22 წლის ბაია აბულაძე ახალგაზრდა მეღვინეა ბაღდათის პატარა სოფელ ობჩიდან. ყურძნის დაწურვის ოჯახური ტრადიცია სწორედ მან გააგრძელა და ახალი ქართული ღვინის ბრენდი „ბაიას ღვინო“ (Baia’s Wine) შექმნა. მისი პროდუქტი იმერეთის საზღვრებს უკვე გასცდა და თბილისის ბაზარზე შემოვიდა. ბაიამ მარკეტერთან თავისი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა
M: რა სპეციალობის ხარ და ამჟამად თუ სწავლობ სადმე?
ვარ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი. ამჟამად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას გავდივარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვცდილობ, რომ სწავლა და ჩემი საქმიანობა ერთმანეთს შევუთავსო.
M: როგორ გადაწყვიტე, რომ მეღვინე გამხდარიყავი?
მეღვინეობა ჩვენი ოჯახის დიდი ხნის ტრადიციაა, რომლის გაგრძელებაც ძალიან მინდოდა. ჩემი ოცნების ასრულებაში ოჯახი დამეხმარა და ჩემი სახელობის ღვინის ახალი ბრენდი შევქმენით.
M: როგორ შემოვიდა „ბაიას ღვინო“ თბილისის ბაზარზე?
ზოგადად ძალიან კარგია, როცა შენი პროდუქტი პატარა სივრციდან გამოგაქვს ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც თბილისის ღვინის მაღაზიებია. ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის რამდენიმე ფაქტორმა შეგვიწყო ხელი: პირველი იყო ის, რომ მოვიპოვეთ 5000 ლარის ოდენობის დაფინანსება პროექტ „აწარმოე საქართველოში“ და ამ თანხით ღვინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები შევიძინეთ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში გაწევრიანება იყო და ეს ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ბრენდის განვითარებაში. დიდი როლი ითამაშა „ბაიას ღვინოს“ გამოჩენამ ქართულ მედიაში და ამის შემდეგ, ჩვენი საოჯახო ღვინის მარანი მალევე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალიან ბევრი მომხმარებელი გამოთქვამდა სიხარულს, რომ მიეცა იმერული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.
M: სად შეგვიძლია შევიძინოთ ან დავაგემოვნოთ “ბაიას ღვინო”?
ჩვენი ბრენდი შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ღვინის მაღაზიებში და დააგემოვნოთ ბარ-რესტორნებში: g.vino, „ბარბარესთან“ და „კაფე ლეილა.“
M: ღვინოს რა მეთოდით აყენებთ?
ჩვენს ღვინოს ევროპული წესით ვაყენებთ და ვინახავთ უჟანგავი მოწყობილობის ჭურჭელში. სამომავლოდ გვინდა, რომ ქართული წესისამებრ, ქვევრებში დავაყენოთ.

M: რა სირთულეებთანაა დაკავშრებული მეღვინეობა?
მთავარია, შეძლო დროის კარგად დაგეგმვა და იხელმძღვანელო ყველა იმ წესით, რომელიც კონკრეტული პროდუქტის ბაზარზე გასატანად და გასაყიდადაა საჭირო. აუცილებელია, გქონდეს ძალიან კარგი მენეჯერული ცოდნა და ბევრი თავისუფალი დრო, რათა ეფექტიანად მართო ღვინის წარმოების პროცესი. საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა ყველა იმ სირთულის წინასწარ განსაზღვრაში, რაც შეიძლებოდა, რომ ამ საქმის დაწყების პროცესში შეგვხვედროდა.
M: ვინ არის ჩართული შენი ღვინის წარმოებაში?
სეზონური სამუშაოების დროს რამდენიმე ადამიანი გვეხმარება, თუმცა, ძირითადი სამუშაო ძალა მაინც ოჯახის წევრები არიან. ისინი ღვინის წარმოების მთლიან პროცესში არიან ჩართულები.
M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ახლო მომავალში ვაპირებთ, რომ განვავითაროთ ჩვენი ოჯახის ტრადიცია, შევისწავლოთ უფრო მეტი ამ საქმის შესახებ და დავიწყოთ ღვინის ქვევრებში დაყენება. გვინდა, მეღვინეობაში არსებული ბიო-მიმართულების ტენდენციებსაც ავუწყოთ ფეხი, რაც ვენახებში სპეციალური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.
M: რას ურჩევდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ ბიზნესს?
ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდას ვხვდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოფლის მეურნეობის სფეროთი და ამ კუთხით დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ და ვურჩიო, რომ ისევ ისეთივე სიყვარულით განაგრძონ საქმის კეთება, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ სრულყოფილი ცოდნა იმ საქმეზე, რისი წამოწყებაც სურთ.










