in

თბილისი ჯაზ ფესტივალი – დასავლური მუსიკის 27 წლიანი ტრადიცია გრძელდება

ფოტო: Sound City / Rick Mkhitarian

მაისის არც თუ ისე მზიან პერიოდში, საფესტივალო სეზონის გახსნისას, თბილისი ჯაზ ფესტივალი ერთ-ერთი პირველია, რომლის პროგრამის ანონსსაც უამრავი ადამიანი ელოდება. ფესტივალის 27-ე გამოშვებას ქვეყანაში არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია დაემთხვა, თუმცა ამის მიუხედავად მნიშვნელოვანი იყო ტრადიციის არ დაღვევა და ამავდროულად ქვეყნის მუსიკალური კურსის შენარჩუნებაც – აღნიშნული ფესტივალი ხომ ერთ-ერთი პირველია, რომლის დახმარებითაც დასავლურმა კულტურამ ჩვენში ფეხი მოიკიდა.

ფესტივალი წელს განსხვავებულ სივრცეში – რუსთაველის თეატრში ჩატარდა, განსხვავებული იყო მისი ჩატარების საათებიც – პირველ დღეს კონცერტი 19:00 საათზე დაიწყო. დებიუტანტი გამომსვლელი ჩეხეთის საელჩოს დახამრებით ფესტივალზე მოპატიჟებული კვარტეტი, ‘Herak/Bulatkin“, პროექტით „Elysium” იყო. მათ მუსიკაში მძაფრად იგრძნობა ჯგუფის ორი ლიდერის საერთო მუსიკალური ფუნდამენტი, რასაც სლავური და ბოშური ხალხური მუსიკის ფენომენი წარმოადგენს – გარდა ამისა, აქტიურად გვხვდებოდა იმპრესიონისტული კლასიკური მუსიკა და ბალკანეთის რიტმული ჟღერადობების დომინირება. სცენაზე გამორჩეული სლოვაკი-ჰოლანდიელი ვიბრაფონისტი და კომპოზიტორი მირო ჰერაკი წამყვან ჩეხ პიანისტსთან, დანიელ ბულატკინთან ერთად საკუთარი მუსიკალური ხედვის ახლებულ გააზრებას გვთავაზობდა. ამ საღამოსთვის მათ შეუერთდნენ ჰოლანდიელი მუსიკოსები იოჰანეს ფენდი კონტრაბასზე და მარტინ ჰაფიზი დრამზე.

ფოტო: Sound City / Rick Mkhitarian

ვიბრაფონი ჩემთვის ერთ-ერთი რჩეული ინსტრუმენტია და საბედნიეროდ თბილისის ჯაზ ფესტივალის ისტროაიში, არაერთი ოსტატი შემსრულებლის მუსიკა მოვისმინეთ. გამონაკლისი არც ეს საღამო იყო. ჰერაკის მგრძნობიარე მელოდიურობა მთელ გამოსვლას გასდევდა – ეს გამორჩეული იყო იმითაც, რომ ყველაფერი ევროპული ჯაზის უნიკალურ ტრადიციებში იყო გახვეული. შესრულდა ბულატკინის ორიგინალი კომპოზიციები, მათ შორის “The Return”, რომელიც გასულ წელს, ჰააგაში ჩაიწერა. თუმცა მთავარი სიურპრიზი მსმენელს გამოსვლის ბოლოს ელოდა, როდესაც კვარტეტმა, რევაზ ლაღიძის “თბილისო“-ს თავისებური ინტერპრეტაცია გააჟღერა

ამავე დღეს, ფესტივალის ჰედლაინერად გამორჩეული მუსიკოსის მოსმენა გვიწევდა. ბილ ფრისელი ჯაზ სამყაროსთვის მეტად ნაცნობი ხმაა, რომელსაც ამერიკანასთან, როკთან და ავანგარდულ მუსიკასთან ისე აზავებს, რომ მსმენელზე მომაჯადოვებელი ეფექტი აქვს. თავისი გიტარით უკვე 40 წელია თანამშრომლობს ცნობილ ECM Records-თან – უმუშავია ჯაზის, ავანგარდული და მსოფლიო მუსიკის ისეთ გიგანტებთან როგორიცაა ჯონ ზორნი, პოლ მოტიენი, ჟან გარბარეკი და სხვა. გარდა ამისა აქტიურად მუშაობდა ფილმის მუსიკაზე და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გრემის ნომინაციები. ფრისელის მუსიკაში არამხოლოდ მისი ტექნიკური ვირტუოზობა, არამედ კომპოზირების განსაკუთრებული ნიჭიც იგრძნობა.

ფოტო: Sound City / Rick Mkhitarian

თბილისში ლეგენდარული გიტარისტი თავის განუყრელ კოლეგებთან, თომას მორგანთან და  რუდი როისტონთან ერთად ჩამოვიდა. ამ ტრიოს თანმდევი მუსიკალური მოგზაურობა არაერთ წელს მოიცავს და ყველანი მზად არიან ფრისელის მესაჭეობით ახალი ტერიტორიები აღმოაჩინონ.

აღსაღნიშნია რომ,  ბოლო ტურის ფარგლებში, ტრიო კონცერტიდან კონცერტამდე მცირედით ცვალებადი სეტლისტით უკრავს, შესაბამისად ყველა გამოსვლას უნიკალური ფუძე გააჩნია. პროგრამა ძირითადად ფრისელის ორიგინალ კომპოზიციებზეა აწყობილი, თუმცა რა თქმა უნდა არც ჯაზ სტანდარტების ნაკლოვანება იგრძნობოდა.

ტრიოს სმენისას იფიქრებდით, რომ ისინი არა წინასწარ ჩამოყალიბებულ სეტლისტს ასრულებდნენ, არამედ სპონტანურად ამუშავებდნენ მუსიკალურ თემებს. გადასვლები, ტემპის და დინამიკის ცვლილება დიდად არ იგრძნობოდა, მხოლოდ მოკლე ამოვარდნები, ისიც აუდიტორიის შესაფხიზლებლად.  ბენდმა თავისებურ სტილში შეასრულა ბილი სტრეიჰორნის „Lush Life” – ფრისელის აუღელვებელმა, მშვიდმა დაკვრის სტილმა აუდიტორიაშიც შესაბამისი განწყობა განაპირობა. შესრულდა რონ კარტერის მეტად სახასიათო კომპოზიცია „Doom” და  მალელი მუსიკოსის, ბაუბაკარ ტრაორეს „Baba Drame”,  Gwana-ს სტილის გიტარის რიფით, რომელიც ძლიერ რიტმთან ერთად აფრობიტიდან როკ ხმოვანებში მიიწევდა. საღამოს დასასრულს ტრიოსთვის ტრადიციულად დაქავერდა ბერტ ბაკარაკის „What The World Needs Now Is Love“ – კომპოზიცია, რომელიც ფრისელის 2020 წლის ალბომშიც შევიდა.

ფესტივალის მეორე დღეს არანაკლებ საინტერესო სესია გველოდა. ჯოი კალდერაცოს, ჯონ პატიტუჩის და დეივ ვეკლის ტრიო გამორჩეული შესრულებით წარდგა თბილისი ჯაზ ფესტივალზე. მთელი 1 საათის განმავლობაში, თვალსაჩინო იყო მათი უნიკალური ურთიერთქმედება, ტექნიკური ოსტატობა და ღრმა მუსიკალური გამოხატვა. ეს ტრიო თანამედროვე ჯაზში მეტად პატივცემული მუსიკოსისგან შედგება და საღამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ ითვლებიან ისინი თავიანთ ინსტრუმენტებში ლიდერებად.

ჯოი კალდერაცო, რომელიც ხშირად ასრულებს მაიკლ ბრეკერთან და ბრანფორდ მარსალისთან ერთად,  თავისი დახვეწილი და გამომხატველობითი პიანინოთი გამორჩეული იყო. მისი შესრულება ემოციური სიღრმითაა ცნობილი და საღამოს ტონალობას ადგენდა. კალდერაცოს შესაძლებლობა მარტივად გადასულიტო რთულ პასაჟებსა და ლირიკულ მელოდიებს შორის, წარმოაჩენდა მის მრავალფეროვნებას და ჯაზის ლექსიკონის ღრმა გაგებას​.

ჯონ პატიტუჩი, გრემის მფლობელი ბასისტი, რომელიც ჩიკ კორეას ელექტრიკ ბენდთან და უეინ შორტერის კვარტეტთან მუშაობდა, ტრიოს ხმოვანებას თავის უნიკალურ ვირტუოზობას და მუსიკალურობას ამატებდა. პატიტუჩის ბას პარტიები ქმნიდა ჰარმონიულ და რიტმულ ფონს, პარალელურად კი კალდერაცოს პიანინოსთან მელოდიურ ურთიერთქმედებაში იყო ჩართული. მისი ტექნიკური ბრწყინვალებით და ემოციური დატვირთულობით სავსე სოლოები მღელვარე რეაქციებს იწვევდა აუდიტორიისგან.

ფოტო: Sound City / Rick Mkhitarian

დეივ ვეკლი თავისი რიტმული ინოვაციებით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დრამერია ჯაზსა და ფიუჟენში. მას ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორიცაა ჯორჯ ბენსონი და პოლ საიმონი. ვეკლის დრამინგი ტრიოს მძლავრი ენერგიის ღერძი იყო, რომელიც რთული პოლი რითმებისა და სინკოპაციის გამოყენებით მუსიკას საკუთარ ტექსტურას უმატებდა. სამივეს შესრულება იყო არა მხოლოდ ინდივიდუალური ვირტუოზობის დემონსტრაცია, არამედ კოლექტიური ხელოვნების და ურთიერთპატივისცემის გამოვლინება, რისი წყალობითაც იოლად  გადაადგილდებოდნენ რთულ მუსიკალურ ლანდშაფტებში.

ფესტივალის დასკვნითი დღე თანამედროვე ვოკალური ჯაზის ვარსკვლავს, სტეისი კენტს დაეთმო. ნიუ იორკელი შემსრულებელი, თავდაპირველად ცნობილი ლონდონში გახდა, სადაც ლიტერატურის სასწავლად ჩასული, მალევე ლოკალურ სცენაზე ჯაზის გამორჩეულ აქტორად მოგვევლინა, სულ მალევე კი მთელი ცხოვრების მუსიკისთვის მიძღვნა გადაწყვიტა.

კენტი თბილისში 11 წლის შემდეგ ისევ ჩამოვიდა და მონატრებულ აუდიტორიას ახალი ჩანაწერი, „Summer Me, Winter Me“ შესთავაზა – რომელიც რამდენიმე ქვეყანაში 2024 წლის პირველი კვარტლის საუკეთესო ჯაზ ჩანაწერად აღიარეს.

სტეისი კენტის გამოსვლა ტრადიციულად სიმსუბუქით, სენსიტიურობით და დახვეწილობით ხასიათდებოდა. მისი ვოკალური მანერა განსხვავებულია სხვა ჯაზ შემსრულებლებისგან, ხშირად იყენებს რა რბილ, მელოდიურ ტემბრს და ინტიმურ გადმოცემის სტილს. ცნობილია მისი მრავალენოვნების უნარიც – მღერის როგორც ინგლისურ, ასევე ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე, რაც დამეთანხმებით განსაკუთრებულ რომანტიკულ ხიბლს აძლევს მის ყოველ გამოსვლას.

ფოტო: Sound City / Rick Mkhitarian

გამოსვლა კომპოზციიით „Tango In Macao“ დაიწყო – მის ტრიოში შედიოდნენ ამერიკელი პიანისტი არტ ჰირაჰარა და მომღერლის მეუღლე, საქსაფონისტი ჯიმ ტომლინსონი. საღამოს მსვლელობისას კენტი გამოირჩეოდა უშუალობითა და გულწრფელობით. იგი მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა აუდიტორიასთან, რითაც ქმნიდა უშუალოდ ატმოსფეროს. შესრულდა როგორც ორიგინალი კომპოზიციები, ასევე ცნობილი ჯაზ სტანდარტები, მათ შორის „The Shadow of Your Smile“ – საღამოს ბოლოსკენ კი მიშელ ლეგრანი ქავერები.

ასეთი იყო თბილისი 27-ე ჯაზ ფესტივალის პერიპეტიები, იმედი ვიქონიოთ რომ რომ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს და ლაღი განწყობით დაველოდებით უკვე შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს.

 


Fitpass საქართველო და Life Fitness სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებენ

უნარები, რომლებიც ფრილანსერებს სჭირდებათ