თბილისის საბავშვო ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ ტარდება! 4 ივნისს, 13:00-დან 20:00 საათამდე თბილისის ცირკში ის ისევ გააერთიანებს ყველაფერს, რაც ბავშვებს ეხებათ და აინტერესებთ. საფესტივალო ტერიტორიაზე მოეწყობა საერთო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება იმ დაწესებულებებისა და კომპანიების დიდი ნაწილი, რომელიც საბავშვო მიმართულებით მუშაობს.
ფესტივალის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ბავშვებსა და მშობლებს უკეთ გააცნონ საკუთარი საქმიანობა, პროდუქტები და მომსახურებები.
თქვენ დაგხვდებათ სხვადასხვა ზონებად დაყოფილი სივრცე, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან განათლების, სპორტის, გართობის, ჯანმრთელობისა და საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელოვნებო სტუდიების საქმიანობებს, ჩართონ ბავშვები მათ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებში და გასართობ აქტივობებში, დაათვალიერონ გამოფენები და შეურჩიონ საზაფხულო თუ სპორტული სკოლები და ა. შ.
ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სახალისო აქტივობა! ცირკის სცენაზე დაგხვდებათ შთამბეჭდავი სანახაობა გიგანტური თოჯინებით, აკრობატებითა და ჯამბაზებით.
ფესტივალზე დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივ მეწარმეებს და ადგილზე სტუმრები შეძლებენ შეიძინონ საქართველოში დამზადებული პროდუქტები ბავშვებისთვის.
საბოლოო ჯამში, თქვენც და თქვენი შვილიც კმაყოფილები დარჩებით.
ფესტივალის დღეს გაიმართება შიდა ტურნირები, გასართობი თამაშები, გამოფენა-გაყიდვა და სხვა. თუკი თქვენს პატარას სურვილი ექნება, შეგეძლებათ პროფესიონალ არტისტებთან მიიყვანოთ და სახე ლამაზად მოუხატოთ. ერთი სიტყვით, 4 ივნისს დიდი ზეიმი გელით თქვენ და თქვენს შვილებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფესტივალის დღეს, მშობლები მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ შემოთავაზებებს განსაკუთრებულ ფასად მიიღებენ.
ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, ფესტივალის მეგობარია თიბისი!
თბილისის საბავშვო ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!