in

ვის მოსმენას შეძლებთ თბილისის 26-ე ჯაზ ფესტივალზე?

თბილისის ჯაზ ფესტივალი სულ რამდენიმე კვირაში აიღებს სტარტს და როგორც ყოველთვის, საინტერესო იქნებოდა წინასწარ გაგვეცნო ის მუსიკოსები, რომლებიც ქართველი აუდიტორიისთვის სამდღიანი მუსიკალური გამოცდილების შექმნას ამჟამად ერთად შეეცდებიან.

BOG
BOG

პირველ დღეს, 9 მაისს ფესტივალი ლუკა თოფურიას ბენდთან ერთად გაიხსნება. ახალგაზრდა პიანისტი უკვე რამდენიმე წელია ჯაზ ფესტივალის აქტიური მონაწილეა და ყოველ წელს თავის მეგობრებთან ერთად განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას გვთავაზობს, რომლებიც ორიგინალურ კომპოზიციებთან ერთად, ცნობილი ჯაზ სტანდარტების შესრულებასაც მოიცავს – დაველოდოთ რა დაგვხვდება 2023 წლის გამოცემისთვის.

ლუკას გამოსვლის შემდეგ სტუმრებს  შტატებიდან და ევროპიდან ველოდებით.  JAZZ/TAKES SUPERGROUP საკმაოდ გამოცდილ მუსიკოსებს აერთიანებს. პირველ რიგში აღსაღნიშნია საქსაფონისტი ბილ ევანსი, რომელსაც მართალია მისი თანამოსახელესნაირად ლეგენდარულის სტატუსი ჯერ კიდევ არ გააჩნია, თუმცა 35 წლიანი კარიერის განმავლობაში ბევრ ჩანაწერზე დატოვა საკუთარი ხელწერა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის რომ Miles Davis-თან ერთად დაიწყო მოღვაწეობა და მას შემდეგ 26 სოლო ალბომიც გამოუშვა.

ჰარვი მეისონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ჩაწერადი დრამერია ჯაზის ისტორიაში, მუშაობდა რა სრულიად განსხვავებულ არტისტებთან – დიუკ ელინგტონით დაწყებული, გაგრძელებული სელინ დიონითა და ბიორკით. თუმცა მის კატალოგში ალბათ ყველაზე საამაყო ჰერბი ჰენკოკის იკონურ ალბომში, „Headhunters“-ში საკუთარი წვლილის შეტანაა.

ფელიქს პასტორიუსის გვარი ყველაფერზე თავად მეტყველებს – ჯაკოს შვილი მამის საქმეს აგრძელებს და საკმაოდ აქტიურადაც. დანიელი ნილს ლან დოკი კი ოთხეულში ერთადერთი ევროპელია, რომელმაც კონტინენტის  ყველაზე საინტერესო პიანისტის სტატუსი არაერთხელ მიიღო. სუპერჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ოროგინალურ კომპოზიციებს, ასევე 90-იანი წლების გრანჟისა და ჰიპ-ჰოპის,70-იანი წლების პოსტ-პანკისა და დისკოს საკუთარ ჯაზ ვარიაციებს შეასრულებს.

10 მაისის მუსიკალურ საღამოს ჩეხი პიანისტი მარტინ კრატოჩვილი და მისი ბენდი, Jazz Q გახსნის, რომელიც ჯერ კიდევ 1964 წელს დაარსდა, თუმცა 70-იან წლებამდე ნაკლები ცნობადობა ჰქონდათ. სწორედ ამ პერიოდში ჩაიწერა  ჯაზ-როკ ალბომი პოპულარულბენდთან Blue Effect-თან ერთად. 80-იან წლებშიც სწორედ ჯაზ ფიუჟენის მიმართულებით გააგრძელეს მუშაობა. მას შემდეგ ბენდმა უამრავი წევრი იცვალა, მარტინმა კი ბიზნეს საქმიანობას მოჰკიდა ხელი, თუმცა არასდროს შეუწყვეტია მუსიკასთან ურთიერთობა.

საღამოს იტალიელ გენიოსად აღიარებული სტეფანო ბოლანი გააგრძელებს, 30 წლიანი აქტიური კარიერის განმავლობაში, მან 40-ზე მეტი სოლო ალბომი გამოუშვა, ხოლო სადაც მონაწილეობა მიუღია, იმ ალბომების რაოდენობის დათვლა კარგა ხანს ყველასთვის რთულ ამოცანად დარჩება. თბილისში სტეფანო 3 წლის წინ გამოცემულ ალბომს, ტიმ რაისის როკ ოპერის, „Jesus Christ Superstar“-ის საკუთარ ორიგინალურ ვერსიას შემოგვთავაზებს.

დასკვნით საღამოს იტალიური ბენდი Motel Kaiju გახსნის. ჯგუფი აქტიურად 2016 წლიდან მოღვაწეობს და მათი სახელი ითარგმნება როგორც „უცნაური მხეცი“, რაც თავის მხრივ იაპონური kaiju-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმების გამოძახილია. მილანური ბენდის მუსიკალური ხედვა 80-იანი წლების სინთეზატორზე დაფუძნებული ხმოვანების შერწყმა და ელექტრო-ჯაზის ახალი სიმაღლეების დაპყრობაა.

ფესტივალს  კი ის ადამიანი დახურავს, ვისაც ბევრი წარდგენა არ ჭირდება – ლეგენდარული ბასისტი, გრემის არაერთგზის მფლობელი სტენლი კლარკი. მუსიკოსი რომელიც საქართველოს სტუმარი არაერთხელ ყოფილა, ამჯერად ახალი პროექტით – „N’4ever“-ით წარსდგება მსმენელის წინაშე, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ  ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად წამოიყო.

აქვე შეგახსენებთ რომ მუსიკალურ აქტივობებთან ერთად ჯაზ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა, ფირფიტების გაყიდვა და ასევე ქართული ჯაზ ფესტივალის ისტორიის შესახებ ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა.

იცით, როგორ აღნიშნეს დედამიწის დღე ,,აგროჰაბში”?

როგორ იქცა Under Armour პატარა ბრენდიდან მილიარდიან კომპანიად