18
Jun
2018

“გაუფრთხილდი ქალაქს!” – თბილისის მერია სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს

18 Jun 2018

დედაქალაქის მერია, სოციალური კამპანიის წარმოების მიზნით, კონკურსს აცხადებს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერი კახა კალაძე, სასტუმრო “სტამბაში”, ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოებს ესაუბრა.

კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. კამპანიის მიზანია, ფართო საზოგადოებაში განვითარდეს ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ზრუნვის კულტურა, რისი საჭიროებაც, ACT-ის კვლევის მიხედვით, საერთო სარგებლობის სივრცეში ვანდალიზმისა და დაბინძურების სიხშირემ განაპირობა. ასევე, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ზრდასრულებსა და მომავალ თაობებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შენარჩუნებასა და შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

ზემოთ აღნიშნული კვლევის საფუძველზე, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა და საზოგადოებრივი აზრის შესახებ ნათელი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა, შეიქმნა დავალება, რის საფუძველზეც ქართული კრეატიული სააგენტოები შექმნიან აქტივობებს, სადაც საზოგადოებაც იქნება ჩართული.

საკონკურსო პროექტების გაგზავნა 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი. გამარჯვებულს გამოავლენს კომისია, რომელიც წარმოდგენილია კრეატიული და საკომუნიკაციო ინდუსტრიის სპეციალისტებით. შედეგები 30 ივლისამდე გახდება ცნობილი.

განხილვა