პანდემია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, სულ მალე, ჰაერს ჯაზის ნოტები ააცეკვებენ. ზეიმი თბილისური ჯაზ-ფესტივალიდან დაიწყება, რომელსაც ათწლეულების ისტორია აქვს და დედაქალაქში აკადემიური ჯაზის მოყვარულებისთვის, მსოფლიო ვარსკვლავებს უყრის თავს. შემდეგ, მხიარულება ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის სამდღიან დღესასწაულზე გადაინაცვლებს, წლის მიწურულს კი, დაღვინებულ განწყობაზე Jazz & Wine წამოგვეწევა. ზაფხულის დიდი გა-ჯაზ-ება აქტიურ ფაზაშია – 6 ივლისს, თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალი ერთიანად იხუვლებს და სამი დღის მანძილზე, დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს მსმენელებს. ჯაზის მოყვარულები ეროვნული მუზეუმის ღია სივრცეში შეიკრიბებიან და ზაფხულის ცხელ საღამოებს, ANTONIO SANCHEZ-ის კვარტეტის, BRANFORD MARSALIS-ისა და MONTY ALEXANDER TRIO-ს ჰანგებში გაატარებენ.
ფესტივალი თიბისი კონცეპტის აქტიური მხარდაჭერით ტარდება, რომელიც უკვე ათი წელია, Eastern Promotion-თან ერთად, საქართველოში ჯაზის საფესტივალო სეზონს უძღვება. წელს, თბილისის ჯაზ-ფესტივალის გარდა, მუსიკის მოყვარულებს შავი ზღვის მე-15 ჯაზ-ფესტივალსა და მე-5 Jazz & Wine-ზე დასწრების საშუალებაც მიეცემათ. პანდემიის მიუხედავად, თბილისის ჯაზ-ფესტივალი განსაკუთრებული ლაინაფით ხვდება მსმენელებს, რომლებსაც კონცერტებზე დასწრება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დოკუმენტის ან PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი წარდგენის საფუძველზე შეუძლიათ.
წლევანდელ საფესტივალო სეზონზე Eastern Promotion-ის მარკეტინგის მენეჯერი კახა კანდელაკი და თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ლიდერი მარიამ თავბერიძე გვესაუბრნენ.
M: მსმენელი დიდი ინტერესით ელის თბილისის ჯაზ-ფესტივალს. გვიამბეთ, ვინ არიან წლევანდელი შემსრულებლები?
ანტონიო სანჩესი ერთ-ერთი გამორჩეული დრამერია ჩვენს თანამედროვეობაში. გრემისა და ოქროს გლობუსის მფლობელია. ისაა ფილმ Birdman-ის მუსიკის ავტორი, რისთვისაც ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა და ოსკარზეც იყო წარდგენილი. მასთან ერთად, კვარტეტში, სამი ახალგაზრდა შემსრულებელია, საქსოფონისტი მიგელ ზენონი, ბასისტი სკოტ კოული და საქსოფონისტი მუსიკოსი დონი მაკკასლინი, რომელიც დევიდ ბოუის თანაპროდუსერი იყო და დევოდ ბოუის გარდაცვალების შემდეგ, მისი ალბომის გრემის ჯილდო სწორედ მას გადაეცა. ალტერნატიულ როკშიც მოღვაწეობს და ჯაზშიც – მის სტილს მომავლის ჯაზს უწოდებენ ხოლმე.
თბილისის ჯაზ-ფესტივალს დიდი ისტორია აქვს. ესაა მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების ფესტივალი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სრულიად განსხვავებულია წლევანდელი ლაინ-აფი – პანდემიამდე ასე დაგეგმვა რთულად ხერხდებოდა ხოლმე. სამი თაობის ტოპ ჯაზმენები მოდიან. საერთო ჯამში, სამი დღის მანძილზე, მსმენელს სამი თაობის ჯაზს მოვასმენინებთ. ეროვნული მუზეუმი სპეციალურ ექსპოზიციას აკეთებს და გამოფენის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

მეორე დღე ბრენფორდ მარსალისის კონცერტს დაეთმობა. ის ცნობილი ინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი და გრემის ჯილდოს სამგზის მფლობელია. 2002 წლიდან, ის საკუთარი ლეიბლის Marsalis Music დამფუძნებელია. ის, მის ძმასთან, ვინტონ მარსალისთან ერთად, რომელიც ლინკოლნ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია, უიშვიათესი ადამიანია, რომელიც ჯაზსა და კლასიკურ მუსიკასაც ერთნაირად მაღალ დონეზე ასრულებს. მარსალისების მუსიკალური ოჯახი ცნობილია. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ძალიან გახარებულია მარსალისების ჩამოსვლით და მთელ ოჯახს ლანჩზე პატიჟებს. ამას გარდა, კონსერვატორიის სტუდენტებს საჩუქრად ჩაუტარებს მასტერკლასს. კვარტეტში ყოველი წევრი ვარსკვლავია, მარტო ჯოი კალბერაცო რად ღირს… თავიანთი საავტორო კომპოზიციებით გამოდიან.
რაღაც კუთხით, პანდემიამ ხელი შეგვიწყო კიდეც, მაგალითად, მარსალისის ჩამოყვანას 10 წელზე მეტია ვცდილობდით. ახლა, როდესაც ევროპა ჩაკეტილია, მნიშვნელოვნად გამოუთავისუფლდათ განრიგი.
ბოლო დღეს უფროსი თაობისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ტრიო გვყავს – MONTI ALEXANDER იამაიკიდან, რომელიც ბობ მარლის მეგობარია. ძალიან იშვიათია ამ თაობის წარმომადგენლებში ისეთი მუსიკოსები, რომლებსაც ტურების ჩატარება შეუძლიათ.
M: პანდემიის პირობებში, როგორ შეძელით ორგანიზება და როგორ გეგმავთ კოვიდ-რეგულაციების დაცვას?
პანდემიის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაშიც მთელი მსოფლიო ვიმყოფებით, ღონისძიებები აღარ ტარდება. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ მოგვცა იმედი და გადავწყვიტეთ გვეცადა. ურთულესი იყო ასეთ მოკლე დროში დაგეგმვა, თუმცა Eastern Promotion-მა მოახერხა A კლასის არტისტების მოწვევა. გაგვიმართლა და ამ მუსიკოსებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, თავიანთ განრიგში შეეყვანათ საქართველო.
Eastern Promotion-მა მიიღო გადაწყვეტილება, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, თბილისს ჯაზ-ფესტივალზე დაეშვათ ის ადამიანები, რომლებსაც ორჯერ ექნება აცრა გაკეთებული ან წარადგენს პისიარის ან სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს – ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და სტუმრების უსაფრთხოებას ითვალისწინებს.
M: თქვენი შეფასებით, როგორ შეცვალა ჯაზ-ფესტივალების სერიამ ქართველი მსმენელი?
კახა კანდელაკი: „ჯაზ-ფესტივალმა ცნობადი გახადა ქვეყანა, რადგან არტისტებს დიდი წვლილი აქვთ ადგილმდებარეობის პოპულარიზაციაში. მაგრამ როდესაც ქვეყანაში ისეთი მუსიკოსები ჩამოდიან, როგორიცაა სტინგი, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, Jamiroquai და სხვები, საქართველოსადმი ინტერესი იზრდება. ამასთან, სულ ვცდილობდით ქართული ხელწერა შეგვეტანა კონცერტებში, მაგალითად, ბობი მაკფერინი და ქართული ხმები ერთად, მასტერკლასები სტუდენტებისთვის, სხვადასხვა კოლაბორაცია… ამ ფესტივალმა ქართველი მსმენელის გემოვნება მნიშვნელოვნად დახვეწა. საზოგადოება მიეჩვია ამ განვითარებას და როდესაც ახალი, მათთვის შედარებით უცნობი ხელოვანი ჩამოგვყავს, დიდი ინტერესით ეკიდებიან. დღესდღეობით, ჯაზის მწვერვალებზე მყოფი თითქმის ყველა არტისტია ნამყოფი ჩვენს ფესტივალებზე.
მნიშვნელოვანია ეკონომიკური დოვლათიც, რაც ფესტივალს მოაქვს. მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ბათუმის დღიური შემოსავალი 2-3 მლნ-დან 10-12 მლნ ლარამდე იზრდება – ეს ოფიციალური მაჩვენებელია.“
მაკუნა: „ჯაზ-ფესტივალს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია, რომელიც ჩვენი, თიბისისა და Eastern Promotion-ის პარტნიორობას სცდება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ადამიანები არიან ამ ფესტივალის მამოძრავებელი, რომელმაც ჯაზისა და მუსიკალური გემოვნების კუთხით, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე. რაც შეეხება თიბისი კონცეპტისა და Eastern Promotion-ის თანამშრომლობას, დაახლოებით 10 წელია უკვე, რაც თიბისი გახდა ამ ფესტივალის წარმდგენი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ არის რაღაც მშრალ სპონსორინგზე დამყარებული. 10 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი საერთაშორისო დონის ვარსკვლავის ჩამოყვანა შეძლო Eastern Promotion-მა, ჩვენი მხარდაჭერით. ამით, ერთი მხრივ, ჩვენს მომხმარებლებს მიეცათ საშუალება, პატარა ქვეყანაში ასეთი ხარისხის კონცერტებს დასწრებოდნენ, სიამოვნება და ემოციები მიეღოთ. მეორე მხრივ, საქართველო, საერთაშორისო დონეზე ამ არტისტებისა და კონცერტების დამსახურებით პოზიციონირდება, როგორც მუსიკისა და ჯაზის კულტურის მატარებელი ქვეყანა. ამ პატარა ქვეყნისთის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩამოგყავს მსოფლიო დონის არტისტები, რომლებსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავთ.“
M: რატომ არის თიბისი კონცეპტისა და ჯაზ-ფესტივალის პარტნიორობა მნიშვნელოვანი?
კახა კანდელაკი: „ძალიან იშვიათია ის პარტნიორობა, რაც ჩვენ, Eastern Promotion-სა და თიბისის გვაკავშირებს. 1997 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოგვყავს. უამრავი სირთულე გამოვიარეთ ამ წლების მანძილზე, ექსტრემალურ დროსა და პირობებში გვიწევდა ხოლმე შემსრულებლებისა მოძიება, დარწმუნება, ჩამოყვანა… ძალიან ხშირად, ფესტივალის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ მდგარა. წლების მანძილზე, Eastern Promotion სანდო ბრენდად ჩამოყალიბდა და თიბისიმ გადაწყვიტა, სტაბილურად გაეწია ფესტივალის პარტნიორობა. მას შემდეგ, უკვე ათი წელია, ერთი გუნდივით ვართ, კომფორტულად ვპარტნიორობთ – არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთად, მათ შორის Chemical Brothers, Maroon 5…“
მაკუნა: „ჩვენი მარკეტინგის გუნდი ყოველთვის, ყველა ჯაზ-ფესტივალის დაგეგმვაშია ჩართული, ვიზუალური იდენტობით დაწყებული, უშუალოდ საფესტივალო ტერიტორიის მოწყობით დამთავრებული, მთლიანად ვუჭერთ მხარს და ვცდილობთ, ის ხარისხი, რაც რეალურად შეესაბამება ჩვენს მომხმარებელს და ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს, ყოველწლიურად შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ.
ამ ყველაფერს იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ გვგონია, ეს ქვეყნის შიგნით, კულტურის განვითარებას, მუსიკის მოყვარულებისთვის ღირებული და დასამახსოვრებელი კონცერტების ორგანიზებას უწყობს ხელს და გვსურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს ჩვენი მომხმარებელი. ჩვენ ამ ფესტივალის წარმდგენები ვართ, ამიტომ ჩვენი მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ – აქვთ ფასდაკლება, ქეშბექები ფესტივალების ბილეთებზე. საფესტივალო ტერიტორიებზეც ვცდილობთ, სიურპრიზები დავახვედროთ და ისეთი გარემო შევუქმნათ, რომელიც მათთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება.“
თბილისის ჯაზ-ფესტივალი 6-8 ივლისს, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება. ბილეთები TKT.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მათ შეძენას თიბისი კონცეპტის ბარათით 20%-იანი ქეშბექით შეძლებთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
[R]










