თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2020 წელს მეთორმეტედ უნდა გამართულიყო. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კვლავაც უნდა ჩამოსულიყვნენ მსახიობები და ქართველი აუდიტორიისთვის მრავალფეროვანი დადგმები წარმოედგინათ. თუმცა, პანდემიის გამო სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად, ფესტივალიც ჩაიშალა. ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ოდნავი დაგვიანებით მაინც შეძლებდნენ მის ფიზიკურად განხორციელებას, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. ამიტომაც ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, არსებულ რეალობას მორგებოდნენ და ფესტივალის წარმოდგენები ონლაინ რეჟიმში შემოეთავაზებინათ. უფრო დეტალურად, გადავწყვიტეთ, ფესტივალის ორგანიზატორებს გავსაუბრებოდით:
M: როდის დაგებადათ ეს იდეა და რამდენად საჭიროდ აღიქვამთ ამ იდეის განხორციელებას დღევანდელ პირობებში?
ჩვენ ჯერ სექტემბერს ველოდებოდით იმედით. პროგრამა უკვე მარტში იყო მზად და იმედი გვქონდა, სექტემბერში სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდოდა. არადა სწორედ სექტემბრიდან დაიწყო დამძიმება. სათადარიგო თარიღებიც გვქონდა უკვე მოლაპარაკებული პარტნიორებთან – დეკემბრის. მაგრამ დეკემბერი ძალიან მალე გახდა არარეალური ფესტივალისათვის. ამიტომ გადავწყვიტეთ მაინც გაგვეკეთებინა სხვა ფორმით – ონლაინ. თეატრი არ არის ონლაინ ხელოვნება, არც თანამედროვე ცეკვა. თეატრს მაყურებელი სჭირდება, ის ცოცხალი კომუნიკაციის ფორმაა. სპექტაკლი, რომელსაც ონლაინ ნახავთ და ცხადში – ხშირად რადიკალურადაა განსხვავებული შთაბეჭდილება. მაყურებლის „ყოფნა“ იქ სადაც შემოქმედებითი აქტია, აუცილებელია. ეს ბევრად განსაზღვრავს სპექტაკლის ბედსაც. ამიტომ ონლაინ ის თემაა, რომელიც იმედი გვაქვს, მხოლოდ ერთხელ გამოგვადგება.
ონლაინ ფესტივალის ჩატარებას რამდენიმე მიზეზი აქვს – ადამიანების გამხნევებიდან დაწყებული ფესტივალის უწყვეტობის შენარჩუნება. როდესღაც მერე, ბევრი წლის მერე, ისტორიას რომ გადავხედავთ, გვეცოდინება, რომ ამ „ომის „პირობებშიც არ დანებდა თეატრი და კულტურა.
M: გვესაუბრეთ იდეის განხორციელების დეტალებზე – რა პერიოდი დაგჭირდათ, რა სირთულეები შეგხვდათ, როგორ შეარჩიეთ პროგრამა და ა.შ
ფესტივალის ორგანიზება დიდ შრომასთან და ბევრ რისკთანაა დაკავშირებული – პროგრამის შედგენა, ტექნიკური შესაძლებლობების განსაზღვრა; ლოჯისტიკის მოგვარება; თარგმანები, პრ მასალები; ხელშეკრულებებზე მუშაობა; გრაფიკის შედგენა და ასე შემდეგ. რადიკალურად განსხვავდება ონლაინ პროგრამაზე მუშაობა და არ არის ადვილი. პირველად ვიმუშაეთ და სირთულეებს და თავისებურებებს მგონი კი გავართვით თავი. შერჩევა კი მოხდა შემდეგი პრინციპით – სხვადასხვა დროს ფესტივალის პროგრამაში ნაჩვენები სპექტაკლები სხვადასხვა ჟანრის და ქვეყნიდან. სიმბოლურია რა თქმა უნდა იუმუნტას ნეკროშიუსის სპექტაკლით ონლაინ ფესტივალის გახსნა, როგორც როდესღაც დაიწყო ჩვენი საერთაშორისო ცხოვრება 12 წლის წინ.
M: რას იხილავს მაყურებელი ონლაინ ჩვენებებზე? პროგრამაზე გვესაუბრეთ დეტალურად..
საერთაშორისო პროგრამა და ქართული სპექტაკლების პროგრამა როგორც ყოველთვის !
M: გამომდინარე იქიდან, რომ წელს ფესტივალი არ ჩატარებულა, როგორ ფიქრობთ, როგორი შანსია ეს იმ აუდიტორიისთვის, რომელიც ყოველ წელს სულმოუთქმელად ელის ამ ფესტივალს და ზოგადად თეატრი უყვარს?
ონლაინ უკვე ბევრი მაყურებელი გვყავს . ეს პატარა შანსია, რომ შევახსენოთ აუდიტორიას, რომ ჩვენ სამუშაო მდგომარეობაში ვართ და რომ კულტურა არსად წასულა, თეატრი აქ არის და ცხოვრება კულტურის გარეშე არ არსებობს.
M: როგორი მოლოდინები გაქვთ?
მგონია, რომ ადამიანებს წავახალისებთ და უფრო გასაძლებს გავხდით ამ ჩაკეტილობას და სირთულეებს.
ადამიანის სიცოცხლე ყველა მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხს. კულტურა და თეატრი კი ამ ხარისხს ყველაზე მეტად განსაზღვრავს.