი ინსტრუმენტალი თავიდანვე მოერგო დეისაძის მელოდიურ ვოკალს. 2015 წლის მელოდია, Eko & Vinda Folio-ს პოსტ-პანკი, Am Enit Amen-ის რეჩიტატივი და Tavshekaveba-ს ენერგია 2026-ში ერთიან გამოცდილებად შეიკრა.

ეს არ არის საკუთარი თავის უმიზნო ძიება სხვადასხვა მიმართულებაში — ეს ერთი ავტორის მიერ განსხვავებული ფორმების მორგებაა მთავარი იარაღისთვის: სიტყვისთვის. სიტყვა ხან მღერის, ხან რიტმულად ლაპარაკობს, ხან ირონიულია, ხან — მძიმე და სოციალური. ის გიტარის წინაც ისევე ბუნებრივად დგას, როგორც 808-ის დარტყმისას.

17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ის სცენაზე, წინასწარ რთულია თქმა, რომელი „ერეკლე დეისაძე“ წარდგება მსმენელის წინაშე — singer-songwriter, პოსტ-პანკის ვოკალისტი თუ ჰიპ-ჰოპის ავტორი. თუმცა ამის წინასწარ განსაზღვრა საჭიროც არ არის. მის კარიერაში ყველაზე თანმიმდევრული ხომ სწორედ ისაა, რომ ის არასდროს რჩება ერთ ფორმაში. ჟანრი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება სათქმელს, ხოლო ის, რაც ამ მუდმივ ცვალებადობას აერთიანებს, კვლავ ქართული სიტყვაა.

Must-Listen:

  • „სადაც გამახედეს“ (Prod. SabanaYesYes)

  • „ამ ენით ამენ“

  • „Love Song“ (ft. Dilla Al Sukhumi & Kay G)

    Tbilisi Hip-Hop Festival 2026 — ოფიციალური საინფორმაციო ბლოკი

    პირველი Tbilisi Hip-Hop Festival 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება და მუსიკასთან ერთად ჰიპ-ჰოპის ყველა კულტურულ განზომილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს:

    • 🏆 Red Bull Dance Your Style — ქუჩის ცეკვისა  1-on-1 ბეთლები.

    • 🎨 Graffiti Battle — ქართველი და საერთაშორისო არტისტების მიერ შექმნილი მონუმენტური ნახატები.

    • 🔊 Sioni Hi-Fi Soundsystem — ვინილის, რეგის, დაბისა და მძიმე ბასის ტრადიციული საუნდსისტემა.

    • 📸 ფოტოგამოფენა: „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ — ჟანრის საკულტო ფოტოარქივი.

    • 🎬 Cinema Zone — თემატური დოკუმენტური და მხატვრული ფილმების უწყვეტი ჩვენება.

    • თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026

    • კარები იხსნება: 12:00 საათზე

    • ლოკაცია: Factory Tbilisi (აკაკი წერეთლის გამზ. 114)

    • ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (11–17 წლის არასრულწლოვნები დაიშვებიან მხოლოდ ბილეთიან მშობელთან ერთად)

    • ბილეთები: ხელმისაწვდომია პლატფორმებზე TKT.GE და Biletebi.ge

    • ოფიციალური ვებგვერდი: tbilisihiphop.com

    • Spotify Official Playlist: Tbilisi Hip-Hop Festival Playlist

ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

გენერალური სპონსორი: betlive

მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Zoommer, Smart, JBL, McDonalds, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop

საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna +, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories

Illustration By: Lost & Found

PELE თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე: როცა საპირისპირო მხარე აღარ არსებობს

McDonald’s საკუთარ სარეკლამო ქსელს ქმნის