6 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „სტამბას“ Rooftop-ზე გაიმართა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია-პრეზენტაცია.
პრესკონფერენციას გაუძღნენ:
- ანდრია ბასილაია — ქალაქ თბილისის მერის მოადგილე
- ეკატერინე მაზმიშვილი — თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი
- ნათია გავარდაშვილი — ბიზნესის განვითარების დირექტორი კავკასიის რეგიონში, ვიზა
- ოთო ბერიშვილი — აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი
- დათა თავაძე — რეჟისორი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს წევრი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. 22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიისა და უკრაინის დასებს მასპინძლობს.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთია მსოფლიოს დიდ თუ პატარა ფესტივალებს შორის, რომელიც ყოველ წელს ცდილობს, გაუძლოს დროს და მაყურებლის მოთხოვნას. 14 წლის განმავლობაში ფესტივალის მიზანია, მაყურებელთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი — ტექსტი, თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი და შეიცნოს ჯერ კიდევ უცნობი კულტურა, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ.
ფესტივალი შედგება სამი ნაწილისაგან:
- საერთაშორისო პროგრამა, 30 სექტემბერი — 18 ოქტომბერი
- ქართული სპექტაკლების პროგრამა , 22 სექტემბერი — 27 ოქტომბერი
- ვორქშოპები, ტრენინგები, დისკუსია პროფესიონალებთან
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 30 სექტემბერს სტუდია Theatregallery-ის სპექტაკლით „თანამშრომლები“ იხსნება, რომლის რეჟისორიც ლუკაშ ტვარკოვსკია.
სტუდია Theatregallery თავისუფალი თვითგამოხატვის ადგილია, სადაც რეალობის თავიდან გამოგონებაა შესაძლებელი და რამდენიმე დისციპლინა იკვეთება: თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო და საცეკვაო ხელოვნება.
სპექტაკლში „თანამშრომლები“ რეჟისორი ლუკაშ ტვარკოვსკი და მისი ჯგუფი იმ ორიგინალური მულტიმედიური თეატრალური ფორმის ძიებას აგრძელებენ, რომელშიც გამოსახულება, ბგერა და მოქმედება მაყურებელს შეუცნობელ სამყაროში სრულ „ჩაძირვას“ უადვილებს. ამჯერად ეს მომავლის სამყაროა: კოსმოსური ხომალდის ბორტი, სადაც ექსპერიმენტი ტარდება.
7-8 ოქტომბერს ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია Flow Projects და Bormio-ს სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელშიც ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე თამაშობენ.
სპექტაკლში ვხედავთ ვინ და როგორ განიცდის გონებისათვის ამ მიუწვდომელ დროს, პანდემიით რომ დაიწყო და დანაშაულებრივი ომით გრძელდება — ორგანიზებული ცხოვრებიდან გაურკვევლობამდე, არავინ იცის. ასეა თუ ისე, აქ ვართ — „ბამბის მინდვრებით“ და გუნებაში დაუსრულებლად ვიმეორებთ კოლტესის პიესის ფრაზას: „აქ, სადაც მარტონი ვართ, ამ საათისა და ამ ადგილის უსაზღვრო მარტოობაში… მოდი, ვიყოთ უბრალოები, მარტოსულები. ამაყი ნულები“.
13-17 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრი / Royal District Theatre / Hessisches Landestheater Marburg (HLTM) წარმოადგენს სპექტაკლს „რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში“, რეჟისორი ნინო ხარატიშვილი.
რუმინელმა მწერალმა ქალმა, აგლაია ვეტერანიმ დაწერა რომანი ბავშვზე, რომელიც მისეულად აღიქვამს ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას — ოჯახი ყოველდღე საოცარი იმედით გადის ბეწვის ხიდს დაუნდობელ სამყაროში — სამყაროში, სადაც ადამიანებს სხეულებით ითვლიან, ილუზიებით ცხოვრება გარდაუვალია, მაგრამ იმედი ყველაზე მძლავრად გიზგიზებს…
14 ოქტომბერს იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედების კვლევის შემდეგად, მალ პელო წარმოგიდგენთ სპექტაკლს ,,გამოგონებები“/Inventions. ჯგუფის მიერ შექმნილი ტეტრალოგიის მესამე ნაწარმოებს, რომელიც ბახის მუსიკითაა შთაგონებული. „გამოგონებები“ იმ წინა ნაწარმოებებზე მუშაობის (ბახის მუსიკაზე, გოლდბერგის ვარიაციებზე) პროცესში მომწიფებული ნაყოფია, რომლებშიც ჩვენ ვაანალიზებთ, ვიაზრებთ და ღრმა ვიზუალიზაციის მეშვეობით წარმოვაჩენდთ იოჰან ბახის მუსიკალურ თხზულებათა სტრუქტურებს, ჰარმონიებს, ბგერებსა და განვითარებას.
17, 18 ოქტომბერს კომპანია — Cie QUE FAIRE? რეჟისორი სებასტიან ფუკოს სპექტაკლით „ომის რეპორტიორები“ წარდგება. „ომის რეპორტიორები“ თეატრალურ დოკუმენტური სპექტაკლია ბოსნიის ომის შესახებ — დღევანდელი მოვლენებისთვის აქტუალური მეტაფორა.
22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ქართული სპექტაკლების პროგრამა გაიმართება: წელს GEORGIAN SHOWCASE-ზე წარმოდგენილია 46 ქართული სპექტაკლი როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. ქართულ პროგრამაზე დარეგისტრირებულია 50 უცხოელი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, სომხეთი, სერბეთი, ხორვატია, ირანი, საბერძნეთი, იტალია, ყაზახეთი, კანადა, მონეტენგრო, ჩინეთი, ჩეხეთი. რეგისტრაცია გრძელდება და 80-ზე მეტ სტუმარს ველოდებით.
ფესტივალის მოკლე ისტორია:
14 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა 200-საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა.
ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისკენ.
მაყურებლის რაოდენობა: 77 200
წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. თბილისი უმასპინძლებს ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც არიან: ჯონ მალკოვიჩი, ინგებორგა დაპკუნაიტე, ნინო ხარატიშვილი, ლუკაშ ტვარკოვსკი და სხვა ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო ფორმის წარმოდგენებს.
საკონტაქტო პირი:
თამარ ლალიაშვილი
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995574771171
Email: [email protected]