in

1989 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალის ისტორია, 34 წლის შემდეგ მონაწილე მუსიკოსის მემუარებში გაცოცხლდა

თბილისის ჯაზ ფესტივალზე მსჯელობისას, ხშირად ავიწყდებათ, რომ Eastern Promotion-ის მიერ 25 წლის წინ დაწყებული საქმეს, დამატებით 20 წელიც უნდა მიამატონ, ვინაიდან გაიოზ კანდელაკის ჩართულობით 1978, 1986, 1989 წლებში – ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდში, თბილისში 3 ჯაზ ფესტივალი მოეწყო, რომელთაგან უკანასკნელზე, ამერიკელი მუსიკოსების და ჯაზ გიგანტების მთელი არმია გამოვიდა

BOG
BOG

1989 წელი საქართველოსთვის მეტად ტურბულენტური იყო. 9 აპრილის ტრაგედია რამდენიმე თვის მომხდარი იყო და ქალაქიც აქციებს მოეცვა, როდესაც ოქტომბრის ბოლოს, სხვადასხვა, მათ შორის პირველად კაპიტალისტური ქვეყნიდან 140-ზე მეტი მუსიკოსი თბილისს ეწვია. ფრედი ჰაბარდი, ჯიმი სმიტი, არტ ბლეიქი და რა თქმა უნდა Sun Ra. სწორედ ამ უკანასკნელის, ჯაზის კოსმიური მოგზაურის ბენდის წევრი, ჰარლემში დაბადებული მესაყვირე , აჰმედ აბდულა, (ლეროი ბლანდი) სულ ახლახანს გამოსულ ბიოგრაფიულ წიგნში „The Celestial Road“, აღწერს მისი ბენდში თითქმის 20 წლიანი ყოფნის პერიოდს, პან-აფრიკანიზმის გავლენას შემოქმედებით მუსიკაზე და რადიკალურ არტისტულ ცხელებას ბრუკლინისა და მანჰეტენის ჯაზ სცენაზე 70-80-იან წლებში. აღნიშნული წიგნი 90-იან წლებში დაიწერა და 50-ზე მეტი გვერდი ფოტოებით და პოსტერებითაა გაფორმებული, ხოლო მისი პირველად გამოცემა, სულ ახლახანს მოხდა.

თუმცა ჩვენთვის, ქართველებისთვის აღნიშნულ წიგნში სულ სხვა რამაა მნიშვნელოვანი – აქ საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი 1989 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალის პერიპეტიები და ამერიკელი მუსიკოსების თვალით დანახული საბჭოთა საქართველო, რომელსაც წიგნში რამდენიმე გვერდი ეთმობა.

მუსიკოსი პირველ რიგში იხსენებს იმ გაკვირვებას, რაც საშუალო ფენის ამერიკელ მუსიკოსებს ჰქონდათ, როდესაც სასტუმროში არც ტელევიზორი და რადიო, არც კბილის ჯაგრისი დაახვედრეს, მეტიც, საპნის მოთხოვნაც კი სპეციალურად მოუხდათ. ასევე პარალელს ავლებს იმ ჩაგვრაზე, რასაც ქართველები საბჭოთა ხელისუფლების პირობებში განიცდიდნენ, იმასთან მიმართებაში რასაც აფრო-ამერიკელები საკუთარ ქვეყანაში აწყდებოდნენ.

ამის შემდეგ აღწერს სხვების მიერ მოთხრობილ საქართველოს ისტორიას, დამპყრობელთა მთელ არმიას და ქართულ დაუძლეველ სულს, რომელსაც ამ შეტევებმა ვერაფერი დააკლეს.

სტუმართმასპინძლობის ჯერიც დგება – იხსენებს რა ქართული სუფრის ტრადიციებს, სადღეგრძელოების მნიშვნელობას და იმას, თუ როგორ ამაყობდნენ ქართველები საკუთარი ისტორიითა და კულტურით. ასევე აქაურ მეგობარს, გრეგორის, რომელმაც ნიკო ფიროსმანის წიგნზე სამახსოვრო წარწერა დაუტოვა

კონკრეტულად ფესტივალის პერიოდზე გადასვლისას, იხსენებს ჯაზ შემსრულებლებს, მათ შორის ედი ჰარისს, ფრედი ჰაბარდს, არტ ბლეიქისა და ჯიმი სმიტს, რომლის მოსმენის პატივიც პირველად სწორედ თბილისში ერგო. ასევე იმას, თუ ერთ-ერთ რეპეტიციაზე, Sun Ra-ს როგორ გაუწია აკომპანიმენტი თამაზ ყურაშვილმა, რაც მათ გეგმაში საერთოდ არ იჯდა.

თხრობის ბოლოს კი იმასაც აღნშნავს, რომ მიუხედავად საბჭოთა კავშირის თითქმის დაშლილი მდგომარეობისა, მათ კონცერტებზე არა უბრალოდ ჯაზ მოყვარულებს, არამედ შერჩეული ფენის წარმამადგენლებს (ექიმებს, იურისტებს, მასწავლებლებს) ერგოთ პატივი მოესმინათ დასავლური მუსიკის იმპროვიზაციები და კიდევ ერთხელ ავლებს პარალელს ამერიკულ რეალობასთან, სადაც დომინანტური კულტურა მუდამ ძალადობდა უმცირესობაზე.

აღნიშნული ფესტივალის ორგანიზებაში უკვე აქტიურად იყო ჩართული კახა კანდელაკი – მას და მის მეგობრებს საკმაოდ რთული მისია ჰქონდათ, ვინაიდან ფესტივალი პირველად მასპინძლობდა ამერიკელ შემსრულებლებს, მათი ჩამოყვანა და დახვედრა კი იმ პერიოდში სწორედ ამ ახალგაზრდების მხრებზე იდგა. იგი გვესაუბრება აღნიშნული ორკესტრის გამოსვლაზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ასეთი სახის მოგონებების წიგნად ქცევა და მასში ქართული ჯაზ ფესტივალის ისტორიის გახსენება.

 

კახა კანდელაკი: “1989 წელი ისტორიული იყო იმითაც, რომ სწორედ ამ ფესტივალზე ჩამოვიდა ამერიკელების დიდი მუსიკალური დელეგაცია პირველად. იქამდე ძირითადად ან საბჭოთა ან აღმოსავლეთ ევროპელი მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მამაჩემს ჰყავდა შვედი პარტნიორი და იმპრესარიო, Bo Johnson, რომელსაც საკმაოდ დიდი კონტაქტები ჰქონდა დასავლეთში და პოლონეთში ჯაზ ფესტივალისთვი იწვევდა ხოლმე. 1988 წელს იგი თბილისს ეწვია, როდესაც მამაჩემმა მსგავსი ფესტივალის ორგანიზება ჩვენთან შესთავაზა, ბოლომდე გაიტანა იდეა და დაითანხმა ჯონსონი. შედეგად 7 დღიანი ფესტივალი მოეწყო, შესაძლებლობა იყო რომ მაილს დევისიც ჩამოსულიყო, უბრალოდ საკმაოდ ძვირი ღირდა და შემდეგი წლის ფესტივალისთვის გადავგეგმეთ, რა დროსაც უკვე ქვეყანაც არასტაბილური გახდა. მუსიკოსების შერჩევაში ჩვენც ჩართული ვიყავით, იმათი შერჩევა შეგვეძლო ვინც ტურზე პოლონეთში იყო ჩამოსული და მგონი საკმაოდ კარგი პროგრამაც გამოგვივიდა. მთელი სასტუმრო „აჭარა“ ამ მუსკოსებისთვის იყო დაჯავშნილი, რომელიც იმ პერიოდში თბილისში საუკეთესო იყო, თუმცა ბევრად ჩამორჩებოდა დასავლურ სტანდარტებს, როგორც ეს წიგნშია აღწერილი. ამ სასტუმროს ტერიტორიაზე ტარდებოდა ჯემ სესიებიც, რომლის იდეაც პირველად სწორედ ამ ფესტივალზე გავიგეთ. პოლონეთიდან თბილისში პირდაპირი რეისი მგონი სწორედ ამ დროს გამოვიდა, ნეიტრალურ ზონაში გადავდიოდით და ყოველდღიურად მუსიკოსების ახალი ჯგუფი ჩამოგვყავდა.

თავად Sun Ra იყო ფრი ჯაზისა და ავანგარდული ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომლის გავლენა დღევანდელ მუსიკალურ სამყაროზეც აშკარაა ჯორჯ კლინტონიდან Jamiroquai-მდე. მე მაშინ მეგონა რომ ეს უფრო მარკეტინგული მეთოდი იყო, თურმე მართლაც კოსმიურ მუსიკას უკრავდნენ. როცა ვფრინდებოდით, თვითმფრინავში დაიხარნენ და ლოცვა დაიწყეს, „ჩვენს პლანეტას მივუახლოვდითო“. ძალაინ უცნაური, თუმცა ამავდროულად ჩუმი ხალხი იყვნენ. ჯიმი სმიტმა და Sun Ra-მ სწორედ ფილარმონიაში გაიცნეს ერთმანეთი. ესეთი შემთხვევები ჩვენს ფესტივალებზე მას შემდეგ ხშირად ხდება, მათ შორის კრისტიან სკოტისა და ბარი ბარცის შეხვედრა მინდა გავიხსენო.

მას შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა და მიხარია რომ სხვადასხვა ფორმატში მაინც იხსენებენ ამ ფესტივალზე მომხდარ ისტორიებს, იგივე მოხდა როცა ქუინსი ჯონსის ბათუმში სტუმრობის კადრები მის დოკუმენტურ ფილმში შეიტანეს. ეს ქვეყნისთვისაც მუდმივი რეკლამაა, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები უკვე ისტორიაში შედის. იგივე ხდება დღესაც, როცა ვატო კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ივან ლინსის თანამშრომლობა უკვე გრემის ნომინაციაზეა წარდგენილი.

რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ჰიპნოზი გაგვიკეთეს მე და ჩემ სამეგობროს, მსგავსი მუსიკა იქამდე არ მოგვისმენია ცოცხლად, ფანკიც სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში მოვისმინეთ პირველად. ეს ფესტივალი იყო ყველაფერი იმის საძირკველი, რასაც თითქმის 10 წლის შემდეგ პირველად, დამოუკიდებელ საქართველოში მოვკიდეთ ხელი და დღემდე ვაგრძელებთ“.

 

გააზრებული გადაწყვეტილების დროა – შავი პარასკევი სმარტ აკადემიაში

MoMA საფოსტო ბარათების ხელოვნებას ბლოკჩეინის ტექნოლოგიით აცოცხლებს