Tbilisi Open Air 2024-ს ყველა ელოდება უცვლელ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში — ის დღეს, 21 ივნისს, 15:00 საათიდან იწყება და 23 ივნისს დასრულდება.
ოთხი სცენა 60-ზე მეტ არტისტს უმასპინძლებს. მათ შორის არიან: M.I.A., MASEGO, AURORA, ARCHIVE, SHE WANTS REVENGE, ELLEN ALLIEN, SPEEDY J, KEN ISHII, ATMOS, LEBANON HANOVER, CIRCUS MIRCUS, MOKUMOKU, PSYCHONAUT 4, KILLAGES, REGAL, HIGH FADE. სხვადასხვა გემოვნების მსმენელები შეძლებენ მუსიკალური სიამოვნების მიღებას.
გარდა ამისა, ევროზონაში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციაც გაიმართება. ასევე, FREEDOM VILLAGE-ში საუბრები, დისკუსიები და გათამაშებები მოეწყობა.
თანაც წელს Tbilisi Open Air, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სიამაყით აღნიშნავს 15 წლის იუბილეს. 2009 წელს დაარსების დღიდან Tbilisi Open Air დგას თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის სადარაჯოზე. აერთიანებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს და განსხვავებული ასაკის, სქესისა თუ წარმომავლობის ადამიანს თავს უყრის ერთ სივრცეში.
15 წლის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს.
[პარტნიორის კონტენტი]