29 სექტემბერს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან 09:00 სთ-ზე რიგით მერვე თბილისიმარათონი დაიწყება. ღონისძიების ჩატარება ჰაიდელბერგცემენტს უკვე ტრადიციად ექცა და წელსაც, როგორც აქამდე, იგი საქველმოქმედო ფორმატის იქნება, ამასთან ერთად, ბევრი სიახლეა დაგეგმილი – ამის შესახებ თბილისიმარათონის პროექტის მენეჯერს ნიკოლოზ ჯინჯიხაძეს გავესაუბრეთ:
https://www.facebook.com/marketer.ge/videos/511630832944609/
M: რა მიზნობრიობისაა თბილისიმარათონი ზოგადად?
ღონისძიება სამი მიმართულებით მუშაობს: ქველმოქმედება – ყოველ წელს სხვადასხვა ბენეფიციარს ვეხმარებით შემოსული თანხით; ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია – ვცდილობთ მაქსიმალურად დავამკვიდროთ საქართველოში ის და სპორტული ტურიზმის განვითარება, რაც მსოფლიოში საკმაოდ ძლიერი ტრენდია დღესდღეობით და ვფიქრობთ, რომ თბილისს და ზოგადად საქართველოს ამის რესურსი ნამდვილად აქვს. წლიდან წლამდე უამრავი უცხოელი მონაწილე რეგისტრირდება მარათონზე, რომლებიც კონკრეტულად ამ ღონიძიებისთვის ჩამოდიან და მონაწილეობას იღებენ მასში.
M: რა ადგილას იწყება და მთავრდება წლევანდელი ღონისძიება?
თბილისიმარათონის სტარტი და ფინიში რუსთაველზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან იქნება. ვინც 21 კილომეტრს დარბის– ე.ი ნახევარმარათონს, უწევთ, ორი წრის გააკეთბა, ხოლო ვინც 10 კილომეტრს გარბის, მათ მხოლოდ ერთი წრის. გვაქვს ბავშვთა გარბენიც – 5-დან 11 წლის ჩათვლით ბავშვები დარბიან 500 მეტრს, ხოლო 11 წლიდან 15 წლის ჩათვლით კი – 1,2 კილომეტრს.
M: როდის იწყება თბილისიმარათონი?
09:00 სთ-ზე იწყება როგორც ნახევარმარათონი (21,1კმ) ისე 10 კილომეტრიანი გარბენიც. მას მოჰყვება პირველი ბავშვთა გარბენის სტარტი 09:15 სთ-ზე, ხოლო მეორე ბავშვთა გარბენი – 09:20 სთ-ზე დაიწყება.
M: როგორ შეირჩა და რა ადგილებს მოიცავს თბილისიმარათონი 2019-ის მარშრუტი?
მარათონის მარშრუტი შევარჩიეთ იმგვარად, რომ მონაწილეებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ეს თბილისიმარათონის, განსაკუთრებით – ტურისტებისა და უცხოელებისთვის. შევარჩიეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩები: რუსთაველი, ახალი აღმაშენებელი, ორთაჭალა, კოტე აფხაზის ქუჩა, სანაპირო – მარშრუტი ასევე თითქმის მთელ ძველი თბილის მოიცავს.
M: ვის შეუძლია ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღება?
ნახევრმარათონში და 10 კილომეტრიან გარბენში 16 წელს ზევით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. გარდა ამ ასაკობრივი შეზღუდვისა, სხვა არანაირ შეზღუდვას არ ვაწესებთ – მონაწილეობენ როგორც დამწყებები/მოყვარულები, ისე გამოცდილი სპორტსმენები. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 3000 ადამიანს შეუძლია დარეგისტრირება. ბავშვების შემთხვევაში ორი ასაკობრივი კატეგორია გვაქვს: 6-დან 10 წლის ჩათვლით და 11-დან 15 წლის ჩათვლით. აქაც გვაქვს ლიმიტი დაწესებული, ორივე ასაკობრივ კატეგორიაში 250-250 ბავშვს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 2000 ადამიანია დარეგისტრირებული და, როგორც წესი, ეს რიცხვი ბოლო კვირებში ძალიან იზრდება ხოლმე.
M: რა სიახლეები ელით თბილისიმარათონის მონაწილეებს წელს?
ყოველ წელს ვცდილობთ, მონაწილეებს სიახლეები დავახვედროთ. მაგალითად, თუკი წინა წელს ყველა მედალი ერთნაირიდიზაინის იყო, წელს მორბენლებისთვის გვექნება 2 სახის მედალი – სადაც ეწერება დისტანცია. ასევე, მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც მათ ჩვენი ფოტოგრაფები გადაუღებენ, ავტომატურად აიტვირთება ამ მონაწილეების შედეგებთან ერთად და შესაბამისად, მათ საშუალება ექნებათ გარბენზე გადაღებული ფოტოები გადმოწერონ საიტიდან, ამასთან ერთად, ფინიშის ხაზთან იქნება კამერები დამონტაჟებული და მონაწილეებს საკუთარი ვიდეოს ნახვის და გადმოწერის საშუალებაც ექნებათ.
M: რას მიიღებენ გამარჯვებულები და რა პრინციპით მიიღებენ ისინი ქველმოქმედებაში მონაწილეობას?
გამარჯვებულები მიიღებენ როგორც მედლებს, ისე – ფულად პრიზებს, ასევე, სპონსორები სპეციალურ პრიზებსაც აწესებენ მათთვის.. რაც შეეხება ქველმოქმედებას, ადრე გვქონდა ამგვარი სისტემა: შემოსულ თანხას სრულად ვაორმაგებდით და ისე გადავცემდით ბენეფიციარს. ახლა სარეგისტრაციო თანხა უმნიშვნელოდ გაიზარდა და ვაკეთებთ ამგვარად: მათი შემოწირულობა, ვინც უბრალოდ თანხას გადმორიცხავს და არ ირბენს, პირდაპირ გადაერიცხება ბენეფიციარს, ხოლო ვინც ირბენს – გაორმაგდება. ეს კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ნახევარმარათონში ჩართულობა უფრო მეტად გაგვეზარდა.
M: წლევანდელ ბენეფიციარზეც მოგვიყევით..
ყოველ წელს სხვადასხვა ბენეფიციარი გვყავს. ძირითადად, ვცდილობთ, შშმ პირებისა და ბავშვების მიმართულებით ვიმუშაოთ. წელს ძეგვის თავშესაფარი იქნება ჩვენი ბენეფიციარი, რომელის შენობასაც ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და თავშესაფარი ავეჯითა და სხვა საჭირო ნივთებით შევავსოთ.
M: როგორი მოლოდინები გაქვთ?
წინა წელს ადრეულ წლებთან შედარებით რეკორდები მოიხსნა, როგორც მონაწილეების რიცხვის მხრივ, ისე – თანხის შეგროვების მხრივაც. წელს კი გვინდა, ეს შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, ლიმიტი შევავსოთ – ღონისძიებაზე ზუსტად 3000 მონაწილე დარეგისტრირდეს. ასევე, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოვიყვანოთ სტარტის ხაზთან და მეტმა ადამიანმა ირბინოს. რეგისტრაცია მიმდინარეონს საიტზე www.tbilisimarathon.ge 26 სექტემბრის ჩათვლით.
[R]