30
Oct
2018

სპილო გრანდის ოპერაცია – თბილისის ზოოპარკის ბინადარი „ბი-ბი-სის“ სერიალის გმირი გახდება

30 Oct 2018

31 ოქტომბერს, თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაცია 10:00 საათზე დაიწყება.

 

 

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, გრანდს ოპერაციას ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe) ჩაუტარებენ.

„ასევე საქართველოში ჩამოვიდა თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი (Marjo Hoedemaker). უკვე ადგილზეა BBC-ის გადამღები ჯგუფიც“.

როგორც თბილისის ზოოპარკში ამბობენ, აზიური მამრი სპილო გრანდი, ერევნის ზოოპარკიდან, 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. მათი თქმით, ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.

„პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. სპილოს გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს. საფრთხეები კვლავაც არსებობს. ასეთი მძიმეწონიანი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზედ სარისკოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. ოპერაციისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ – მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“, – ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

სპილო გრანდის ოპერაციას, დამთვალიერებლები, ზოოპარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მიადევნებენ თვალს. ადმინისტრაციის განცხადებით, ოპერაციის შეუფერხებელი მსვლელობისა და ვეტექიმებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლებმა  შემდეგი წესები დაიცვან: ოპერაციის გადაღება შესაძლებელია დაწყებიდან 15 წუთის და დასრულებამდე 15 წუთის განმავლობაში; გადაღება დაშვებულია საოპერაციო ვოლიერის ბარიერის მეორე მხრიდან და არა უშუალოდ საოპერაციოში; Live-ის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ვოლიერის გარედან; აკრძალულია ფოტო და ვიდეოკამერების ფლეშგანათების გამოყენება; აუცილებელია ფოტო და ვიდეოკამერებისა და ტელეფონების ხმის გათიშვა; აკრძალულია ხმამაღალი საუბარი და ხმაური; აკრძალულია სიარული და ხმაური ოპერატორებისა და სტატიკურად დამონტაჟებული კამერების წინ; დაუშვებელია ვეტექიმების სამოძრაო არეალის შეზღუდვა, ცხოველთან და ინსტრუმენტებთან წვდომის შეფერხება.

განხილვა