21
Jun
2018

ფესტივალს „თბილისი რიტმი“, 23 ივნისს, „ნიაზ დიასამიძე – 33 ა” დახურავს

21 Jun 2018

პირველ საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი რიტმი“, 23 ივნისს, „ნიაზ დიასამიძე – 33 ა“ დახურავს. კონცერტი “Check in Goergia“-ს მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, 20:00 საათზე გაიმართება.

„ნიაზის მუსიკალურ კომპოზიციებს რიტმულ დინამიურობას მატებს შესრულების უჩვეულო მანერა, რომელიც ჟანრობრივად აერთიანებს რეგის და ფოლკ-როკს. მისი საოცარი ხმის ტემბრი ჰარმონიულად აბალანსებს გიტარისა და ფანდურის ჟღერადობას. ამ ყველაფერში იგრძნობა ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემა და რაინდული სული, რამაც განაპირობა ნიაზ დიასამიძის პოპულარობა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში“, – ამბობენ კონცერტის ორგანიზატორები.

„თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი კომპანია „თაგის არტია. ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა. 2017 წლის 24 ოქტომბერს, ორგანიზატორებმა დაარსების იდეა ოფიციალურად, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, პროექტით „მარე ნოსტრუმ“ წარადგინეს. მაშინ კონცერტში იტალიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო და შვედი პიანისტი იან ლუნდგრენი მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას, ფესტივალი 12 ივნისს, ჯაზის ამომავალმა ვარსკვლავმა, ფრანგმა გიტარისტმა და კომპოზიტორმა ტომ იბარამ, თავის ჯგუფთან ერთად გახსნა.

„მეორე დღეს, წამყვან ქართველ ჯაზმენებთან ერთად გამართულმა ჯემსეიშენმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდა მუსიკოს – შემსრულებელთა ტალანტი, საოცარი იმპროვიზაციის უნარი და  მელოდიურობის უსაზღვრო დიაპაზონი“.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიების, „ნიაზ დიასამიძე – 33 ა”-ს კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება.

[R]

განხილვა