in

თბილისის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები

რას ეძებენ ადამიანები, როცა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქს სტუმრობენ? უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მის ისტორიასა და კულტურას. ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ორივე აქვს – ხანგრძლივი ისტორია და უნიკალური კულტურა, ამიტომ მას სეზონურად საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. თავის მხრივ, თბილისი ტურისტებს სტუმართმოყვარე დამოკიდებულებას, საუკუნოვანი კულტურისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შერწყმას სთავაზობს. ქვეყნის ყველაზე დატვირთულ და ხმაურიან ქალაქში რთულია მოიწყინო, რადგან აქ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი და ბევრიც გასაკეთებელი. ეს სტატიაც სწორედ იმ ღირსშესანიშნაობების გაცნობას ემსახურება, რომლებითაც ჩვენი ქალაქი თავს იწონებს.

ჯერ მუზეუმებით დავიწყოთ

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანი ქვეყნის გაცნობაა შესაძლებელი. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ეთნიკური კუთხეებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს გამოხატავს. აქ თითქოს მიკროსაქართველოა შექმნილი, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია გურიის, იმერეთის, სამეგრელოს და სხვა კუთხეების საცხოვრებელი სახლები დაათვალიეროს. ამასთან, აქვეა ისტორიული ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა დროს არქეოლოგების მიერ იქნა აღმოჩენილი. მთლიანობაში მუზეუმი 8000 ექსპონატს აერთიანებს.

რაც შეეხება სერვისს, მუზეუმი ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე მუშაობს. ბილეთის ყიდვისას შეღავათებით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. 

ნარიყალას ციხესიმაგრე

თბილისის ტურისტულად მონახულება ამ ლოკაციის გარეშე წარმოუდგენელია. ის ძველ თბილისში მდებარეობს და ტურისტების ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ადგილია. ინსტაგრამზე თბილისში მოგზურობის ფოტოებს შორის ხშირად სწორედ ნარიყალას ხედები ხვდება. ეს მრავალსაუკუნოვანი ნაგებობა მტკვარს გადაჰყურებს და ახლოს არის თბილისის კიდევ ორ ღირსშესანიშნაობასთან – აბანოთუბანთან და ბოტანიკურ ბაღთან, რომლებიც ასევე ყველაზე მოთხოვნადი მდებარეობებია და აუცილებლად სანახავიც. 

ნარიყალაზე მოხვედრა საბაგიროთია შესაძლებელი, თუმცა სიარულის მოყვარულ ტურისტებს ფეხით ასვლაც შეუძლიათ, რა შემთხვევაშიც შესვლა უფასოა.

მთაწმინდის პანთეონი და ფუნიკულიორი

ვინაიდან თბილისში ბევრი მიმზიდველი ლოკაციაა, რამდენიმე ახლომდებარე ადგილს გავაერთიანებთ. ქართველი საზოგადო მოღვაწეების პანთეონისა და მე-19 საუკუნის ტაძრის სანახავად, ასევე ულამაზესი ხედებით დასატბობად ტურისტები მთაწმინდის პანთეონს ხშირად სტუმრობენ. პანთეონში უამრავი ცნობილი ქართველია დაკრძალული, მათ შორის, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, აკაკი წერეთელი და სხვები.

რაც შეეხება ფუნიკულიორს, ეს არის სამთო-საბაგირო გზა და დასასვენებელი კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. აქ მოხვედრა საბაგირო ტრამვაითია შესაძლებელი, რომლიდანაც გზაზე თბილისის ლამაზი ხედები იშლება. ადგილზე მისვლას ცენტრალური უბნიდან სულ რაღაც 3-4 წუთი სჭირდება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ქართული ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც 1851 წელს დაარსდა. ის ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს და თავისი გამორჩეული ინფრასტრუქტურით მრავალ ტურისტს იზიდავს როგორც გარედან, ისე შიდა ინტერიერით. აქ ხშირად იმართება როგორც ქართული, ისე უცხოური დასების წარმოდგენები. კულტურისა და ხელოვნების მაძიებლებისთვის ოპერის თეატრი განსაკუთრებული ადგილია.

სამების საკათედრო ტაძარი

ის არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია. გამოირჩევა რთული კონსტრუქციით, საკმაოდ მდიდრული მორთულობით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, ტაძრის ფასადები ჩუქურთმებითა და თაღებითაა გაწყობილი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ტაძრის ეზო, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული და დეკორატიული მცენარეებითაა გაფორმებული. 

მშვიდობის ხიდი

ეს უცნაური კონსტრუქციის ხიდი თბილისის ძველ უბნებს ნამდვილად ამშვენებს. ის ერთმანეთთან აკავშირებს ცნობილ რიყესა და ერეკლე მეორის ქუჩას. ხიდი თანამედროვე ეპოქისაა, 2010 წელს გაიხსნა, თუმცა მიუხედავად მოკლე დროისა, ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ტურისტულ სანახაობად მიიჩნევა, რომელზეც ყოველდღე ფოტოკამერით მოპოზიორე უამრავ ფოტოგრაფსა და ტურისტს იხილავთ.

ტური ძველ თბილისში

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა, რომლის ფარგლებშიც ტურისტების ჯგუფი ადგილობრივი სერვისის მიმწოდებლებისგან ერთდღიანი ტურების შეთავაზებას იღებენ. ამ ტურის ფარგლებში ისინი გიდის მეშვეობით ათვალიერებინებენ ტურისტებს ძველი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებს და ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული ღვინოც დააგემოვნონ.

თბილისში იმდენი რამ არის სანახავი, რომ ცოტა რთულია სტატიის ფორმატს ყველაფერი მოარგო. ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი ტერიტორიები გაგაცანით, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა. რა თქმა უნდა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტურისტების თბილისში სტუმრობა ტრადიციული კერძების დაგემოვნების გარეშე არ ხდება და ისინი ყოველთვის სტუმრობენ ისეთ რესტორნებს, სადაც ხინკლის, ხაჭაპურის, მწვადის, ღომის, ფხლისა და სხვა ტრადიციული კერძების გასინჯვას შეძლებენ, რაღა თქმა უნდა, კარგ ქართულ ღვინოსთან ერთად.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

OpenAI-ის თქმით, GPT-4 კონტენტის მოდერაციაში რევოლუციას მოახდენს!

სად განიხილავენ მომხმარებლები ბრენდებს ყველაზე მეტად?