in

რას გიმზადებთ თბილისის რიგით მე-14 თეატრალური ფესტივალი?

შემოდგომა თბილისისთვის თეატრალური შეხვედრების,  სიახლეების ნახვის, შთაბეჭდილებების გაზიარების, ახალი აღმოჩენებისა და ახალი გეგმების დასახვის პერიოდია. წელს დედაქალაქი რიგით მე-14 თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს, ამიტომ თქვენც თამამად შეგიძლიათ უკვე დაგეგმოთ თქვენი თავისუფალი საათები.

თეატრალურ ფესტივალს ყოველ წელიწადს აქვს კონკრეტული გეზი და მიმართულება, ამოცანები და პრიორიტეტები. ის არასოდეს უშინდება ექსპერიმენტებს და გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალი იქნება. საზოგადოებას ის აძლევს არა მხოლოდ ღირებული სპექტაკლების ნახვის საშუალებას, არამედ ისეთ თემებსაც ეხება, რომელიც ერთგვარი გამოწვევა ხდება ფესტივალისთვის, გამოწვევა კი საზოგადოებასთან დისკუსიასა და ხშირად კამათში შესვლასაც გულისხმობს. ის ეხება თემებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე,  მომავალ თაობაზე, ქვეყნის და ქალაქის განვითარებაზე. 

2022 წელს მაყურებელს საინტერესო თეატრალური გამოცდილება ელოდება. პროგრამა 5 ქვეყნის 9 წარმოდგენას უმასპინძლებს. 

პირველი წარმოდგენა უკრაინის მხარდასაჭერად იმართება. 26-27 სექტემბერს ვლად ტროიცკის, დახ დოთერზ, ტატიანა ტროიტსკას მუსიკალური თეატრის  „სიკვდილის როკვა” ნახვა შეგეძლებათ. „სიკვდილის როკვა” არის მოულოდნელი და ამავე დროს სასწრაფო აუცილებლობა ხელოვნების საშუალებით წინ აღვუდგეთ ომის საშინელებას. უკრაინელი არტისტები ვლად ტროიცკი, ტატიანა ტროიცკა და დახ დოთერზ საფრანგეთში 2022 წლის მარტში ომს გაექცნენ.  ისინი მეგობრებმა „ლე პრიუში” – ნორმანდიის ნაციონალური დრამატურგიის ცენტრში  შეიფარეს. მასპინძლებთან ერთად ჯგუფმა ახალი მუსიკალურ-თეატრალური  შოუ შექმნა, მუსიკალური სპექტაკლი იმ ისტორიებისა და განცდების საფუძველზეა, რომელიც მათ ომმა მოუტანა.  სპექტაკლი გამოწვევაა სიყვარულისა და მშვიდობისათვის.

27 და 28 სექტემბერს მაყურებელის წინაშე „ჯამბაზების სახლები“ წარსდგება გერმანიიდან.  სპექტაკლში ერთი შენობა, ხუთი ბინა, ექვსი მოქმედი პირია. მაყურებელი ხედავს მათ  ცხოვრებას – ისინი  ჩაბნელებულ, კლაუსტროფობიურ გარემოში ცხოვრობენ;  ბევრი შიშითა და აკვიატებებით, სიმარტოვის გამძაფრებული შეგრძნებით.

4, 5 ოქტომბერს სრულ სიგიჟეს იხილავთ!  კომპანია ჯაკობ აჰლბომ „ლებენსრაუმით“ წარსდგება. ეს არის გარემო, სადაც კარი ცულის ტარზეა დამაგრებული, დივანი ადამიანებს ყლაპავს,  ხოლო  კედლები იხსნება და ორმო ნაპრალები ჩნდება, ხოლო როდესაც სპექტაკლში კვანძი იკვრება, თავბრუ გეხვევა.  

ასევე ფესტივალის  ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ირანული დასი სპექტაკლით  „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“, რომლის წარმოდგენაც 7 სექტემბერს გაიმართება. სპექტაკლი სამი თაობის  ირანელი ქალების ტკივილსა და ტანჯვაზეა. ბებიებიდან  ჩვენს დროში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონამდე; ქალების სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, იმედებზე… სპექტაკლი ომზეა – ომზე, რომლის ხმაც არავის არასდროს ესმოდა. ეს ის ხმაა, ათწლეულების განმავლობაში  რომ იმალება თოვლისა და სიცივის ქვეშ, ხმა, რომლის ექოსიც კი გვეშინია. ეს ხმა ქალისაა.

და ბოლოს 9 და 10 ოქტომბერს! არ უნდა  გამოტოვოთ დაიტო მანაბეს „წყვეტილი ფიგურები” იაპონიიდან, სპექტაკლში გამოყენებულია დრონები, ასევე იყენებს  A.I (ხელოვნური ინტელექტს)  და კომპიუტერულ ცოდნას, რათა დასაბამი მისცეს მოძრაობებს, რომელიც სცდება ადამიანის პირობითი საზღვრების სუბიექტურობას და ემოციურ გამომსახველობას. 

სცენაზე  დეკორაცია – მიკროდრონებიდან მართხკუთხა  ჩარჩოების ჩათვლით მოცეკვავეების ყველა მოძრაობაზე რეაგირებენ; მოძრაობაზე, რომელიც უამრავ წესსა და ალგორითმს ეფუძნება სხეულის ახალი გამომსახველობის შექმნის  მიზნით.  

ფესტივალის მეორე და უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართული სპექტაკლების პროგრამა.

28 სექტებრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქართული შოუქეისი 28 თეატრის 42 ქართულ წარმოდგენას აერთიანებს, როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ქარული თეატრის გასაცნობად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  65 დელეგატი ჩამოდის (თეატრალური პროდიუსერები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, სხვადასხვა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები). 

Bickerstaff.734 – შემოქმედებითი სააგენტო უკრაინიდან, რომელმაც Ad Black Sea 2022-ის წლის სააგენტოს ტიტული მოიპოვა

17-19 ნოემბერს DataFest Tbilisi 2022 გაიმართება — რას უნდა ველოდეთ?