მიუხედავად იმისა, რომ თბილისში წლებთან ერთად უფრო და უფრო მეტი სივრცე ჩნდება ჯაზ მუსიკის მოსასმენად, 25 წლიანი ისტორიის მქონე ჯაზ ფესტივალს მაინც განსაკუთრებით ელოდება ამ მუსიკის ქომაგი. ფესტივალის ისტორია ამტკიცებს, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი აქ არ არსებობს, ყოველ წლიურად აქტუალური, თანაბრად საინტერესო პროგრამით ჯაზის გიგანტები ჩვენთან შესახვედრად ემზადებიან.
წელს განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა ფესტივალის საიუბილეო თარიღისთვის – სახუმარო როდია საუკუნის მეოთხედს მიახლოვება (არ უნდა გამოგვრჩეს რომ პირველი ფესტივალი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, 1978 წელს ჩატარდა). დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ფესტივალმა დროს გაუძლო და მსმენელიც ამიტომ რჩება მუდამ მისი ერთგული. წლევანდელი ფესტივალის მოლოდინს მით უფრო ამყარებდა თითქმის დასრულებული პანდემიის ციკლი, რამაც ჯაზით თავისუფალი სუნთქვის საშუალებაც მოგვცა.
ივლისის სამი დღე, Sheraton Metekhi Palace-ში ჯაზის ისტორიასა და მომავალს დაეთმო. შეცვლილმა ლოკაციამ, ორგანიზატორებს ფესტივალის უფრო მეტად გამრავალფეროვნების საშუალება მისცა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიმდინარეობის სამივე დღის განმავლობაში, თბილისის ჯაზ ფესტივალის ისტორიაში ალბათ პირველად, მცირე სცენა მხოლოდ ქართველ ჯაზ შემსრულებლებს დაეთმო – რაც მთავარია ეს შემსრულებლები სრულიად ახალი თაობას წარმოადგენდნენ, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და თავისუფლების მუსიკას, თავისუფალ საქართველოში ეზიარნენ – რაც მთავარია ჩვენც გვაზიარეს.

პირველ დღეს კვარტეტი გიგი ცინცაძის, ლუკა თოფურიას, ხატია ქორიძისა და სოსო ცაგარეიშვილის შემადგენლობით წარდგა მსმენელის წინაშე – სასიამოვნოდ გახარებული დავრჩი, როცა მსმენელი ჰედლაინერების გამოსვლამდე ბევრად ადრე ეწვია ფესტივალს და მცირე „Jazzlab“ დარბაზი სრულად შევსებული იყო ქართველი შემსრულებლების მოსასმენად. მათმა ენერგიულმა დაკვრის სტილმა აუდიტორია სრულიად აიყოლია და დაარწმუნა ქართული ჯაზის ნათელ მომავალში.
სასტუმროს ფოიეში მოეწყო თამაზ გოშაძისა და გოგა ქართველიშვილის ფირფიტების კოლექციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც საკმაოდ უნიკალური და რარიტეტული ჩანაწერები შემჩნევა არ გაგიჭირდებოდათ. დარბაზში „ჯაზსინემა“ მიმდინარეობდა ორი ფილმის ჩვენება – კახა თოლორდავას „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალის საწყისებზე და პროცესებზე მოგვითხრობდა – მეორე ფილმი კი გრემის ჯილდოს მფლობელი „ქვინსია“, სადაც შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის კადრებიცაა შესრული. სეანსიდან გამოსულებს კი ფოიეში ქართველი ფოტოგრაფის, თეიოს გამოფენა, „როგორც მესმოდა…“ შეგხვდებოდათ, რომელიც გასული წლის ფესტივალის ფოტოებს აერთიანდებდა.

თუ ამ ყველაფერს წარმატებით მოივლიდით, უკვე დრო დგებოდა დიდ დარბაზში შეგეხედათ და პირველი დღის ჰედლაინერის სანახავად თქვენი ადგილი დაგეკავებინათ, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ხუთგზის გრემის მფლობელი დაიანა რივზი იყო. უნიკალური იმპროვიზაციული და ვირტუოზული შესრულების მანერით ჯაზისა თუ RnB მუსიკალურ მოედანზე, რივზსმა ზემოთ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვა, ერთ-ერთი კი ჯორჯ კლუნის ფილმის „Good Night, and Good Luck“-ის მუსიკალური გაფორმებისთვის. ამასთანავე იგი ფლობს დოქტორის წოდებას ბერკლისა და ჯულიარდის მუსიკალური სასწავლებლებისგან.

ლეგენდარული დივა თბილისში პროფესიონალებით შემდგარი ბენდით ჩამოვიდა – ტერენს გული, ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ დრამერია, რომელიც ასევე კრისტიან მაკბრაიდისა და რონ ბლეიკის ბენდებში უკრავდა, იტაიგუარა ბრანდაო წამყვანი ბრაზილიელი ბასისტია, რომელიც ბოლო 25 წელია რაც შტატებში მოღვაწეობს და ამ პერიოდის განმავლობაში 6500-ზე მეტ საკონცერტო გამოსვლაში აქვს მიღებული. ასევე ბრაზილიელია გიტარისტი რომერო ლუბამბო, რომელიც 80-იან წლებში ლეგენდარულ შემსრულებელთან, ასტრუდ ჟილბერტუსთან უკრავდა, პიანისტი ჯონ ბისლი კი ასევე გრემიზე იყო ნომინირებული და წლების განმავლობაში სერჟიო მენდესთან და ფრედი ჰაბერდთან ერთად მოღვაწეობდა.
საღამო ბენდმა რივზის გარეშე დაიწყო თუმცა არც ისე დიდი დროის შემდეგ, გრემის მფლობელი ვარსკვლავიც ვიხილეთ სცენაზე – საინტერესო ფაქტია რომ რივზი ბოლოს თბილისში 2010 წელს ვიხილეთ, 12 წლიანი განშორების შემდეგ კი როგორც ჩანს მუსიკოსსაც და აუდიტორიასაც ბევრი რამ ჰქონდა ერთმანეთთან სათქმელი. მისი სცენაზე შემოსვლა საკმაოდ არაორდინალური იყო, სკეტის დახმარებით იგი მსმენელს მიესალმა და ვოკალიზით, რიტმულ-მელოდიური მანერიზმით გააცნო ბენდის შემადგენლობა. საღამო ქეთ სტივენსის სიმღერის, „Morning Has Broken“-ის რივზისეული ქავერით დაიწყო, რომელიც დაიანას 1997 წლის ალბომში იკავებს ადგილს. ამ მაგიურმა ხმამ დასაწყისიდანვე შეგვამზადა კონცერტის იდეალური განვითარებისთვის. ამას მალევე წამოეწია, ცნობილი ჯაზ სტანდარტი „I’m All The Smiles”, სადაც უკვე ბენდის პიანისტს მიეცა იმპროვიზაციის თავისუფალ ცურვაში გადავარდნის საშუალება. მომღერალმა გაიხსენა ბოლო ორი წლის მსოფლიოში დატრიალებული ტრაგედია და ის თუ როგორ დააფასა მადლიერების გამოხატვის ემოცია ამ პერიოდში. შემდეგი სიღერა ‘I Remember“ იმ ადამიანებს მიეძღვნა, ვინც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პანდემიამ იმსხვერპლა. აქვე გაიხსენა თუ როგორ უყურებს სამყაროს დღესაც ცხრა წლის ასაკის პერსპექტივიდან და ამით ინსპირირებულმა, სიმღერა „Nine“ შეასრულა.

საღამოს მეორე ნახევარი თითქმის ბოლომდე ბრაზილიური მგრძნობელობით განვითარდა – სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა, როცა ბენდში ორი რიოს მკვიდრი მუსიკოსი გეყოლება – თავდაპირველად რივზმა რომერო ლუბამბოსთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, სადაც ბოსსა ნოვასა და სამბას სენტიმენტი აშკარად იხატებოდა, მათ შორის კი ერთი სექცია დარწმუნებით მოიცავდა ტომ ჯობიმის “ Aguas de Marco”-ს ნაწყვეტს.
რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩემთვის პირადად გასაკვირი, თუმცა ამავდროულად სასიამოვნოც იყო, აფროამერიკელმა ვოკალისტმა, ფავორიტ მუსიკოსებს შორის ბრაზილიელი მილტონ ნაშიმენტუ დაასახელა და მისი და უეინ შორტერის ალბომიდან, “Tarde”-ს ქავერი შეასრულა. მაინც რა პატარაა ეს მუსიკალური სამყარო, რომელსაც ხიდების გაბმა სხვადასხვა ქვეყანასა და თაობებს შორისაც ადვილად შეუძლია. საღამო უფრო ენერგიული მუხტით გაგრძელდა და მუსიკოსებისგანაც მივიღეთ თბილისში დაბრუნების დაპირება.

ემოციებით ალმოდებულები, რა თქმა უნდა მეორე დღესაც დიდი სიმძაფრით ველოდით. ადრე მისულებს ისევ ქართული ჯაზ შემსრულებლები ამჯერად ქვინტეტის ფორმატში ელოდა. გიგი ცინცაძე გიტარაზე ლაშა დეისაძემ ჩაანაცვლა, სტუმრად კი ამერიკაში მოღვაწე საქსაფონისტი, გიორგი ბერიშვილი, იგივე ხონძი იყო. ამჯერად მათი ორიგნალური ჯაზ თემები პირველად მოესმა ფართო ქართულ აუდიტორიას – სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენაც, რომ გარდა ლოკალური ჯაზ შემსრულებლებისა, კომპოზიციაშიც აქვს ამ ჟანრს წინსვლა.
დიდ დარბაზში კი ამ დღეს სრულიად სხვა წარმოდგენა გველოდა. სახუმარო როდია, ჯერ აფიშებზე, შემდეგ კი რეალურად სცენაზე ისეთი სახელის ხილვა, როგორიც დეივ ჰოლანდია -ადამიანი, რომელიც სხვა თუ არაფერი, თვით მაილს დევისთან უკრავდა ლეგენდარულ „Bitches Brew“-ში. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ჰოლანდში როდი იყო, იგი საქართველოში Crosscurrents Trio-სთან ერთად ჩამოვიდა და ზურგს ინდოელი ტაბლაზე შემსრულებელი ზაკირ ჰუსეინი და საქსაფონისტი კრის პოტერი უმაგრებდა. ამ საკმაოდ არასტანდარტული ტრიოს შეკრება ჰუსეინის ინიციატივა იყო – ქროსკურენთსის პროექტი მან ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, რაც თავიდან 7 ადამიანისგან შედგებოდა, თუმცა მალევე ტრიოს ფორმატში გადაეწყო. 2017 წლის განმავლობაში ტრიომ რამდენიმე ჯაზ ფესტივალზე მოახერხა საკუთარი მუსიკის წარდენა, 2018 წლისთვის კი, სოლო მუსიკალური ტურნეების დასრულების შემდეგ, დადგა დრო მათი ერთადერთი ჩანაწერისთვის სტუდიაში შეკეტვის დროც – „Good Hope“ ესე ქვია ალბომს, რომელიც „კეთილი იმედის კონცხის“ საპატივსაცემოდ ეწოდა – ეს ის ადგილია სადაც ატლანტის და ინდოეთის ოკეანები ერთმანეთს ხვდებიან.

ჰოლანდთან ერთად, არც ზაკირ ჰუსეინია ნაკლები სახელი ჯაზ წრეებში, მისი მუსიკა პირველად ECM Records-ზე, ტრილოკ გურტუსთან, ჟან გარბარეკთან და ლ. შანკართან გაკეთებული საერთო ჩანაწერით „Music For Everyone“-ით გავიცანი და ალბათ პირველად სწორედ აქ მოვისმინე კულტურათა პირველი დიდი მუსიკალური სინთეზი, რომელიც ჩვენს მიერ ნახსენები ტრიოს ფარგლებში აქტუალური ნარატივია.
ინდურ მუსიკასთან დასავლურ კულტურას დიდი ხნის შეკავშირების ისტორია გააჩნია, რომელიც ალბათ ყველაზე ნათლად ჯონ კოლტრეინისა და ჯორჯ ჰარისონის რავი შანკართან მეგობრობაში გამოიხატა. სწორედ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კიდევ ერთი მუსიკალური ძაფის გაბმის მცდელობაა აღნიშნული ტრიოს შემოქმედებაც, რაც ალბათ თბილისზე უკეთეს ადგილზე ვერც მოხდებოდა – ქალაქი რომელიც დასავლური და აღმოსავლური კულტურების დიალოგის უნიკალური შემთხვევაა.

ჯგუფმა თბილისში სწორედ ზემოთ აღნიშნული ალბომი წარადგინა. აქ კომპოზიციები გრძელი და გაწელილია, ზოგი კი 11 წუთს აღწევს, ამას რა თქმა უნდა ცოცხალი შესრულების დროს წამოჭრილი იმპროვიზაციული ჩანართებიც ემატება. მუსიკალურად წამყვან როლს ძირითადად პოტერი და ჰუსეინი ასრულებდნენ, თუმცა ყველა ფონური სამუშაო და ხმოვანება მაინც ჰოლანდის რადარის ქვეშ გადიოდა. კომპოზიცია „J Bhai“, რომელიც ინდურ ენაზე ძმას ნიშნავს, ჰუსეინმა ჯონ მაკლაფლინს მიუძღვნა. თავის მხრივ პოტერმა მის კომპოზიციაში „Ziandi“, ტრიოს დანარჩენი ორი წევრის სახელი გამოკვეთა (Z და D). საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსებს შორის კომუნიკაცია არ შემწყდარა, ჩვენ საქმე გვქონდა თანაბარი მნიშვნელობის მქონე სამ აქტორთან, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალური მუსიკალური წარსულითა და პიროვნებით რაღაც ახლის შესაქმნელად შეიკრიბდნენ. ჰუსეინი ტაბლაზე მიკრორიტმებს ძერწავდა, პოტერი საქსაფონითა და კლარნეტით გრძელ სოლოებს გვთავაზობდა, ჰოლანდი ამ ბგერითი ურთიერთობის შემაკავშირებელი რგოლი იყო.

დასკვნითი დღე კი სრულიად განსხვავებულ მუსიკასა და თაობას დაეთმო. მთავარ სცენაზე თანამედროვე ჯაზის გენიალურ შემსრულებელს, ვიჯეი აიერს და მის ტრიოს ველოდით. აიერი ჯაზ კომუნის გარეთაც მიიჩნევა როგორც კრიტიკულად მოაზროვნე მულტიმედია კოლაბორატორი, რომელმაც 25 წლიანი კარიერის განმავლობაში 24 ალბომი გამოუშვა. მისი მუსიკა საწყისებს სამხრეთ აზიური და აფრიკული კულტურიდან იღებს, რაც მნიშვნელოვნად ერწყმის 60-იანი წლების აფრო-ამეირიკულ მუსიკალურ ტრადიციას, დიუკ ელინგტონისა და თელონიუს მონქის გზის გაგრძელებით. 90-იან წლებში იგი იელის უნივერსიტეტში მათემატიკასა და ფიზიკას სწავლობდა, თუმცა მალევე ამჯობინა რომ საკუთარი თავის მუსიკისთვის მიეძღვნა, გარდა შემსრულებლისა იგი კომპოზიტორია სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლების თუ დიდი ბენდებისა და ამავდროულად ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლის აფრო-ამერიკულ მუსიკალურ ტრადიციას. ქართული აუდიტორიის წინაშე მუსიკოსი ტრიოსთან ერთად, მათი ბოლო ალბომით „Uneasy” წარსდგა, რომელიც ლეგენდარულ ECM Records-ზე შარშან გამოვიდა.

აიერის ტრიოს წევრებიც ასევე უკვე კარგად დამკვიდრებული მუსიკოსები – მალაიზიელი/ავსტრალიელი ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და ამერიკელი დრამერი/კომპოზიტორი თიშოუნ სორეი არიან – ამ უკანასკნელთან აიერს უკვე 20 წლიანი თანამოქმედებითი კარიერა აკავშირებს და მეტიც, ორივე კარგა ხანია მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ უნივერსიტეტებში ასწავლიან საშემსრულებლო ხელოვნებას.
მუსიკალურად ეს ალბომი თანამედროვე პერიოდზე რეფლექსიაა, რაც სათაურიდანაც გამოსჭვივის, თუმცა დასახელება ასევე მის საპირისპირო მნიშვნელობასაც მოიცავს და შესაბამისად იმაზე ფიქრისკენ გვიბიძგებს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე მშვიდი და მკურნალი მუსიკა სწორედ ასეთ რთულ პერიოდში დაიბადოს. ალბომი მუსიკალურად აიერის კარიერის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს და ნაწილობრივ სენტიმენტალურ განწყობასაც ატარებს. მაგალითისთვის კომპოზიცია „Configurations” ჯერ კიდევ 20 წლის წინ, მუსიკოსის მესამე ალბომისთვის დაიწერა და სრულიად სხვა შემადგენლობით სრულდებოდა. აქ ყველაფერი თითქოს ტრადიციულად იწყება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ჟღერადობა უფრო კომპლექსური ხდება, შემოდის რა ინდივიდუალური სოლოები, იცვლება ტემპი, ტაქტობრივი ზომა და ბოლოს მელოდიურ-რითმული „კლიმაქსით“ სრულდება.

„Uneasy“ ეს იდეათა ჯანყია, რომელშიც მსმენელი გაუთვიცნობიერებლად ჩართულია. ან იდეებისგან ზოგი სევდისკენ გვიბიძგებს, ზოგიც კი პირიქით, საერთო კი ის არის რომ ტრიო ამ კომპოზიციებს ისე ასრულებს, თითქოს ეს მათი ბოლოს ერთობლივი შეკრება იყოს. დრამერის აკრობატულმა დაკვრის სტილმა, და ჩახლართულმა რიტმულმა ქაოსმა, რომელსაც აუღელვებლად ქმნიდა აუდიტორიის ყურადღება მალევე მიიპყრო. საღამო თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში, ყურადღების მოწყვეტა ტრიოს ფანტაზმური შესრულებიდან თითქმის წარმოუდგენელი იყო. რაც მთავარია, აუდიტორიასა და მუსიკოსებს შორის რეალური კავშირი შედგა და ეს ურთიერთობა ორმხრივი აღმოჩნდა – ბენდლიდერისგანაც მალევე მივიღეთ საქართველოში ხელმეორედ დაბრუნების დაპირებაც.
ასეთი იყო თბილისის 25-ე ჯაზ-ფესტივალი, ჩვენ კი სრული სვლით შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის ვიწყებთ მზადებას!