in

რა გელოდებათ წლევანდელ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე?

23 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით “თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალი უკვე მეთერთმეტე წელია, ტარდება და მრავალფეროვანი პროგრამით ცდილობს, საქართველოს კულტურული პოტენციალი კიდევ უფრო თვალსაჩინო და პოპულარული გახადოს. ფესტივალის მიზნობრიობასა და წლევანდელ გეგმებთან დაკავშირებით ფესტივალის დირექტორს, ეკა მაზმიშვილს გავესაუბრეთ:

 

M: ფესტივალი წელს მეთერთმეტედ ტარდება.. დაარსებიდან დღემდე რა მიზანი აქვს ამ ფესტივალს?

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზნები მრავალფეროვანია, დაწყებული კულტურული მიზნებიდან, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიზნებით დამთავრებული. ეს ფესტივალი, პირველ რიგში, არის კავშირი საზოგადოებასთან და ჯაჭვი, რომელსაც შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოაქვს. ჩვენ გვინდა, თბილისი იყოს კულტურული მოვლენების ცენტრი და ამ ფესტივალით ამას ვახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დიდი ფესტივალი, მან წლების განმავლობაში უმასპინძლა ყველაზე დიდ სახელებს – იმ კომპანიებსა და არტისტებს, რომლებიც დღეს ქმნიან გავლენას თეატრსა და კულტურაზე და, შესაბამისად, ჩვენს აზროვნებაზე.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ მსოფლიოს ნაწილი, რადგანაც კულტურის მიმართულება ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია კულტურული ტურიზმის განვითარება საქართველოში. ზუსტად ამ მიზნით დაფუძნდა ედინბურგის ფესტივალი 1947 წელს.

M: როგორც წესი, ზოგადად რა ხდება ხოლმე ამ ფესტივალზე?

ჩვენ მსოფლიო გამოცდილება გამოვიყენეთ, გვქონდა საერთაშორისო პროგრამა და პირველივე წელს გვქონდა ქართული სპექტაკლების პროგრამა. წელს ამას დაემატა არტ-ბაზარი. ყოველ წელს ფესტივალი ახალ სიცოცხლეს იწყებს. სულ გვიწევს აქამდე არსებული გამოცდილების ანალიზი, რადგანაც ფესტივალისთვის აუცილებელია განახლება – პროგრამით, მიმართულებით..

ჩამოდიან უცხოელი არტისტები, იდგმება სპექტაკლები და ცეკვები, ქართული სპექტაკლების პროგრამა, სადაც ჩვენ წარვადგენთ წინა სეზონის ქართულ სპექტაკლებს. ამისთვის კი ჩამოდიან უცხოელი შემფასებლები, ფესტივალები, თეატრები. თავიანთი ფესტივალებისთვის არჩევენ სპექტაკლებს, ან იქმნება კო-პროდუქცია, გადის ინფორმაცია ქართულ თეატრზე..

M: წელს როგორი იქნება ფესტივალი?

ჩვენ ვთქვით, რომ ყოველთვის გვეყოლება “დიდი სახელები” ფესტივალზე – ისინი, ვინც ქმნიან ამინდს სამყაროში. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ გვეყოლება კომპანიები, რომლებიც არ არიან ცნობილი. ნელ-ნელა შემოგვყავს ის სახელები პროგრამაში, რომლებიც გვინდა, რომ გავაცნოთ ქართველ მაყურებელს და სამყაროს. ამასთანავე, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით იქნება გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რადგანაც ეს უკვე არის ახალი სახვითი ენა.. ასევე, ფესტივალზე გვეყოლება დრამატული თეატრი, მულტიმედია ოპერა, მულტიმედია სპექტაკლები, თანამედროვე ცეკვა, outdoor სპექტაკლები, აკრობატიკა..

ჩვენთვის წელს ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვთანამშრომლობთ ბრიტანეთის საბჭოსთან და გვაქვს პროგრამა შშმ პირების მიმართულებით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ხელოვნებაში და ეს პროგრამა, რომლითაც ვხსნით ფესტივალს, სწორედ ამის მაჩვენებელია.

წელს ასევე გვაქვს, პირველი კოპროდუქცია ძალიან ცნობილ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ცეკვას ღია სივრცეში. ბრიტანელებთან ერთად სპეციალურად ამ ცეკვისთვის გვყავს მოწვეული 3 ქართველი ქორეოგრაფი, დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობს ამ კოპროდუქციაში და 5 ოქტომბერს ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი იგი. საინტერესო ექსპერიმენტია, რადგანაც მოცეკვავეების გარდა, მასში მონაწილეობას იღებენ არამოცეკვავეებიც.

აქვს უნდა ვახსენოთ ქართული სპექტაკლების პროგრამაც, რომელიც უკვე ძალიან პოპულარული გახდა და დაახლოებით 100 ადამიანი გვყავს სტუმარი მათზე დასასწრებად.

M: შეგხვდათ თუ არა სირთულეები ამ ფესტივალის სტრატეგიის შემუშავებისას?

დროთა განმავლობაში ფესტივალი გახდა იმდენად ძლიერი, რომ მას არ ეშინია სირთულეების. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამოსავალი და ყოველთვის ცდილობს ეს ფესტივალი უკვე არსებული წრე გაარღვიოს. ვინაიდან, წელს ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი, ვიცოდით, რომ სირთულეები შეგვხვდებოდა და ისინი უნდა გადაგველახა. ვცდილობთ, ფესტივალი მუდმივად დიდი მოულოდნელობა იყოს მაყურებლისთვის.

წვეროსანო მამაკაცებო, ყველაფერი თქვენი ბრალია! – Gillette საპარსს ვეღარ ყიდის

„ჩვენი მიზანია, შევქნათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის მომავალი საქართველოში“ – Coinetic