in

პარალელური რეალობა ქალაქის ცენტრში – თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

„გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა“. ვიდეო ინსტალაცია. 2022

სტამბას“ „ბლოკს თუ ეწვევით, ვიზუალური ხელოვნების პარალელურ სამყაროში აღმოჩნდებით, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ჰქვია. სივრცეში მოხვედრისთანავე მარტივად მიხვდებით, რომ მუზეუმი ერთი დიდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებსაც უყრის თავს და ვიზუალურ ხელოვნებას, როგორც ენას, აუდიტორიასთან თანამედროვეობის მნიშვნელოვან საკითხებზე კომუნიკაციისთვის იყენებს. საგამოფენო დანიშნულების გარდა, მუზეუმმა საგანმანათლებლო როლიც შეითავსა. მთლიანობაში, თავისი კონცეფციით, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, განსხვავებული და გამორჩეულია მუზეუმის კლასიკური გაგებისგან.

„ყველაზე სასიამოვნო მაინც ამის მოსმენა არის ხოლმე გაკვირვებული ვიზიტორებისგან: „არ ჰგავს თბილისს აქაურობა“, „თითქოს, არ ვართ თბილისში“, „თითქოს ევროპულ საგამოფენო სივრცეში მოვხვდით“, „სხვა ასეთი სივრცე არ არის საქართველოში“ და ა.შ. ვფიქრობ, ამ ეფექტს სივრცის არქიტექტურულ მოცემულობასთან ერთად, ის შინაარსიც განსაზღვრავს, რომელსაც ჩვენი გამოფენებისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით ვქმნით. ისევე, როგორც ის კურატორული მიდგომები, რომლებიც ჩვენ გამოფენებს სხვებისგან განასხვავებს, იქნება ეს აკადემიური, სახელოვნებო თუ უფრო არაფორმალური საგალერეო სივრცეები,“ – გვიამბო მუზეუმის თანადამფუძნებელმა და სამხატვრო დირექტორმა, ნესტან ნიჟარაძემ.

„უწონობის ფერი“. დავით მესხი. 2021-2022

M: სამუზეუმო კულტურა საკმაოდ ხანგრძლივ ისტორიას მოითვლის. თქვენი შეფასებით როგორია თანამედროვე მუზეუმის კონცეფცია, რომელიც ადამიანებს ისტორიასთან დამეგობრების ინტერესს უღვიძებს?

თანამედროვე მუზეუმი არაა მხოლოდ ისტორიასთან დამაკავშირებელი კულტურული სივრცე. ეს ის მნიშვნელოვანი პალტფორმაა, რომელიც თანამედროვე ადამიანს აწმყოსანუ მოცემული მომენტის, რეალობის გააზრებისა და მიღების მნიშვნელოვან ინტელექტუალურ და ემოციურ შესაძლებლობას სთავაზობს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი

მუზეუმის ერთ-ერთი ფუნქციაა იყოს ალტერნატიული სოციალური, კულტურული და დღეს უკვე, პოლიტიკური პლატფორმაც და ასევე, ინტელექტუალური გამოცდილების მიღების უნიკალური „ტერიტორიაც“.

ვენს რეალობას რეგიონის ურთულესი გეო-პოლიტიკური მოცემულობა და ის დიდი ცვლილებები განსაზღვრავს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სასტიკი ომის შედეგია. ამას საქართველოში რუსული მიგრაციის ტალღა და რუსული კაპიტალის შემოდინება მოჰყვა, რაც რუსულ გავლენებს აძლიერებს. ამ მოცემულობაში კულტურა, რომელიც მოაზრებულია „რბილ ძალად“ და რომლის განუყოფელი ნაწილიცაა მუზეუმი, პოლიტიკური შინაარსებით იტვირთება. დღეს კი, „რბილი ძალა“ კიდევ ერთი ბერკეტია რუსული გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„უწონობის ფერი“. დავით მესხი. 2021-2022

M: რა იყო მუზეუმის ჩამოყალიბების თავდაპირველი მიზანი?

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა ორმა გადამწყვეტმა კომპონენტმა განაპირობა:

პირველი, ალტერნატიული სახელოვნებო და საგანმანთლებლო პლატფორმის შექმნის იდეაა. მუზეუმი ჩაფიქრებულია როგორც დამოუკიდებელი, გახსნილი, ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ფართო აუდიტორიისა და ხელოვანებისთვის. მუზეუმი, რომელიც მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზეა ფოკუსირებული (ფოტო, ვიდეო, ახალი მედიები) მას სოციალური და კულტურული ცვლილებების ინიცირებისთვის იყენებს, რაც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

იმედი მაქვს, ეს პროექტი, ჩვენი ყველა სხვა პროექტის მსგავსად, შთაგონების წყაროდ იქცევა და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მუზეუმის შექმნა, ის ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია და კოლექციებია, რომლებიც მუზეუმმა „მემკვიდრეობით“ ჩვენი პირველი საერთაშორისო პლატფორმისგან – თბილისის ფოტო ფესტივალისგან მიიღო. ეს უკანასკნელი გახლავთ პირველი საერთაშორისო ფოტო ფესტივალი საქართველოში. ის 2010 წელს შეიქმნა და ვიზუალური თხრობის მნიშვნელოვან პალტფორმად ჩამოყალიბდა რეგიონში. ფესტივალის გარეშე, მუზეუმის შექმნამდე ვერ მივიდოდით.

„ხეობის ხმები“. მულტიმედიური გამოფენა. 2023 @Tbel Abuseridze

მუზეუმი ამ სახით,  ერთადერთია საქართველოში, მეტიც, სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ის, როგორც დიდი სახელოვნებო და საგანმანთლებლო პროექტი ატიპურ, ალტერნატიულ სივრცეში  მდებარეობს. ეს სივრცესტამბასშენობაშია, „ბლოკში და მისი განვითარება თბილისის ფოტო ფესტივალისა და აჭარა ჯგუფის მრვალწლიანი პარტნიორობის შედეგია.

M: როგორი სამიზნე სეგმენტისთვის არის განკუთვნილი მუზეუმი?

გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მუზეუმი ყველასთვის არის – თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მოყვარულებისა და ექსპერტებისთვის, ხელოვანებისთვის, მკვლევრებისთვის, მათთვის, ვისთვისაც ფოტოგრაფია და ზოგადად, გამოსახულება ცოდნისა და ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. მუზეუმი, ასევე, არის სტუდენტებისთვის, რომლებიც ცოდნის გამდიდრების ალტერნატიულ გზებს ეძებენ; ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენი სპეციალური პროგრამებით იღებენ არაფორმალურ განათლებას; ტურისტებისთვის, რომლებიც თბილისზე წარმოდგენას ამ სახელოვნებო სივრცეში მიღებული შთაბეჭდილელბის გავლენითაც იქმნიან და მათთვისაც, ვისაც მუზეუმში სიარულის ჩვევა აქვს, ვისაც უყვარს ხარისხიანი გამოფენები, ივენთები, ფოტოწიგნები, სიმშვიდე, ლამაზი ინტერიერი, ახალი გამოცდილებების მიღება და ..

M: რას მოიცავს სამუზეუმო სივრცე და როგორი შთაბეჭდილებები ელის ვიზიტორს?

საგამოფენო და სამუშაო სივრცე

ჰმ, რა შთაბეჭდილება ელოდება ჩვენს სტუმრებს?! ალბათ, რა შთაბეჭდილებაც შეუძლია მოახდინოს მოულოდნელად პარალელურ რეალობაში აღმოჩენამ… მუზეუმი ყველაფერით განსხვავდება ყველა სხვა სახელოვნებო სივრცისგან, რომელსაც მიჩვეულია თანამედროვე მაყურებელი საქართველოში.

მუზეუმი „სტამბას“ „დ“ ბლოკში, მეორე სართულზე მდებარეობს და შესაბამისად, საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული ნაგებობის ნაწილია. საბჭოთა პერიოდში, ამ შენობაში გამომცემლობა იყო განთავსებული. მუზეუმის სივრცე საკმაოდ მინიმალისტური და ლამაზი არქიტექტურული მოცემულობაა, სადაც შენობის ისტორიული ტრანსფორმაციის ენერგეტიკაც იგრძნობა. ეს შენობა საბჭოთა პერიოდშიც ემბლემატური იყო, ისევე, როგორც ახლა არის განვითარების ახალ ისტორიულ ისტორიულ პერიოდში მყოფი საქათრველოს „ლენდმარკი“ და ერთგვარი სოციალური ჰაბი.

მუზეუმის ტერიტორია სამი ნაწილისგან შედგება: დიდი საგამოფენო სივრცე, მედიათეკა საკოლექციო კედელთან ერთად და მუზეუმის გუნდის სამუშაო სივრცე.

„… და გამოვედით, რომ გვენახა კვლავ ვარსკვლავები…“ ჯგუფური მულტიმედიური გამოფენა

დიდ საგამოფენო სივრცეში მასშტაბური გამოფენები და ვიდეოინსტალაციები ეწყობა. მედიათეკა საქართველოში ფოტოწიგნების ერთადერთ ბიბლიოთეკას მოიცავს და საკოლექციო კედელი, სინამდვილეში, მცირე საგამოფენო ზედაპირია. დროდადრო, მცირე გამოფენებს სამუშაო სივრცეც მასპინძლობს. მოკლედ, ყველგან გამოფენაა და თითოეული სივრცე საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცეები ერთმანეთისგან ფუნქციურადაც და ესთეტურადაც განსხვავდება. მუზეუმის მომხიბლავობას ისიც განაპირობებს, რომ ინტერიერი მცენარეებით არის გამწვანებული და ხედიც სტამბის ულამაზეს ბაღზე გადადის – ფაქტობრივად, ექსტერიერი ინტერიერის ნაწილია. მუზეუმის გუნდის სამუშაო სივრცის ფანჯრებს, ვერხვის უზარმაზარი ხე დაჰყურებს, რომელიც უკვე 70-80 წლის იქნება. სეზონებზე ჩვენი ვერხვი იერსახეს იცვლის – ხან ულამაზესი ფოთოლცვენით გვანებივრებს, ხან – სიმწვანით. დღის მეორე ნახევარში კი, ვერხვის ფოთლების ჩრდილები ლამაზად ლიცლიცებენ მუზეუმის კედლებზე… 

M: მუზეუმს გაცნობიერებული აქვს თავისი საგანმანათლებლო მისიაცროგორია თქვენი საგანმანათლებლო პროექტები?

მუზეუმმა ახალი და რაც მთავარია, ინკლუზიური საგანმანთლებლო შესაძლებლობების შექმნის ესტაფეტა, ჯერ კიდევ, თბილისის ფოტო ფესტივალისგან მიიღო. ეს უიშვიათესი სახელოვნებო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც წლების მანძილზე, რეგულარულად ავითარებს ახალ პროგრამებს არა მხოლოდ ხელოვანებისთვის, არამედ სხვადასხვა სოციალური, ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფებისთვის.

თბილისის ფოტო ფესტივალი 2015. ანტუან დაგატა. „ეკლიფსი“ თბილისის ფოტო ფესტივალი 2015

ეს პროგრამები მოიცავს: მიმდინარე გამოფენებთან ასოცირებულ პროგრამებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, თანამედროვე გამოსახულების მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის. ასევე, აქ არის ვიზუალური ხელოვანი ქალების პროფესიული და ფინანსური გაძლიერების პროგრამები რეგიონის მასშტაბით (სახელოვნებო რეზიდენციებით, გრძელვადიანიმენტორობით“, გრანტებით, ლექციების სერიით); ასევე, უმცირესობების წარმომადგენელი ჯგუფებისთვის მოაზრებული საგანმანათლებლო პროგრამები თბილისის ფარგლებს გარეთ. საგანმანთლებლო პროგრამების დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და ამის შედეგია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვიზუალური განათლების მცირე ცენტრების შექმნა დავიწყეთ. პირველი ასეთი ცენტრი პანკისის ხეობაში გაიხსნა 2022 წლის მაისში; მეორე კი, 2023 წლის მაისში – ქედაში. ახლა, მესამეს გახსნაზე ვმუშაობთ. ცენტრები აერთაინებს მედიათეკას ფოტოწიგნების ბიბლიოთეკით, სადაც ადგილობრივი მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები ტარდება ვიზუალურ თხრობაში.

მუზეუმის მედიათეკა

მუზეუმის ფოტოწიგნების ბიბლიოთეკა 1500-მდე საერთაშორისო და ქართველი ფოტოგრაფის უნიკალურ წიგნს, მულტიმედიური არქივი i-mediatheque კი, 500-ზე მეტ მულტიმედიურ პროექტს აერთიანებს. ამ კომპონენტებს მუდმივად ვიყენებთ საგანმანთლებლო პროგრამებში.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის არსებობა?

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სახელმწიფო პოლიტიკა კულტურული პროექტების მხრდაჭერის მიმართულებით მიკერძოებული და პოლიტიზირებულია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კი, რუსული კაპიტალის მნიშვნელოვანი შემოდინება მოხდა საქართველოში და მათ შორის, საქართველოს სახელოვნებო ბაზარზეც, თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმი იმ ახალ დამოუკიდებელ პლტაფორმად რჩება, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებას ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით. მეტიც, ვიზუალურ ხელოვნებას მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული ცვლილებების ინიცირებისთვის იყენებს. სწორედ ეს ინოვაციური მიდგომაა მუზეუმის პროექტის წარმატების გასაღები.

ჯიმ გოლდბერგი/Magnum Photos. „მდიდარი და ღარიბი“ 2023

გვჯერა, რომ რეალური ცვლილებები იმ საზოგადოებას შეუძლია, რომლის მოქალაქეებიც ცვლილებების აუცილებლობას აცნობიერებენ. ვიზუალური თხრობა კი, ცნობიერების ამაღლების, რეალობის ხედვისა და გააზრების ერთერთი მძლავრი მედიუმია.

M: როგორ გეგმავთ სამუზეუმო სივრცისა და საქმიანობის განვითარებას?

მუზეუმის პლატფორმა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფოტოგრაფიასა და ვიდეოში მომუშავე ხელოვანებთან თანამშრომლობით და უფრო ფართოდ იხსნება, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნებისთვის.

მუზეუმის საგამოფენო პროგრამა მომდევნო ორი წლის მანძილზე წინასწარ არის დაგემილი და ის თანამედროვე ფოტოგრაფიის მეტრებისა და ქართველი ფოტოგრაფების გამოფენებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ ახალი პროგრამის ამოქმედებასაც, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

შემოდგომიდან ამოქმედდება ახალი საგანმანთლებლო პროგრამა, რომელიც ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა. ის განსხვავებული მედიუმების გადაკვეთას ეფუძნება და ღია იქნება ყველა მსურველისთვის.  

სხვა ბევრი სიახლე და სიურპრიზიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ძალიან გაახარებს ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას სულ მალე, თუმცა ამაზე ჯერშშშშშ“. მანამდე კი, მოდით მუზეუმში – მუზეუმში შესვლა უფასოა, ასევე, უფასოა მუზეუმის მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება – სახელოვნებო თუ საგანმანთლებლო!

ქართულ-უკრაინული ვარსკვლავთცვენა Saatchi & Saatchi-ში — ინტერვიუ სააგენტოს რეგიონული პროექტების ხელმძღვანელთან

HIGHLANDER Adventure Georgia-ს ორგანიზებით, 20-22 ივლისს, მესტიაში ლაშქრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება