თბილისს ჯაზის დღეები დაუბრუნდა! პანდემიის პერიოდში, უამრავმა მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორმა ვერ შეძლო საქმიანობის გაგრძელება, „Eastern Promotion“-მა მოახერხა და მაინც გვაჩუქა 2020 წელს შავი ზღვისა და „Jazz & Wine“ ის ფესტივალი კახეთში. 2020 წლის მარტში გადადებული თბილისის ჯაზ ფესტივალი კი ნოემბერში განსხვავებული შემადგენლობით ჩატარდა.
2021 წლის ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებით ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ, ორგანიზატორებმა, შექმნილი ბარიერების მიუხედავად მაინც არ დააგდეს მონაწილე მუსიკოსების დონე და ივლისის მხურვალე საღამოებზე, დამატებით 3 კონცერტის მოსმენის შესაძლებლობა მოგვცეს.
მხურვალე მხოლოდ ამინდს როდი შეესაბამებოდა, ქალაქი მუსიკად იწვოდა. 2021 წლისთვის, რეგულაციების დაცვის შესაბამისად შეიცვალა ფესტივალის სივრცეც – ნაცვლად ფილარმონიისა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ფესტივალის ძირითადი მასპინძელი იყო, ღონისძიებებმა ეროვნული მუზეუმის ეზოში გადმოინაცვლეს, სადაც მოსულ სტუმრებს, ქართულ საგანძურთან ერთად, ამერიკული საგანძურიც- ჯაზ მუსიკის სხვადასხვა თაობის გამოჩენილი სახეები ელოდნენ.
ვიტყვი რომ ახლად არჩეულმა ლოკაციამ ნამდვილად გაამართლა, მიუხედავად ეროვნულ მუზეუმში აქამდე ჩემი არაერთი სტუმრობისა ვერასდროს წარმომედგინა აღნიშნული ადგილის შესაბამისობა მსგავსი მასშტაბის მუსიკალური ღონისძიებისთვის – თუმცა სულ ტყუილად.
ფესტივალის პირველი სტუმარი, მექსიკელი დრამერი, ანტონიო სანჩესი და მისი კვარტეტი იყო. მის პიროვნებაზე საუბარი რთული სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ 5 გრემის ჯილდოს და უამრავ მუსიკალურ პროექტს, რომლებიც მის კვალიფიკაციას ხაზს უსვამენ, თუმცა რამდენიმე სიტყვის ხსენება მაინც ღირს მის კარიერაზეც. 1997 წელს, ამერიკულ ჯაზ სცენაზე პირველი გამოჩენის შემდეგ, სანჩესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჯაზ დრამერია მსოფლიოში. როდესაც მუსიკის მიმართ გამოჩენილ ვნებაზე, მუდმივ გამოწვევებსა და თავის მიძღვნაზე ვსაუბრობთ, სწორედ მსგავს მუსიკოსებს ვახასიათებთ ხოლმე.

გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა პროექტებში რომლის ლიდერები ჩიკ კორეა და ვიბრაფონისტი, ჯაზის ლეგენდა გარი ბარტონი იყვნენ, სანჩესი ძირითადად მაინც პეტ მეთინთან ასოციაციით არის ცნობილი, თითქმის 20 წელია არის რა გიტარისტის „Unity“ ჯგუფის წევრი. მეთინთან სიახლოვემ და ბერკლიში ფორტეპიანოს სწავლის პერიოდმა, სანჩესს მომავალში საკუთარი კომპოზიციური ტალანტის გამოაშკარავებაშიც დაეხმარა.
თანამედროვე ჯაზ სცენაზე, ახალი თაობის დრამერად ყოფნა ადვილი როდია – როდესაც შენს წინმსწრებად, ისტორია მაქს როუჩმა და ელვინ ჯონსმა დაწერეს, რთულია აუდიტორიას დასარტყამი ინსტრუმენტით რაიმე ახალი შესთავაზო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არამხოლოდ შემსრულებელი, არამედ ბენდის ლიდერის პოზიციიდან გიწევს პროცესის გაძღოლა, რაც ასევე იშვიათია. თუმცა სანჩესის შემთხვევა განსაკუთრებული და გამონაკლისია.

საღამოს 20:00 საათისთვის, როდესაც მოკლეხნიანმა წვიმამ გადაიღო და აუდიტორიაც ნელ-ნელა შეივსო, კონცერტმა სტარტი აიღო და სცენაზეც საჩნესის კვარტეტი შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: დონი მაკასლინი (ტენორ საქსაფონი). მიგელ ზენონი (ალტ საქსაფონი), სკოტ ქოლი (კონტრაბასი) და რა თქმა უნდა ბენდის ლიდერი ანტონიო სანჩესი დასარტყამ ინსტრუმენტზე. ერთი შეხედვით, კვარტეტის მსგავსი ფორმაცია, სადაც ფორტეპიანოს როლი სრულიად ამოვარდნილია, რიგით მსმენელს უცნაურად მოეჩვენებოდა, თუმცა სცენაზე ასვლის შემდეგ, მუსიკოსებმა ყველანაირი სკეპტიციზმი მალევე გაგვიქარწყლეს.
მექსიკელის ჯგუფში მუსიკალური ინიციატივა თანაბრად იყო გადანაწილებული, ყოველ შემსრულებელს თავისუფლად ნავარდის საშუალება მიეცა. განსაკუთრებით კი გამოვყოფდი დონი მაკასლინს, რომლის ენერგიული სოლო ჩართვები მსმენელს ადგილზე გაჩერების საშუალებას არ აძლევდა. თავად სანჩესი რამდენადაც ჩართული იყო აღნიშნული ჯადოსნობის შექმნაში, ვფიქრობ იმდენადვე დისტანცირებული იყო პროცესებიდან – იგი უფრო ფეხბურთის გენიალურ მწვრთნელს ჰგავდა, რომელმაც შოუ კარგად დაგეგმა და დარწმუნებულია რა საკუთარი გუნდის შემსრულებლების ინდივიდუალურ ოსტატობაში, ბოლომდე მათ იმპროვიზაციის უნარს მიენდო.

ანტონიო აღნიშნულ კვარტეტთან ერთად, 2020-21 წლების განმავლობაში ახალ პროექტზე მუშაობდა, თუმცა კონცერტზე განსხვავებული პროექტებიდან კომპოზიციების საუკეთესო ნაკრები შემოგვთავაზა. ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული თელონიუს მონქის “Evidance” იყო. რა თქმა უნდა მონქის თავდაპირველი ვერსიისთვის დასარტყამი პრიორიტეტი არ იყო, თუმცა სანჩესმა მოახერხა და აღნიშნული სტანდარტი საკუთარ მუსიკალურ ქსოვილს იდეალურად მოარგო. იშვიათად თუ შეხვდებით დრამერს მსგავსი ელეგანტური დაკვრის სტილით, დროულობის ზუსტი შეგრძნებითა და მოზომილი ტემპერამენტით.
შემდეგ შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია, ვფიქრობ დღეისთვის უკვე იკონური პროექტიდან „Three Times Three” – ალბომის კონცეფცია შემდეგია – სამი განსხვავებული ტრიო, სადაც უცვლელია ბასი და დრამი, მესამე ხმად კი სამი განსხვავებული ინსტრუმენტალისტი ემატება. მიუხედავად იმისა რომ წინასწარი ჩანაფიქრი არ ყოფილა, საბოლოოდ ალბომისთვის მაინც თანამედროვე ჯაზ მუსიკის ვარსკვლავედის შეკრება მოუწია – კრისტიან მაკბრაიდი, ბრედ მელდაუ, ჯონ სკოფილდი თუ ჯონ პეტიტუჩი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებმაც ორიგინალ ალბომზე იმუშავეს. კომპოზიცია „Firenze“, რომელიც კონცერტზეც შესრულდა, 8 წლის წინ სპეციალურად ჯონ პეტიტუჩისა და ჯო ლოვანოსთვის, მათი იტალიური ბექგრაუნდის გათვალისწინებით დაიწერა, თუმცა როგორც ღონისძიების შემდეგ სანჩესმა განაცხადა, მას ექსპერიმენტების მიმართ სიყვარული უბიძგებს, კონკრეტული ადამინებისთვის დაწერილი კომპოზიციები შემდგომში განსხვავებულ ფორმაციაში დაუკრას.

ღონისძიების ბოლოსთვის, სანჩესმა საკუთარ მენტორს, მეთინს კიდევ ერთი ბლუზი მიუძღვა და როდესაც გვეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, ბისზე გამოსულმა მუსიკოსებმა იქვე მთელი პერიოდის განმავლობაში ჩუმად მდგარი ფორტეპიანოს არსებობაც შეგვახსენს, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქართველი ჯაზმეისტერის, გიორგი მიქაძისთვის იყო განკუთვნილი. გიორგიმ ტოლი არ დაუდო ამერიკელ კოლეგებს და მათთან ერთად იმპროვიზაციული ნომრით დაასრულა ფესტივალის პირველი დღე.
მეორე დღის გამომსვლელსა და მის ბენდს დიდი ხანი ველოდი, ბრენფორდ მარსალისის მუსიკას პირველად მოზარდობის პერიოდში, ჯაზ-ჰიპ-ჰოპ პროექტის, „Buckshot LeFonque“-ს ფარგლებში გავეცანი – ეს პროექტი დღემდე ერთ-ერთი იშვიათია, რომელიც ჯაზით გაზავებულ ჰიპ-ჰოპს ბენდის ფორმატით, ცოცხალი მუსიკით აწვდიდა მსმენელს.

მარსალისების ოჯახი, დღემდე ჯაზ მუსიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგვარეულო დინასტიის საუნჯეა, რომლის როლზეც XX და XXI საუკუნის მიჯნის ჯაზ მუსიკასთან მიმართებაში, დასავლური მედია დღემდე აქტიურად წერს. მიუხედავად იმისა რომ მისი უმცროსი ძმა, უინტონი ფართო წრეებისთვის შედარებით უფრო ცნობილია, ბრენფორდის მუსიკა, ოჯახიდან შედარებით უფრო ინოვატორად და თანამედროვედ ითვლებოდა. გარდა დასაწყისში ნახსენები პროექტისა, ახალგაზრდა ბრენფორდმა მოასწრო და 80-იანი წლების ბოლოს ისეთი ჯაზის გიგანტებთან ერთად დაუკრა, როგორებიცაა მაილს დევისი და არტ ბლეიქი.
კვარტეტი, რომელთანაც მარსალისი თბილისს ეწვია, უკვე 30 წელზე მეტია რაც არსებობს – მათგან ბასისტი ერიკ რევისი და პიანისტი ჯოი კალდერაზო 20 წელზე მეტია, დრამერი ჯასტინ ფოლკნერი კი 10 წელია რაც ჯგუფს მუსიკალურ მოგზაურობაში თან დაჰყვება. სწორედ ეს ერთიანი, თითქმის მეორე ოჯახის გარემო უზრუნველყოფს იმ უდიდესს მუსიკალურ გაგებასა და ფამილარობას, რაც აღნიშნული კვარტეტის წარმატებისთვის ასე მნიშვნელოვანია – მარსალისის თქმით მისთვის წარმოუდგენელიც კი არის იმ ადამიანებთან ერთად დაკვრა, ვისაც კარგად არ იცნობს.

ღონისძიება სწორედ ბენდის წევრების მიერ დაწერილი კომპოზიციებით დაიწყო, რომლებიც კვარტეტის 2019 წლის ალბომში “The Secret Between the Shadow and the Soul“ (პაბლო ნერუდას XVII სასიყვარულო სონეტის ინგლისური თარგმანიდან) შევიდა – „Dance Of The Evil Toys“, რომელიც ერიკ რევისმა, ხოლო „Conversation Among The Ruins“ კალტერაზომ დაწერა. აღნიშნულმა კომპოზიციებმა ნათლად აჩვენა მსმენელსაც, რომ მარსალისისა და კვარტეტის მუსიკალური ჰორიზონტი მუდამ ფართოა და აღნიშნული ჯგუფის მუსიკალურ იდენტობასაც უფრო აღრმავებს. გასული დღისგან განსხვავებით, სადაც სანჩესის დრამინგი თავისუფალი მცურავი გეზით მიედინებოდა მსმენელისკენ, მარსალისის კვარტეტი შედარებით უფრო მყარი კომპოზიციური სტრუქტურიც ცდილობდა გზის გაკაფვას. ბენდის წევრების მიერ სცენაზე გამართულმა მუსიკალურმა თუ ვერბალურმა იუმორნარევმა გადაძახილებმა, თითქოს მოაშთო ის სტერეოტიპული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც „ჯაზი მხოლოდ სერიოზული მუსიკაა“.

აღნიშნული ოთხეული კონცერტის განმავლობაში იმის მანიშნებელი იყო, თუ როგორ შეიძლება ისტორიულად და სტილისტურად შეინარჩუნო ჯაზის ავთენტური სული და მეორე მხრივ არ ჩამორჩე ახალი თაობის განახლებულ მუსიკალურ სულისკვეთებასაც. რამდენიმე კომპოზიციის შესრულების შემდეგ, მუსიკოსმა სოპრანო საქსაფონს დაავლო ხელი და ამავე ალბომიდან, მივიწყებული ჯაზმენის, ენდრიუ ჰილის „Snake Hip Waltz“ შეასრულა. რა თქმა უნდა ბენდის თითოეულ წევრს საკუთარი ვირტუოზობისა და მუსიკალური მგრძნობელობის გამოხატვა ინდივიდუალურადაც მოუწიათ, თუმცა კალტერაზოს ფორტეპიანოზე შესრულების სტილი, მიმიკა და ენერგია ვფიქრობ ყველაზე გამორჩეილი იყო – რამაც სრულიად აანაზღაურა პირველი დღეს დანაკლისი.

ერთ საათიანი ღონისძიების განმავლობაში, კვარტეტისგან ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა სახის სვინგი, მარსალისის მიერ შესრულებული რამდენიმე მშვიდი სოლო, რომელსაც აუდიტორია რუდუნებით უსმენდა და ჯაზის თავისუფალ მიმოქცევაში თავს იმშვიდებდა. დასასრულისთვის ბისზე გამოსულმა სტუმრებმა ბოლომდე აიყოლიეს მსმენელი და გასული საუკუნეების 30-იან წლებში დაწერილი, კლარენს უილიამსის ბუგი-ვუგი „Bucket’s Got A Hole In It” შეასრულეს. ღონისძიება სწორედ ამგვარად დაბერილმა ჯაზის სიომ დაასრულა.
ფესტივალის ბოლო დღე ჩემი აზრით 3 დღიანი მუსიკალური ტალღის ყველაზე სწორი დასასრული და ამასთანავე აგვისტოში დაგეგმილი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის მნიშვნელოვანი შემზადება იყო. 1957 წელს ლუი არმსტრონგი პირველად ჩავიდა კინგსტონში, იამაიკაზე. მისმა დაკვრის სტილმა, ადგილობრივ მუსიკალური სცენისთვის ბევრი რამ შეცვალა და მალევე ჯაზის, რიტმ ენ ბლუზისა და ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკის, მენტოს შერწყმით სრულიად ახალი მუსიკალურ ჟანრს – Ska-ს დაედო სათავე. კონცერტის დროს აუდიტორიაში იმყოფებოდა 13 წლის დამწყები მუსიკოსი მონტი ალექსანდერიც. საჩმოსა და მისი ბენდის მოსმენამ, სრულიად მონუსხა მოზარდის სული და ისეთი მუსიკალური გზისკენ უბიძგა, რამაც პიანისტი მსოფლიო აღიარებამდე მიიყვანა.

ალექსანდერი თბილისს ტრიოს განახლებული შემადგენლობით ეწვია. იამაიკელს თან მოჰყვა ჯეისონ ბრაუნი, დრამერი ნიუ-იორკიდან და ბასისტი აიოვადან პოლ ბერნერი. ვინაიდან ეს მისი თბილისში სტუმრობის მესამე შემთხვევაა, დასაწყისში ქართულად მოსალმებაც არ გასჭირვებია.
თუ გასული ორი საღამოს მანძილზე ბენდების წევრებზე მსმენელის ყურადღება თანაბრად ნაწილდებოდა, ამ შემთხვევაში ფოკუსში მაინც ტრიოს ლიდერი მოჰყვა. პიანისტმა, რომელიც საკუთარ მუსიკაში, უკვე 50 წელზე მეტია არამხოლოდ კლასიკური ჯაზის არამედ, ბოსანოვას, სოულ-ჯაზისა და იამაიკური მუსიკის სხვადასხვა ვარიაციებსაც ეხება, საღამო გერშევინის «Summertime”-ით გახსნა, თავდაპირველად კომპოზიციის მოჯაზო, შემდგომ კი მელოდიკაზე იამაიკური ვერსიაც შესრულდა, რომელსაც ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში პირველ ბენდთან, „The Cyclones“-სთან ერთად ასრულდებდა.

ამან აუდიტორია ტონუსში მოიყვანა და ხმოვანი ნაპერწკალი, მუსიკალურ ცეცხლად იქცა. კონცერტზე ნათლად გამოჩნდა, რომ პიანისტი საკუთარ მუსიკალურ ფუძეს დღემდე არ კარგავს და კომპოზიციის სიღრმეში თუ იმპროვიზებულ მონაკვეთებში, რეგისა და Ska-ს გრუვი ყოველთვის თან ახლდა, ამის ნათელი მაგალითი იყო აუგუსუს პაბლოს ლეგენდარული დაბ რიდიმის, „King Tubby Meets Rockers Uptown“-ის ჯაზ-რეგი ქავერი. შემდეგში შესრულდა გრძელი, ასევე კარიბული მუსიკით ინსპირირებული კომპოზიცია “Renewal”, მისი 1987 წლის ალბომიდან „Fridaynight“. ზოგადად კონცერტზე მუსიკალური განწყობა მუდმუვად იცვლებოდა – საშუალო ტემპის მქონე ბლუზიდან, ჯაზ სტანდარტებამდე და თავბრუდამხვევი იმპროვიზაციებით სრულდებოდა. ღონისძიების პიკი ჩემთვის მაინც ულამაზესი ბალადა “River’ იყო, რომელიც სიჩუმეში, რომანტიულ საბურველში გახვეული ფორტეპიანოს სოლოთი, მუსიკოსმა თბილისის გულს – მტკვარს მიუძღვნა. შემდეგ ისევ რეგი და ბობ მარლის „No Women. No Cry”-ის მონტისეული ინტერპრეტაცია, რომელსაც აუდიტორიიდან ოვაციები მოჰყვა – მონტის დაკვრის სტილი აქ მეტად პერსონალური და ემოციებზე გათვლილი იყო, როგორც მისი ერთ-ერთი ფავორიტი ჯაზ პიანისტის, აჰმად ჯამალის, რომლის კომპოზიცის „Nite Mist Blues“-ის სვინგმა, მსმენელთა ტალღა აიყოლია.

კონცერტის დასასრულისთვის კი ესპანელი კომპოზიტორის, ხოაკინ როდრიგოს ნ „Concierto d’Aranjuez“ შესრულდა, რომელიც მეოცე საუკუნის ესპანური მუსიკის ერთ-ერთ მწვერვალად ითვლება. ამასობაში წვიმაც წამოგვეწია და ბევრის დიდი ხნის რომანტიული ოცნებაც წვიმისა და ჯაზის თანამოქმედებით დაგვირგვინდა.
ეს იყო თბილისის რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი, ზაფხულის სერია კი აგვისტოში უკვე შავი ზღვის სანაპიროზე გადაინაცვლებს, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ჯაზ სურვილების ასრულებას გვპირდება.