14
Feb
2020

თბილისში იმერსიული ხელოვნების ფესტივალი გაიმართება!

14 Feb 2020

მარტში თბილისში იმერსიული ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება. იმერსიული ხელოვნება თანამედროვე ციფრული მულტიმედია ხელოვნების ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი წარმოსახვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ცოცხლდება. შედეგად იქმნება სანახაობა, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. აღნიშნული ტიპის ფესტივალი პირველია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაშიც. მის შესახებ უფრო დეტალურად ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი კიკონიშვილი გვესაუბრა:

M: მოდით, დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის იმერსიული ხელოვნება..

იმერსია (ინგ. Immersion) არის გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა, როდესაც მთლიანად ხარ მოცული საგნით, არსით, იდეით, მთლიანად იძირები მასში. იმერსიული ხელოვნება თანამედროვე ციფრული მულტიმედია ხელოვნების ახალი მიმართულებაა, რომელთან ზიარების დროსაც დამთვალიერებელი მას აღიქვამს არა სიბრტყეზე, არამედ მთლიან სივრცეში მოცულია ხელოვნების ნიმუშებით.

იმერსიული ხელოვნება აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სინთეზია, რომლის საშუალებითაც არტისტი დღევანდელი ეპოქის ადამიანის წარმოსახვაში არსებულ იმიჯებს აცოცხლებს და ამით ქმნის სანახაობას, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.

იმერსიული წარმოდგენები სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებსა და დარბაზებში იმართება, თუმცა სივრცეებს შორის ყველაზე პოპულარულია დოუმი – გუმბათოვანი კინოთეატრი, რომლის შიგნითაც დამთვალიერებელი 360 გრადუსითაა გარშემორტყმული ამ წარმოდგენით. თბილისის იმერსიული ხელოვნების ფესტივალი სწორედ დოუმში გაიმართება.

M: ზოგადად მოგვიყევით თბილისის იმერსიული ხელოვნების ფესტივალის კონცეპტის შესახებაც – ზემო კითხვიდან გამომდინარე, რა ელის ვიზიტორს ამ ფესტივალის ფარგლებში? ამგვარი ფორმატის ფესტივალი არის პირველი საქართველოში – როგორი მოლოდინები გაქვთ?

ფესტივალი პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში. ზოგადად, ხელოვნების ეს მიმართულება იმდენად ახალია, რომ მაგალითად, პარიზში პირველად სრულმასშტაბიანი ფესტივალი 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა, სულ რაღაც ხუთი თვის წინ. შესაბამისად, მოლოდინები ძალიან დიდია, რადგან საქმე გვაქვს თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ახალ დარგთან, რომელიც ეს ესაა იბადება და ცოცხლდება. ქართველ ვიზიტორებს წინ ელით სანახაობა, რომლის ნაწილიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ცოტა ადამიანი ყოფილა.

M: დეტალურად მოგვიყევით, სად ჩატარდება ის, რომელ რიცხვებში და რით იქნება ეს ფესტივალი აქამდე არსებულ ფესტივალებს შორის გამორჩეული?

ფესტივალი 2020 წლის მარტში გაიმართება თბილისის ახალ, დიდ დოუმში, გუმბათოვან კინოთეატრში, რომელიც სულ მალე ჩამოვა, აეწყობა და დარჩება ქალაქში. მოგვიანებით ფესტივალის ლოკაციებს შორის იქნება ახლადგახსნილი ჰოლოგრამების მუზეუმი Holoseum, რომელიც ასევე უმასპინძლებს სხვადასხვა არტისტების წარმოდგენებს. რით იქნება გამორჩეული, ეს ყველაზე კარგად თავად ფესტივალის მსვლელობისას გამოჩნდება. რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ ისაა, რომ ასეთ გამოცდილებასთან ზიარება საქართველოში პირველად მოხდება და ეს ფესტივალი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე ჩატარებულა.

M: საიდან გაჩნდა იდეა, ამგვარი ფესტივალისთვის ჩაგეყარათ საფუძველი?

ბეთლემის 10 – ჯგუფი, რომელმაც თბილისს ილუზიების მუზეუმი და ახლა უკვე ჰოლოზეუმი შესთავაზა, დიდი ხანია საქართველოში ციფრული აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ახალი მიმართულებებისა და სრულიად ახალი გამოცდილებების გაზიარებებითაა დაკავებული. ფესტივალის იდეაც სწორედ ამ გუნდში გაჩნდა, რაც ლოგიკური იყო, რადგან იმერსიული ხელოვნება ამგვარ გამოცდილებებს შორის ყველაზე ახალი და შთამბეჭდავი განაცხადია დღესდღეობით.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მოეწონება ქართველ საზოგადოებას იმერსიული ხელოვნება? (რასაკვირველია მათ, ვისაც აქამდე არ უნახავს საზღვარგარეთ..)

ქართული საზოგადოება და ქართული კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა სიახლეებისადმი დიდი ინტერესითა და ღიაობით. თუკი გადავხედავთ თუნდაც მე-19 და მე-20 საუკუნეების კულტურულ და სახელოვნებო პროცესებს, ყოველთვის ფეხს ვუწყობდით ახალი დროის გამოწვევებსა და მოძრაობებს.

დღესაც, 10-იანი წლების ქართულმა კულტურამ – მუსიკალური და საკლუბო სცენა, ლიტერატურა, მოდის ხელოვნება და.ა.შ უდიდიესი აღიარება მოიპოვა არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გლობალური მასშტაბით. ხშირად კი ჩვენთან მიმდინარე პროცესები ინსპირატორი ხდებოდა რეგიონსა და ევროპის ქვეყნებისთვისაც, როგორც მაგალითად ელექტრონული მუსიკის სცენის შემთხვევაში.

20-იანი წლების ახალ კულტურაში კი ვფიქრობთ, იმერსიული ხელოვნების სცენის შექმნა და განვითარება, კიდევ ერთი ახალი განზომილება იქნება, რომელიც ღირებულ ძვრებს გამოიწვევს ადამიანების გონებასა და წარმოსახვაში.

M: რატომ ურჩევთ ხალხს, რომ ეს ამ ფესტივალს დაესწრონ? 

იმერსიული ხელოვნება იქმნება დღეს, აქ და ახლა, ესაა თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ახალი და ვიზუალურად საოცრად შთამბეჭდავი მიმართულება. ის უშუალოდ დღევანდელი ადამიანის წარმოსახვისა და შესაძლებლობების ნაყოფია, ამ სანახაობებს ადამიანი ფიზიკურად ვერ შექმნიდა თუნდაც ანტიკური ხანის ან რენესანსის გენიოსების ეპოქაში, რადგან ამის საშუალება ახალმა ტექნოლოგიებმა მოგვცა. ასე რომ, თუ გვსურს, ვიხილოთ, როგორია 21-ე საუკუნის ეპოქის ადამიანის წარმოსახვა, თუ გვსურს ვნახოთ, რა ხდება, რა ჩანს დღევანდელი ადამიანის გონებაში, ამისთვის იმერსიული ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა. ასე უფრო ახლოსაც გავიცნობთ ერთმანეთს ადამიანები, ჩვენი ახალი ფანტაზიებით.

M: როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

ფესტივალის მთავარი ამოცანა ქართული იმერსიული სცენის შექმნაა. ამისთვის გაიმართება სპეციალური ვორქშოპები ქართველი არტისტებისთვის და დარწმუნებულები ვართ, მათი ნამუშევრები ძალიან მალე მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზე დაიწყებენ მოგზაურობას; ხოლო საქართველოში, ვმუშაობთ, რომ თბილისის შემდეგ ფესტივალმა სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლოს. გვსურს, რომ ეს საოცარი გამოცდილება და აღფრთოვანება შეძლებისდაგვარად ყველას გავუზიაროთ.

ფოტოებზე გამოსახულია იმერსიული ხელოვნების პიონერების Société des Arts Technologiques (SAT) (მონრეალი, კანადა) შოუები და წარმოდგენები.

განხილვა