წლევანდელმა ღონისძიებამ, რომლის მთავარი თემაც In Creative Resistance იყო, ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, დამწყები და გამოცდილი დიზაინერები.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამჯერად ღონისძიებამ უფრო მოკრძალებული სახე მიიღო და მასზე დასწრებაც მსურველებმა უფასოდ, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის შედეგად, შეძლეს. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არსებულ რეალობაში, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების განსაკუთრებით მოტივირება და მხარდაჭერა იყო.
მოდით, თვალი გადავავლოთ 2025 წლის თბილისის დიზაინის ფესტივალს.
საუბრებისა და ნეთვორქინგ სივრცე
ამ სივრცეში თავმოყრილ სტუმრებს სპიკერებმა გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის საბჭოთა არქიტექტურა, ფოტოგრაფიის მნიშვნელობა, ბრენდინგი, სოციალური დიზაინი და ა. შ. დამსწრეებს საშუალება მიეცათ, ეს თემები სხვადასხვა პერსპექტივიდან აღექვათ და სახლში წაეღოთ ახალი ხედვები, რომლებიც შემდგომ მათ შემოქმედებას გაამდიდრებდა.
ვორქშოფები და პრაქტიკული გამოცდილება
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მრავალი ვორქშოფი, სადაც მონაწილეებმა სპიკერების მიერ გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში მოსინჯვა შეძლეს. დავალებები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ლოგოების, სიმბოლოების, ბრენდინგის სტრატეგიების, წიგნის ილუსტრაციის, ტიპოგრაფიებისა და პოსტერების შექმნას. პრაქტიკულ დავალებებს კი ფონად სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე პასუხი გასდევდა.
ვორქშოფ სივრცეში ასევე ჩატარდა ღია ფიდბექ სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ერთმანეთისთვის თავიანთი ნამუშევრები და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები გაეზიარებინათ.
დღის მეორე ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას სამუშაო პროცესში. სპიკერებმა ხაზი გაუსვეს შემოქმედებით ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას და კრეატიულობის ახალ გზების აღმოჩენას. რა თქმა უნდა, მიგნებებისა და გამოცდილების გაზიარება, ამ შემთხვევაშიც პრაქტიკულ დავალებებსა და ხელშესახები შედეგების მიღებაში გადაიზარდა.
კულმინაცია — დიზაინ პროექტი
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დაანონსდა დიზაინ პროექტი, რომელსაც კურატორობას ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გრაფიკული დიზაინერი — პაულა შერი გაუწევს. წლევანდელი პროექტის სახელწოდება იქნება „დიზაინერები კრეატიულ წინააღმდეგობაში“.
იმის ფონზე, რომ ამჟამად საქართველო და, ზოგადად, მსოფლიო მზარდი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, ამ დიზაინ პროექტის მისიაა, ხაზი გაუსვას პრობლემას და აჩვენოს, რომ თავად შემოქმედებითობა წინააღმდეგობის მძლავრი იარაღია.
თბილისის დიზაინის ფესტივალი წელს გამოირჩეოდა არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ ღრმა სოციალური და კულტურული მნიშვნელობით. ღონისძიებამ შექმნა პლატფორმა, სადაც კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეძლეს გამოცდილებების გაზიარება, თავიანთი უნარების განვითარება და შთაგონების მიღება.
ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრეატიული სფეროს წარმომადგენლები მზად არიან, სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებს თავიანთი ნამუშევრებითა და ინოვაციური მიდგომებით უპასუხონ.