in

თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები არდადეგებს ბაკურიანის ბანაკში ატარებენ

თბილისის თავისუფალი სკოლა, რომელიც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა, არსებობის მეხუთე წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე სკოლამ შეძლო სწავლების საკუთარი სტილის შექმნა და ცნობილი გახდა თავისი მაღალი აკადემიური ხარისხითა და უსაფრთხო გარემოთი. ასევე, არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურაც.

ზოგადად, სკოლის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების დამეგობრება და ერთ გუნდად შეკვრა. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები, არაფორმალური სწავლება. ამჯერად თბილისის თავისუფალ სკოლას სწორედ ამ კუთხით წარმოგიდგენთ.

უკვე მეოთხედ თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები არდადეგებს ბაკურიანში ატარებენ სასტუმრო ვილა ამირანის პარკში. ბავშვები, რომელთა  უმრავლესობა სხვა ბანაკებსა და სპორტსკოლებში ბევრჯერაა ნამყოფი, ამბობენ, რომ, როგორც წესი, ადრე სამ-ოთხ მეგობართან ერთად თუ წასულან შეკრებებზე. აქ კი ყველა ნაცნობია: თანასკოლელები, მასწავლებლები, ლიდერები, პერსონალი. ერთმანეთთან შეჩვევას დრო არ სჭირდება, თუმცა ახალ პირობებში ადამიანები უცნობ, მოულოდნელ თვისებებს ავლენენ — აღმოაჩენენ საერთოს და ახალ მეგობრებს იძენენ, ადრინდელი ურთიერთობა კიდევ უფრო მყარდება. ბანაკი ასევე მასპინძლობს სხვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქაური მოსწავლეების რეკომენდაციით მოდიან ჩვენთან ერთად.

ბაკურიანში ამ ტერიტორიის არჩევა სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რადგან საბანაკო აქტივობებისთვის — დილის ვარჯიშისთვის, ლაშქრობებისთვის — სასტუმროს მიმდებარედ რამდენიმე მოედანი, საფეხმავლო მარშრუტი და საკემპინგე ადგილია. ბუნების მთელ ამ „სიმდიდრეს“ ბანაკი სრულად იყენებს. სკოლაში აპრობირებული ინტერესებისა და ასაკობრივი დაყოფის პრინციპი მუშაობს ბანაკშიც — ერთდროულად შესაძლებელია განსხვავებული აქტივობების ჩატარება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები (II-XI კლასელები) ბანაკში რამდენიმე ნაკადად მიდიან, საერთო ინტერესები სკოლის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, დაგეგმოს მრავალფეროვანი სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ერთვებიან. ქართული და უცხოური ფილმების თემატურ რეტროსპექტივას მოსდევს დისკუსია მოზარდებისთვის მნიშვნელოვან თემებზე — მსჯელობას და დებატებს მოსწავლეებისთვის სასარგებლო გამოცდილება მოაქვს.

თბილისში დაბრუნებულმა მეორეკლასელმა დათი თამასიძემ სახლში თავისი შთაბეჭდილება ასე გამოხატა: ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო 6 დღე. მართლაც, სასიხარულოა, რომ ბავშვმა ასე შეაფასა თავისი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა. ბანაკი მისი და არა მარტო მისი პიროვნული ზრდის ადგილი იყო.

წელს პირველად სკოლამ უმცროსებზე ზრუნვა უფროსკლასელებს მიანდო, რა თქმა უნდა, უფროსების მეთვალყურეობით. მოსწავლეების უმრავლესობა თხილამურებზე პატარაობიდან დგას, ერთ-ერთი, მე-9 კლასის მოსწავლე ნიკალა ხაფავა, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორია. მან და ოთხმა უფროსკლასელმა ინსტრუქტორობა შეითავსეს და იდეალურადაც გაართვეს თავი ამ რთულ დავალებას.

მეთერთმეტეკლასელი ალექსი სარჯველაძე: ბანაკი გამოცდილებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება. ბანაკი გვაძლევს შანსს, დაუახლოვდე ადამიანებს, გაერთო და კვირის ბოლოს სახლში კმაყოფილი დაბრუნდე. ყველა ღიმილიანი და ანთებული თვალებით ლაპარაკობდა იმ ერთ კვირაზე, რომელსაც ბანაკი ჰქვია. რა შეედრება დროის თავისუფალ და სანდო გარემოში ყოფნას (გატარებას).

თბილისის თავისუფალ სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება 4 საგანი: ქართული, მათემატიკა, ინგლისური და ინფორმატიკა. სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნა მოსწავლეებმა სხვადასხვა ხანგრძლივობის ფილმების შექმნისას გამოიყენეს: დაწერეს სცენარი და მოაწყვეს მისი განხორციელებისთვის საჭირო გარემო, შემდეგ კი თავად დაამონტაჟეს გადაღებული მასალა. შარშანდელი ზამთრის ბანაკში დაიწყო და სკოლისთვის უკვე ტრადიციულად იქცა ლიტერატურულ-მუსიკალური პროექტი „პოეზია მუსიკაში“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეცნობიან კლასიკური და თანამედროვე პოეზიის ნიმუშებს, ასევე კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას.

შარშან ზაფხულში, ბაკურიანთან ერთად, მოსწავლეები შეკვეთილშიც გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ ბანაკებში გამგზავრების ფასი თვითღირებულებაა — სკოლისთვის ხანდახან ფინანსურად წამგებიანიცაა შეთავაზებული ფასი, რადგან მნიშვნელოვანია ის პირობები, რომლებშიც ამ დღეების გატარება უწევთ მოსწავლეებს. სკოლის ადმინისტრაცია მოგებაზე არ ფიქრობს — „მოგება“ გაცილებით მეტია, ვიდრე  შეიძლება მატერიალური ყოფილიყო.

ბანაკის ხელმძღვანელი ნანა მეტრეველი: უფროსკლასელთა წარმატებულმა ჩართულობამ საბანაკო აქტივობებში უფრო გაბედული პროექტის განხორციელება გვაფიქრებინა — უფროსკლასელები დამოუკიდებლად იცხოვრებენ კეთილმოწყობილ კოტეჯებში და ყველა საჭირო საქმეს — სახლის დალაგებას,  საჭმლის მომზადებას, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას — თავად გაუძღვებიან (რა თქმა უნდა, უფროსების მეთვალყურეობით). მათთვის ეს ახალი და უჩვეულო გამოცდილება იქნება.

მოსწავლეები გრძნობენ, რომ მათი ესმით, მათზე ზრუნავენ, მათ ინტერესებს ითვალისწინებენ, ეხმარებიან საკუთარი თავის აღმოჩენასა და განვითარებაში. ასე რომ, ზამთრის ბანაკი მშვიდობიანად და ხალისიანად დასრულდა, მაგრამ მოსწავლეებს უკვე აქვთ გეგმები ზაფხულისთვის.

[R]

Samsung Galaxy A54 5G და Galaxy A34 5G: საოცარი გამოცდილება ყველასთვის

NASA-მ გველის ფორმის რობოტს კოსმოსურ მისიებში გამოიყენებს