in

თბილისში ინოვაციური მაღაზია მოლარის გარეშე უკვე ერთი თვეა წარმატებით მუშაობს

კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით შექმნილი მარკეტი ერთ თვეზე მეტია რაც გაიხსნა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს არის სივრცე, რომელში შესულს არ დაგხვდებათ არც მოლარე და არც რიგი.

ქართულმა კომპანია FINA-მ შეიმუშავა და დააპატენტა მსოფლიოში უნიკალური ტექნოლოგია NOKA, რომელიც მომხმარებელს ყიდვის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ინოვაციურ მარკეტში ყიდვის პროცესი თითქმის არ განსხვავდება სტანდარტულ მარკეტში ყიდვის პროცესისგან. მომხმარებელი სასურველ პროდუქტებს ათავსებს კალათში, ხოლო სისტემა  გასასვლელში ავტომატურად ითვლის პროდუქციის ჯამურ ღირებულებას ყოველგვარი დასკანერებისა და მოლარის ჩარევის გარეშე, თანხას კი მომხმარებელი საბანკო ბარათის ან მობილურის საშუალებით იხდის.

სხვა მსგავს სისტემებთან შედარებით, როგორიცაა თუნდაც Amazon Go, NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები, ხელოვნური ინტელექტი და ამოცნობის რთული ალგორითმები. ასევე არ ხდება მომხმარებლის ბიომეტრიული ან სხვა რაიმე მონაცემის დამუშავება და შენახვა, სწორედ ამიტომ სისტემა არ საჭიროებს მძლავრი სერვერების განთავსებას და მისი დანერგვა სავაჭრო ობიექტზე არ მოითხოვს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ინვესტიციას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესში აკვირდებიან მომხმარებლის ქცევას და მიმდინარეობს სისტემის მდგრადობის ტესტირება. გასული ერთი თვის განმავლობაში NOKA მარკეტის მიმართ დაფიქსირდა მომხმარებლის მაღალი ინტერესი, ინოვაციურ ტექნოლოგიასთან  მომხმარებელი მარტივად ადაპტირდა და კონსულტანტის დახმარების გარეშე წარმატებით ართმევენ თავს ყიდვის ახალ პროცესს.

“გასული 2 წლის განმავლობაში ამ სისტემაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ყიდვის ყოველდღიურ პროცესს ავტომატიზებულს, მოქნილსა და სწრაფს ხდის. NOKA უნიკალური სისტემაა უამრავი უპირატესობით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: ფინანსური რესურსის დაზოგვა, ადამიანური რესურსის უფრო მნიშვნელოვან პოზიციებზე გადამისამართება, უკონტაქტო ყიდვის პროცესის ხელშეწყობა, დასკანერებისა და თვითმომსახურების თავიდან არიდება, პროდუქციის მაქსიმალური დაცვა ქურდობისგან და ა.შ. ვფიქრობთ, ეს არის სავაჭრო სფეროს მომავალი და უდიდესი ტექნოლოგიური ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ვაჭრობის პროცესებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.“ – აცხადებს კომპანია FINA-ს დამფუძნებელი დავით თოფჩიშვილი.

NOKA მარკეტი ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს გამოცადოს ყიდვის უახლესი ტექნოლოგია. მარკეტი მდებარეობს ვერაზე, კოსტავას მე-2 შესახვევის N3-ში.  დეტალურ ინფორმაციასა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.noka.tech.

 

[R]

როგორ იყენებს PayPal ტექნოლოგიებს უფრო ინკლუზიური პლატფორმის შესაქმნელად

„თიბისი დაზღვევის“ მარკეტინგის დეპარტამენტს მურთაზ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს