29
Jun
2018

#გაუფრთხილდიქალაქს! რას მოიცავს კონკურსი, რომელსაც თბილისის მერია აცხადებს?

29 Jun 2018

თბილისის მერია მასშტაბური კამპანიისთვის ემზადება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობისა და ზრუნვის კულტურის განვითარებას. სოციალური კამპანიის დასაგეგმად, „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ“ კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ იურიდიულ პირებს შეუძლიათ. კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. სარეკლამო კომპანიებს შეთავაზების გაგზავნა 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლი არის შესაძლებელი. შედეგები არაუგვიანეს 30 ივლისს გახდება ცნობილი. პროექტის საერთო ბიუჯეტია 544 200 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით).

პრობლემა

კამპანიის წამოწყება, ფართო საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ზრუნვის კულტურის ასამაღლებლად გადაწყდა. კონკურსის გამოცხადებას წინ უძღოდა, ACT-ის მიერ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება, რომლის თანახმად, გარემოს დანაგვიანება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება. მას მოსდევს პარკებისა და სკვერების ინფრასტრუქტურის დაზიანება და ქალაქის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის ელემენტების მითვისების შემთხვევები.

 

თბილისის მცხოვრებთა 53% აცხადებს, რომ უმრავლესობა არ ზრუნავს ქალაქზე, მის კეთილმოწყობასა და სისუფთავეზე. ამასთან, ქალაქზე ზრუნვის ერთ-ერთ ბარიერად ზრუნვის სათაკილო ქცევად მიჩნევა დასახელდა.

გამოკითხულთა 42% თვლის, რომ თბილისის მოსახლეობის ქალაქზე ზრუნვაში აქტიურად ჩართვას შეიძლება ხელი შეუწყოს მოსახლეობისთვის იმის ჩვენებამ, თუ ადამიანები როგორ ზრუნავენ ქალაქზე. 25%-ის აზრით კი, აზრის ლიდერების მაგალითი სასარგებლო იქნებოდა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს ზრუნვის ავტორიტეტულ, საყვარელ ცნობად სახეებთან დაკავშირება და მათი ქცევის მიბაძვის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, საზოგადოებისთვის ის ნაწილი, რომელიც მცხოვრებლებისთვის მისაბაძი გახდებიან.

კვლევის შედეგებით, ფაქტის მომსწრე მოქალაქეები უფრო მეტ მზაობას გამოხატავენ, მისცენ შენიშვნა მას, ვინც ინფრასტრუქტურას აზიანებს (81%), ვიდრე მას, ვინც ანაგვიანებს ქალაქს (65%).

აღსანიშნავია, რომ დანაგვიანების ან ვანდალური ქმედების დანახვის შემთხვევაში, 65% თავს არიდებს კონფლიქტში შესვლას და ამ მიზეზით არ რეაგირებს.

მიზანი

კამპანიის მიზანია, გაზარდოს ფართო საზოგადოების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში, აამაღლოს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ქალაქზე ზრუნვის კულტურა. ასევე, აგრძნობინოს მოქალაქეებს, რომ სახლი საკუთარი ბინის ზღურბლთან არ მთავრდება და ის მზრუნველობას საჭიროებს როგორც საჯარო უწყებების, ისე საზოგადოების მხრიდან.

აქედან გამომდინარე, კამპანიამ მოქალაქეები ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისკენ უნდა განაწყოს და შეამციროს/შეაჩეროს დაუდევრობით თუ ვანდალური ქმედებებით გამოწვეული დაბინძურება/ზარალი, რაც ქალაქის ბიუჯეტზე აისახება.

გამოსავალი

კვლევაში მონაწილეთა (57%) აზრით, მოსახლეობაში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ასამაღლებლად, ყველაზე ეფექტიანი საშუალება ჯგუფური აქტივობებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზებაა, სადაც კარგ საქმესთან ერთად, გართობა, ახალი ნაცნობების გაჩენა და კარგი დროის გატარებაა შესაძლებელი.

კვლევის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების მიხედვით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, საზოგადოების სხვა ჯგუფების წასახალისებლად. ასევე, საინტერესოა აქტივობები, რომლებიც აჩვენებს კონკრეტულ შედეგებს და არა მხოლოდ აწვდის ინფორმაციას.

ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუ როგორ შეიძლება ქალაქზე ზრუნვაში წვლილის შეტანა.

ვინ შეაფასებს ნამუშევრებს?

გამარჯვებულ კონცეფციას სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია და ქ. თბილისის მერია ერთობლივად შეარჩევს. კომისიის წევრები არიან:

დავით ბირმანი – მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი, საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დირექტორი

ნანა ჯანაშია -კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი

ნინო ლომაძე – ჟურნალ „ინდიგოს“ დამფუძნებელი, რედაქტორი

გიორგი პოპიაშვილი – კრეატიული დირექტორი, რეჟისორი

გიორგი კალანდია – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის

სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; ისტორიკოსი, პროფესორი

გიგა ხატიაშვილი – დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, შემოქმედებითი

ლაბორატორია 919-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი

აკო ახალაია – საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის პრეზიდენტი; Marketer.ge-ის დამფუძნებელი

გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი

გიორგი შარაშიძე – Media Holding Georgia Today Group – ის გენერალური მენეჯერი

სოსო გალუმაშვილი – პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს

უფროსი კონსულტანტი

გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური

დირექტორი; მწერალი

თამარ ამაშუკელი – ხელოვნებათმცოდნე; კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი

თინათინ რუხაძე – „ეისითი გლობალ“-ის (ACT Global) გენერალური დირექტორი; ფსიქოლოგი, სოციოლოგი

ეკატერინე ჯოჯუა – ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს დირექტორი

ნინო ჩხობაძე – გარემოს დამცველი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა

სერგო კულიჯანოვი – დიზაინერი, არტ დირექტორი.

განხილვა