in

ვის მოსმენას შეძლებთ თბილისის 25-ე ჯაზ ფესტივალზე?


სულ რაღაც რამდენიმე დღეში, თბილისი ისევ ჯაზის ქალაქად გადაიქცევა და მონატრებული ჯაზ ფესტივალიც დაიპყრობს მელომანთა ყურებსა და გულებს. საბედნიეროდ, 2022 წელი უკვე პანდემიისგან თავისუფალ პერიოდად შეგვიძლია ჩავთვალოთ და 7-9 ივლისს, „შერატონ მეტეხი პალასის“ ტერიტორიაზე საიუბილეო, რიგით 25-ე ფესტივალი აიღებს სტარტს.

გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჯაზის მოყვარულთათვის ცნობილ სახელებსაც ველით აღნიშნულ ფესტივალზე.

ფესტივალის პირველი დღე  გრემიზე ხუთჯერ ნომინირებულ ჯაზ შემსრულებელს, 80-იანი წლებიდან მოყოლებული ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალ ვოკალისტს, დაიანა რივზს და მის ბენდს დაეთმობა, რომელშიც ასევე გრემიზე ნომინირებული მუსიკოსები შედიან. უნიკალური იმპროვიზაციული და ვირტუოზული შესრულების მანერით ჯაზისა თუ RnB მუსიკალურ მოედანზე, რივზსმა ზემოთ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვა, ერთ-ერთი კი ჯორჯ კლუნის ფილმის „Good Night, and Good Luck“-ის მუსიკალური გაფორმებისთვის. ამასთანავე იგი ფლობს დოქტორის წოდებას ბერკლისა და ჯულიარდის მუსიკალური სასწავლებლებისგან. ჯაზ მუსიკის ლეგენდა, ჰერბი ჰენკოკი მის სადებიუტო ალბომშიც კი უკრავდა, თავად რივზს კი უმუშავია მუსიკალური სამყაროს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა, უინტონ მარსალესი, სერხიო მენდესი, ჯორჯ დიუკი და სხვა. ხშირად მას ჯაზ დივას უწოდებენ, თავად კი დღემდე მადლიერი რჩება იმ ძლიერი ადამიანების, რომლებმაც ცხოვრებაში სწორ გზაზე დააყენეს. რივზის ბოლო ალბომი „Beautiful Life” 2013 წელს გამოქვეყნდა და ისეთი მუსიკოსებთან მოიცავს კოლაბორაციას როგორებიცაა რობერტ გლასპერი, გრეგორი პორტერი და ესპერანზა სპალდინგი.

რა ხდება როდესაც სამი ჯაზ გიგანტი ერთად იკრიბება? ამის მოსმენა და გაგება 8 ივლისს შეგეძლებათ, როდესაც ჩვენს წინაში CrossCurrents-ის ტრიო წარსდგება. დეივ ჰოლანდი, რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალზე ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა ჩამოსულიყო, ტრიოსთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაში. ლეგენდარულ ბასისტს, არანაკლებად გამოჩენილი, ტაბლაზე ცნობილი შემსრულებელი ზაკირ ჰუსეინი დაუმშვენებს გვერდს და აქვე იქნება საქსაფონისტი კრის პოტერიც. სხვადასხვა კულტურის შვილები ჯაზმა გააერთიანა და კულტურათა შორის გადაკვეთის წერტილებს სწორედ აღნიშნული ტრიოს ფარგლებში იკვლევენ. აქ დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრა, მუსიკალურად დიალოგის წარმართვის მცდელობაა. ამ შემთხვევაშიც, იმისთვის რათა ერთი მუსიკალური იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ, საჭიროა ადამიანებს შორისაც შესაბამისი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რათა შემოქმედებითი პროცესი ეგოს თამაშის პრობლემებისგან დაცლილი იყოს – თუ როგორ გამოსდით ეს ამ გამოცდილების მქონე მუსიკოსებს, დეტალურად 8 ივლისს გავიგებთ.

სრულიად განსხვავებული საღამო გველოდება ფესტივალის დასკვნით დღეს, როდესაც მსმენელის წინაშე თითქმის ყველა ცნობილი მუსიკალური გამომცემლობის მიერ ერთიანად აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვატორი თანამედროვე ჯაზ პიანისტი, ვიჯეი აიერი ესტუმრება თბილისს. აიერი ჯაზ კომუნის გარეთაც მიიჩნევა როგორც კრიტიკულად მოაზროვნე  მულტიმედია კოლაბორატორი, რომელმაც 25 წლიანი კარიერის განმავლობაში 24 ალბომი გამოუშვა. მისი მუსიკა საწყისებს სამხრეთ აზიური და აფრიკული კულტურიდან იღებს, რაც მნიშვნელოვნად ერწყმის 60-იანი წლების აფრო-ამეირიკულ მუსიკალურ ტრადიციას, დიუკ ელინგტონისა და თელონიუს მონქის გზის გაგრძელებით. 90-იან წლებში იგი იელის უნივერსიტეტში მათემატიკასა და ფიზიკას სწავლობდა, თუმცა მალევე ამჯობინა რომ საკუთარი თავის მუსიკისთვის მიეძღვნა, გარდა შემსრულებლისა იგი კომპოზიტორია სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლების თუ დიდი ბენდებისა და ამავდროულად ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლის აფრო-ამერიკულ მუსიკალურ ტრადიციას. ქართული აუდიტორიის წინაშე მუსიკოსი ტრიოსთან ერთად, მათი ბოლო ალბომით „Uneasy” წარსდგება, რომელიც ლეგენდარულ ECM Records-ზე  შარშან გამოვიდა.

აღნიშნული ინფორმაციით ნათლად შეგვიძლია ვთქვათ რომ თბილისის ჯაზ ფესტივალის საიუბილეო გამოშვების სამივე საღამო სრულიად განსხვავებული იქნება, ყველას კი  ქართველი ჯაზის მოყვარულები გააერთიანებენ.


შინაური ცხოველების კარები, მათ ამოსაცნობად, AI სისტემას იყენებს

ეს კამერა ხმას მისი ვიბრაციების დანახვით ჩაიწერს