9-11 ნოემბერს, ბერლინში, Stadt Nach Acht-ის ღამის ეკონომიკის 3 დღიანი ფორუმი გაიმართა, სადაც საქართველოდან, მოქმედი ღამის კლუბებისა და სოციალური მოძრაობების წარმომადგენლებმა სხვადასხვა პანელ-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და საკლუბო სცენის როლზე ისაუბრეს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე: ნაჯა ორაშვილი (Bassiani), ქეთა გაბუნია (მტკვარზე), გიგა ბრეგვაძე (სოციალური აქტივისტი ), პაატა საბელაშვილი („თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი), მაკუნა ბერკაცაშვილი (BASSIANI RECORDS) და გიორგი კიკონიშვილი (მუზამე). წლევანდელი კონფერენციის ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპისა და საომარ ზონებში აღორძინებულ საკლუბო კულტურაზე იყო მიმართული – როგორ მოახერხა თბილისმა, პალესტინამ და სერბეთმა ბომბებისა და იზოლაციის ფონზე სცენის განვითარება.
ნაჯა ორაშვილი: „კლუბები გახდა უსაფრთხო ადგილი, სადაც სქესის, სოციალური მდგომარეობის, ორიენტაციისა თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად, ყველა თანასწორია, ყველას გარანტირებული აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს სივრცე სოციალური მოძრაობებისთვის პლატფორმად იქცა, სადაც აქტივისტების მობილიზაცია, იდეების გაზიარება და ერთმანეთზე ზრუნვა ყოველკვირეულ პრაქტიკად იქცა. კონფერენციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ დასავლურ სცენაზე ჰედონისტური შინაარსის საცეკვაო მოედნები აღარ არის საინტერესო და ყურადღება ისეთ ქალაქებზე უნდა მივმართოთ, სადაც საკლუბო კულტურამ სოციალურ ცვლილებებს მისცა ბიძგი. თბილისის სცენა სწორედ ამ ჭრილში იყო განხილული“. მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს ნაჯა ორაშვილთან:
Stadt Nach Acht – საერთაშორისო კონფერენციაა ღამის ეკონომიკის, კულტურის, ურბანული განვითარებისა და ჯანმრთელობის საკითხების შესახებ, რომელიც ალტერნატიულ მიდგომებსა და პერსპექტივებს გვთავაზობს. კონფერენციის მთავარი მიმართულებები ყოველ წელს იცვლება. ქალაქის ურბანული განვითარება და ჯენტრიფიკაციის პრობლემა, კრეატიული ინდუსტრიის ახალი ფორმების გაჩენა, ქვიარ ადამიანების მხარდაჭერა და ქალების გაძლიერება, ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების უსაფრთხო მოხმარება, ღამის ცხოვრების გამრავალფეროვნება და თავისუფალი სივრცეების გაჩენა, Rave Diplomacy და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო ანდეგრაუნდ მუსიკალური კოლექტივების გაცნობა და საცეკვაო მოედნებიდან საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა – ეს ის თემები იყო, რასაც წელს, კონფერენციის ფარგლებში, 50-მდე პანელ-დისკუსია დაეთმო.
M: როგორ მოხვდით Stadt Nach Acht-ის კონფერენციაზე, რა სტატუსით და რა იყო თქვენი მიზანი?
კლუბი BASSIANI/HOROOM, უკვე მეორედ მონაწილეობდა Clubcomission Berlin-ის მიერ ოგანიზებულ კონფერენციაში. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა BASSIANI/HOROOM, Horoom Nights, თეთრი ხმაურის მოძრაობა გახლდათ. ჩვენ ოთხ პანელ-დისკუსიაში მივიღეთ მონაწილეობა და ძირითადად, თბილისის საკლუბო სცენასა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. გიორგი კიკონიშვილმა ისაუბრა, თუ როგორ იქცა 17 მაისის შემდეგ BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი საქართველოში ქვიარ თემის გაერთიანების, სიძულვილისა და ჰომოფობიის დამარცხების ადგილად და როგორ სწრაფად იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტს, პაატა საბელაშვილს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და რამაც აუდიტორიაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.
M: რა იყო თქვენი პანელ-დისკუსიის თემა და მთავარი გზავნილი კონფერენციაზე?
–Tbilisi: How An Electronic Underground Movement Is Influencing Policy Making (როგორ ზემოქმედებს ელექტრონული ანდეგრაუნდ მოძრაობა მთავრობის პოლიტიკაზე);
– A Global Perspective On Partying Under Oppression (გლობალური ხედვა გართობაზე, რომელიც ჩაგვრის პარალელურად მიმდინარეობს);
– Nightlife And Its Influence On Society Vs. Its Challenges From Political Climate (ღამის ცხოვრება და მისი გავლენა საზოგადოებაზე. მისი გამოწვევები პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე) – ეს იმ პანელ დისკუსიების თემებია, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ.
ჩვენი გზავნილები რამდენიმე მიმართულებით გაჟღერდა. მთავარი შინაარსი, რასაც მოხსენებები ატარებდა, რთული გამოწვევების წინაშე სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებისა და ადამიანების გაერთიანება იყო. სამოქალაქო აქტივიზმთან ერთად, საჭიროა, ერთი შეხედვით, გასართობი ინდუსტრიისა თუ კულტურული პროცესების პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევებთან მჭიდროდ დაკავშირება, ქვეყანაში არსებული კონტექსტების გათვალისწინება და უკომპრომისო ბრძოლა არსებულ სტერეოტიპებთან. ქართული ელექტრონული მუსიკის სცენამ ე.წ. „ბაბულიკები“ მის ორგანულ ნაწილად აქცია და გავრცელებული სტერეოტიპი დაამსხვრია, თითქოს შეუძლებელია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და ერთი შეხედვით, სხვა ღირებულებების მქონე ადამიანების ერთ სივრცეში თანაარსებობა.
დეტალურად აღვწერეთ ნარკოპოლიტიკაში მიმდინარე პროცესები და დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში, გაზაფხულიდან მოყოლებული, ინიცირებულია.
საკლუბო ინდუსტრიასთან ერთად, კონფერენციის ერთ-ერთი მიმართულება ინდუსტრიული სივრცეების ათვისება იყო. ვისაუბრეთ თბილისის ტურისტულ პოტენციალზე, როგორც არსებულ გამოწვევებზე, ისე დაწყებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ასევე, ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, თუ როგორი იშვიათია პროგრესული ღირებულებების მქონე პარტიისა და პოლიტიკოსებისთვის გაბედული ნაბიჯების გადადგმა. ვისაუბრეთ თბილისის ახლად არჩეული მერის ინიციატივაზე – გარეუბნების განვითარებისა და ღამის ეკონომიკის მხარდაჭერის შესახებ.
M: ვინ არის ღამის მერი და რა კომპეტენციებს ფლობს ამ სტატუსის მქონე ადამიანი?
ღამის მერი ერთგვარი შუამავალია ქალაქის ადგილობრივ მთავრობასა და ღამის ეკონომიკაში ჩართულ ბიზნესსა და სტეიკჰოლდერებს შორის და მიზნად ისახავს ეკონომიკის რამდენიმე სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით ქალაქში ტურიზმის პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. ეს ორგანო, ასევე, შუამავალია მოსახლეობასა და კლუბების, რესტორნების, ბარების მეპატრონეებს შორის და წარმოშობილ კონფლიქტებსა და პრობლემებს წყვეტს. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის, ბერლინის, ციურიხის, ტოკიოს და ა.შ. ღამის მერებთან, ასოციაციებსა და ელჩებთან ერთად, თბილისიდან, მე, ქეთა გაბუნიამ და სოციალურმა აქტივისტმა გიგა ბრეგვაძემ ვისაუბრეთ ჩვენს ქალაქში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.
M: როგორია თბილისის საკლუბო სცენის ინდუსტრიის ტურისტული მომავალი და რა სამომავლო გამოწვევების წინაშე ხართ სფეროს განვითარების პროცესში?
იმდენად დიდია დაინტერესება თბილისის მიმართ, რომ უახლოეს მომავალში საკლუბო ტურიზმით დაინტერესებული ადამიანების დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც ამ სფეროშია ჩართული. ტურიზმთან დაკავშირებით, დამსწრე აუდიტორიიდან, განსაკუთრებით, ახალგაზრდები აქტიურობდნენ და აინტერესებდათ თბილისში მგზავრობის დეტალები, თუ რამდენად მარტივი და ხელსაყრელია მოგზაურობა საქართველოში და ა.შ.
რაც შეეხება ინიციატივებს, უახლოეს მომავალში მსგავსი კონფერენციის ჩატარებას თბილისშიც ვგეგმავთ, სადაც ყველა იმ ქალაქის ცოდნასა და გამოცდილების გაზიარებას ვეცდებით, რომლებმაც ამ სფეროში წარმატებას მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის კულტურის განვითარება ფართო დისკუსიისა და საერთო შეთანხმების ფონზე მიმდინარეობდეს.














