„რამე მინდა ვიყიდო, სამახსოვროდ“ – ეს აზრი ხშირად გაგვიელვებს ხოლმე, როცა უცხოელი მეგობრებისთვის სუვენირებს ვეძებთ. თბილისში ჩამოსული ტურისტებიც ხშირად ათვალიერებენ, რა შეიძინონ ისეთი, რაც საქართველოში მოგზაურობას გაახსენებთ. ტურისტული ობიექტების სიმრავლის მიუხედავად, ბაზარზე მაინც შეიმჩნევა განსხვავებული სუვენირების ნაკლებობა, რასაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ვიზიტორი სიამოვნებით გაიყოლებდა თან, კიდევ ერთხელ ჩამოსვლას მოანდომებდა ან სხვებს გაუზიარებდა თავის თავგადასავალს.
სწორედ ამ იდეამ შთააგონა ქეთა ახობაძე, რომელმაც გადაწყვიტა ტურისტებისთვის სამახსოვრო აქსესუარებისა და საჩუქრების ალტერნატიული საშუალება შეექმნა. მისი ინიციატივით, შეიქმნა განსხვავებული თანამედროვე სტილის ხასხასა ილუსტრაციები, რომლებიც თბილისურ განწყობას უზიარებს მნახველებს და ჩვენს დედაქალაქსაც შთამბეჭდავად წარმოაჩენს.ვიზუალებში ასახულია როგორც ძველი, ისე თანამედროვე თბილისური ღირსშესანიშნაობები.
ილუსტრაციებით დაპრინტეს სხვადასხვა აქსესუარები და ერთი სახელის ქვეშ გააერთიანეს – ასე შეიქმნა „თბილისის სუვენირების“ ფერადი მაისურები, შარფები, ჩანთები და სხვა პროდუქტები. ახლებური ტურისტული პროდუქტების კონცეფციაზე „თბილისის სუვენირების“ დამფუძნებელი ქეთა ახობაძე გვესაუბრა.
M: რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ მომხმარებლებისთვის, თბილისის სუვენირების შექმნით?
ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც სერიოზული პრობლემაა ხარისხიანი სუვენირების შეძენა. ბაზარზე, ძირითადად, ტრადიციული ნივთებია წარმოდგენილი. გადავწყვიტე, შეგვექმნა განსხვავებული ატრიბუტები, ფერადი, თანამედროვე გრაფიკული ვიზუალებით. პროდუქციის მთავარი ხიბლი სწორედ დიზაინია. ამ აქსესუარების დახმარებით, აქ ჩამოსულ ტურისტებს ახლებური თბილისი გვინდა გავაცნოთ.
დიზაინერებთან ერთად, შევარჩიეთ 8 ადგილი თანამედროვე და ძველ თბილისში. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით შემდეგ ღირსშესანიშნაობებზე, როგორებიცაა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ძველი თბილისი, მთაწმინდა, ჭრელი აბანო, ბეთლემის ქუჩაზე არსებული ხის სახლის ორნამენტი, ძველი თბილისის სადარბაზოს კარი, გალერია თბილისი, აქსის თაუერსი.
ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ თითოეული პროდუქტი მაღალი ხარისხის ყოფილიყო. პოლიგრაფიულ პროდუქციაზე გამოყენებულია ხავერდოვანი მასალა და მოცულობითი ლაკი, რაც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს ნივთებს.
M: რა პროდუქტებს აერთიანებთ და რა მნიშვნელობა აქვს ასეთი პროდუქტების შექმნას?
ამ ეტაპზე, გვაქვს შემდეგი პროდუქტები: ბრელოკები, მაგნიტები, ბარათები, სამაგიდო თამაში, შარფები, ფანქრები, მარკები, მაისურები, პასპორტის ჩასადებები, ბლოკნოტები, ტილოს ჩანთები, სასაჩუქრე ჩანთები.
დედაქალაქის სტუმრებს შეუძლიათ სამახსოვროდ შეინახონ ეს ნივთები, შეიძინონ საჩუქრებად და თბილისი თავიანთ ახლობლებს უფრო მეტად შეაყვარონ. ვფიქრობ, მსგავსი კონცეფციის ტურისტული პროდუქტის შექმნა თბილისის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?
ძირითადი სამიზნე აუდიტორია ტურისტები არიან, თუმცა პროდუქტი საინტერესოა იმ ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც საჩუქრების უცხოელი მეგობრებისთვის შეძენა სურთ. პროექტი გალერია თბილისის მხარდაჭერით შედგა. სუვენირების ყიდვა შესაძლებელია გალერია თბილისის 0 სართულზე. „თბილისის სუვენირების“ სტენდი საინფორმაციო მაგიდის გვერდით არის განთავსებული. უახლოეს პერიოდში, ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ვებპლატფორმაზე დაემატება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მსურველებისთვის.
M: რა პერსპექტივას ხედავთ ამ საქმიანობაში?
ვფიქრობ, ესაა თანამედროვე ტურისტული პროდუქტი, რომლის ნაკლებობაც დიდი ხანია შეიმცნეოდა ბაზარზე, ამდენად, მასზე მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზრდება. სამომავლოდ, ვგეგმავ როგორც ვიზუალების, ასევე პროდუქციის დამატებას. მინდა, კიდევ უფრო მეტი გაყიდვების არხი ავითვისოთ. ამ ეტაპზე, „თბილისის სუვენირებს“ პროექტის სახე აქვს, თუმცა მასში დიდ პერსპექტივას ვხედავ და მინდა, ეს წამოწყება ბრენდად გადავაქციოთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი