თბილისის “ლოკომოტივი” მწვანე მინდვრის გარდა ვირტუალურ სპორტშიც ცდილობს ძალების მოსინჯვას და Esports-ის რუკაზე საკუთარი თავის დამკვიდრებას. დედაქალაქურმა კლუბმა რამდენიმე თვის წინ ამ მიმდინარეობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა და გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც პროფესიონალი მოთამაშეები აიყვანა, მათ სრულფასოვანი კონტრაქტები გაუფორმა და თანამშრომლობა შესთავაზა. ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი საქართველოში ყველაზე წარმატებული კიბერ მოთამაშეები არიან, ისინი ფიფას სათამაშო სექციაში ბევრი გათამაშებისა და ტურნირის გამარჯვებულები არიან, “ლოკომოტივმა” ინვესტიცია სწორედ ამ ორ მოთამაშეში გააკეთა და არჩევანი მათზე შეაჩერა.

სპორტის ეს სახეობა ჩვენთან პირველ ნაბიჯებს დგამს, მოთამაშეებისთვის კი პროფესიონალური კლუბების მიერ მხარდაჭერა სასიცოცხლად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ტანდემები ევროპაში უკვე წლებია ხდება, დიდი საფეხბურთო გრანდები უკვე სატრანსფერო ბაზარზე ერთმანეთს კიბერ მოთამაშეების შეძენაშიც აქტიურად ეჯიბრებიან. ვირტუალური სპორტის სახეობა დიდძალ ვარჯიშს მოითხოვს, შესაბამისად მოთამაშეები მოსამზადებელ ეტაპებს და სხვადასხვა ბანაკებს გეგმავენ. ასე მაგალითად ფრანგულმა “პსჟ”-მ საკუთარი კიბერ მოთამაშეები კომფორტულად მოსამზადებლად წინა წელს ყატარში გაამგზავრა, სადაც ისინი 1 თვის განმავლობაში ტურნირისთვის ემზადებოდნენ.
ფიფა ის სათამაშო დისციპლინაა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება, ზოგადად კიბერ სპორტი წლებია ახალ სიმაღლეებზე ადის, მუდმივად მზარდი საპრიზო ფონდისა და სპონსორების ფონზე, პროფესიონალი გეიმერები ყოველწლიურად მილიონობით ევროს აკუმულირებას ახერხებენ. გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში ეჯიბრებიან, ჩვენი ინფორმაციით “ლოკომოტივს” სხვა სათამაშო დისციპლინების მიმართულებით განვითარებაც სურს, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი კი მალე სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირებში “ლოკოს” სახელით ჩაებმებიან.









