ზაფხული, პირობითად, ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: 1) შვებულება, დასვენება, მთა-ზღვა და გართობა; 2) სამსახური და ადამიანები, რომლებიც შვებულებაში გასვლას ვერ ახერხებენ გარკვეული მიზეზების გამო. ვინც ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება, დაგვეთანხმება, რომ მთელი ზაფხულის ქალაქში გატარება და მუშაობა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი მეგობრები სოციალურ ქსელებში სანაპიროდან დებენ მხიარულ ფოტოებს.
გადავწყვიტეთ, ჩვენი მხრივ ვიზრუნოთ უშვებულებოდ დარჩენილ ადამიანებზე და მათ რამდენიმე რჩევა შევთავაზოთ, თუ სად და როგორ შეიძლება გაატარონ დრო, როგორ გაგრილდნენ და როგორ შეიქმნათ მხიარული განწყობა მაშინ, როდესაც შვებულებისთვის დრო ვერ გამოყვეს.
რჩევა 1-ელი – თვალი ადევნეთ Facebook-ზე განთავსებულ ღონისძიებებს
ფეისბუკი ის სივრცეა, სადაც მრავალფეროვანი კონტენტი იდება და თუკი სადმე რამე ხდება, ინფორმაციას მისგან მარტივად ვიღებთ. თუ ფიქრობთ, სად გაატაროთ თავისუფალი საღამოები და როგორი გარემო იქნება თქვენთვის უპირატესი, შედით ფეისბუკის Event განყოფილებაში და შეთავაზებებს გადაავლეთ თვალი. სხვათა შორის, ამაში შეიძლება ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკაც დაგეხმაროთ – #სადანროგორ, რომელიც გაძლევთ ინფორმაციას, თუ როგორ გაატაროთ პარასკევი საღამო, შაბათი და კვირა. საბედნიეროდ, დედაქალაქი ზაფხულში მაინც აქტიურია, ამიტომ სხვადასხვა კონცერტის, მინი ფესტივალებისა თუ შემოქმედებითი საღამოების ადგილი აქ მაინც ყოველთვის მოიძებნება.
რჩევა მე-2 – დაგეგმეთ ბუნებაში გასეირნება
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი დატვირთული და ხმაურიანი ქალაქია, არც მაინცდამაინც ბევრი რეკრეაციული პარკით ვართ განებივრებულები, მაინც გვაქვს ადგილები, სადაც ბუნებასთან ახლოს ყოფნა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეგვიძლია. ბოტანიკური ბაღი, კუს ტბა, ლისის ტბა, თბილისის ზღვის ტერიტორია, მზიურის პარკი ის ადგილებია, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ოჯახური ან მეგობრული პიკნიკი, დაკავდეთ სპორტული აქტივობებით, იოგით ან უბრალოდ გადაიღოთ ლამაზი ფოტოები. იმის გამო, რომ ეს ადგილები ქალაქშივეა, დიდი ორგანიზება არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ სამსახურის მერე წახვიდეთ და გვიანობამდე დარჩეთ, ან მხოლოდ უქმე დღეები დაგეგმოთ. მოკლედ, თქვენი სურვილის მიხედვით.
რჩევა მე-3 – აუზები, სპა და მასაჟი
ის, რომ კურორტზე წასვლას ვერ ახერხებთ, არ ნიშნავს, რომ რუჯის გარეშე დარჩებით. თბილისში საკმაოდ ბევრი ღია საცურაო აუზია, რომლებიც მრავალფეროვან სერვისს გთავაზობენ და თქვენი შესაძლებლობებისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ვარიანტი.
აქ ნახავთ ისეთ მულტიფუნქციურ კომპლექსებს, როგორებიც თავის თავში აერთიანებენ არა მხოლოდ აუზს, არამედ მასაჟსა და სპა პროცედურებსაც, რომლებიც რელაქსაციის საუკეთესო საშუალებებია და კვირაში თუნდაც ერთხელ მსგავს გარემოში დროის გატარება, ნამდვილად მოგცემთ მუხტს, რომ დანარჩენ დღეებში ზაფხულის სიცხესა და დასვენების სურვილს მოერიოთ.
რჩევა მე-4 – ოჯახური ვახშმები და თამაშები
გაიხალისეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, მოიფიქრეთ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც უფრო დაგაახლოებთ და საშუალებას მოგცემთ, გონება სასიამოვნო ემოციებით შეივსოთ. დაგეგმეთ მშვიდი ოჯახური ვახშამი, მოამზადეთ ყველასთვის საყვარელი კერძები და დესერტი, დაეხმარეთ ერთმანეთს ამ პროცესში და არ დაგავიწყდეთ მხიარული მუსიკის ან საოჯახო კომედიის ჩართვა ამ ყველაფრის ფონად.
ამასთან, შეგიძლიათ გააცოცხლოთ ძველებური თამაშები, რომლებიც დიდი ხანია არ გითამაშიათ, ან შეიძინოთ სამაგიდო თამაშები და ყველამ ერთად ითამაშოთ. ამით დრო საკმაოდ სახალისოდ გავა და ძალებსაც მოიკრებთ მომდევნო სამუშაო დღეებისთვის.
რჩევა მე-5 – მოაწყვეთ ექსკურსია
თბილისსა და მის შემოგარენში არის ადგილები, რომლებიც ღირს სანახავად, თუმცა, როდესაც აქვე ვცხოვრობთ, თითქოს მათ მოსანახულებლად სპეციალურად არ მივდივართ. შაბათ-კვირას დაგეგმეთ მცირე ტური და დაათვალიერეთ ქალაქისა თუ მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები, გაისეირნეთ ტივით მტკვარზე, ადით ფუნიკულიორზე საბაგიროთი, გადმოხედეთ ლამაზ ხედებს და გადაიღეთ ფოტოები. ასევე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ძველი თბილისის უბნები, სადაც სიცოცხლე ყოველთვის ჩქეფს, მათ შორის, გვიან საათებშიც. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და შეიძინოთ სუვენირები. ერთი სიტყვით, მოიარეთ ქალაქი ისე, როგორც ნამდვილმა ტურისტმა და მას სულ სხვა თვალით შეხედავთ.
რჩევა მე-6 – ერთდღიანი ტურები
შეიძლება ბევრს მუშაობთ, მაგრამ შაბათ-კვირას უმეტესობას დასვენება აქვს, ამიტომ შეგიძლიათ ეს დღეები სასარგებლოდ გამოიყენოთ. საქართველოში ბევრი რამ გვაქვს სანახავი, თანაც ეს ადგილები დედაქალაქისგან არც ისე შორსაა. მცხეთა, ანანური, ბაზალეთი, თიანეთი, კახეთი – ის ადგილებია, სადაც ერთი დღითაც შეიძლება ჩარბენა, ლამაზი ადგილების მონახულება და შემდეგ სახლში დაბრუნება. მოიწყვეთ მსგავსი ტიპის 1-დღიანი ტურები, გადით ბუნებაში, ათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, მოინახულეთ შემხვედრი ტბები და მდინარეები, დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო, ცხენით გაისეირნეთ…ეს აქტივობები მოგეხმარებათ ძალების აღდგენასა და ზაფხულის პროდუქტიულად გატარებაში.
გვესმის, რომ ეს იდეები მთლად ვერ უტოლდება 2-3 კვირით ქალაქიდან გასვლას, ზღვისა და მთის დალაშქვრას და სრულფასოვან დასვენებას, მაგრამ მაშინ, როცა მთელი ზაფხული მუშაობა გვიწევს და ქალაქს ვერ ვტოვებთ, ეს აქტივობები ცოტა მაინც შეგიმსუბუქებთ სტრესს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი