in

თბილისის ვისკის ფესტივალი 6-7 მაისს, ექსპო ჯორჯიას III პავილიონში გაიმართება

ვისკი – ეს არის სასმელი, რომელმაც მსოფლიო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა, ბოლო პერიოდში კი საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა.  სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში, 6-7 მაისს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ III პავილიონში ვისკის ფესტივალი გაიმართება. ვისკის ფესტივალის ორგანიზატორები არიან „ალკორიუმი“ და „ვისკის სახლი“.  ფესტივალის დეტალებთან დაკავშირებით, მარკეტერი „GD ალკოს“ გენერალურ მენეჯერს, გიორგი ბახტაძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: როგორ გაჩნდა ვისკის ფესტივალის ჩატარების იდეა ?

ფესტივალის ჩატარების იდეა და ინიციატივა ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებისა და ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე გაჩნდა. მომხმარებელთა უმეტესობას შეზღუდული ინფორმაცია აქვს, თუ რას წარმოადგენს ვისკის კატეგორია, მისი წარმოებისა და დაძველების მეთოდები და ამ ფაქტორების გავლენა პროდუქტის ხარისხსა და მის გემოვნურ თვისებებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვისკის სწორი მოხმარებისა და ე.წ. „responsible drinking”- სასმელის ზომიერი და გონივრული მიღების კულტურის დანერგვა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენმა კომპანიამ – „GD ალკომ“ და მისმა მსოფლიოში ცნობილმა ვისკის მწარმოებელმა, წამყვანმა პარტნიორმა კომპანიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველად საქართველოში,  ვისკის ფესტივალი ჩავატაროთ.

M: რა სიურპრიზები ელოდებათ სტუმრებს ფესტივალზე?

ვისკის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ სასიამოვნო გარემოში გაეცნონ და დააგემოვნონ მსოფლიოში აღიარებული  ცნობილი ბრენდების პროდუქტები, მათი სხვადასხვა სახეობები (დაძველება, გემოვნური თვისებები, და ა.შ.). ასევე, საქართველოს ბაზარზე ახლახანს შემოსული საინტერესო ბრენდების პროდუქტები. სხვადასხვა მწარმოებლის ბრენდ ამბასადორები ჩაატარებენ ე.წ. მასტერკლასებს. 6 მაისს, დღის მანძილზე ჩატარდება 8 „მასტერკლასი“, სადაც მომხმარებლებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური და საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ბრენდის, პროდუქტის, მისი ისტორიისა და ხასიათების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ საგამოფენო დარბაზის ტერასაზე განთავსებულ ბარში დააგემოვნონ ფესტივალზე წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ვისკით დამზადებული კოქტეილები. აღსანიშნავია, რომ სტუმრების განწყობაზე ოთარ მაღრაძის „ჯაზ ბენდი“ იზრუნებს. გარდა ამისა,  ჩატარდება სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

M: ვის შეუძლია ფესტივალზე დასწრება?

ფესტივალზე დასწრება შეუძლია ყველა ზრდასრულ მომხმარებელს, ვისაც აინტერესებს და უყვარს ვისკი. დასწრება ფასიანია, ბილეთის საფასურია 30 ლარი, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ – tkt.ge-ზე, ასევე ჩვენს მაღაზიათა ქსელში „ვისკის სახლებსა“ და „ალკორიუმებში“.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

ფესტივალი არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ვფიქრობთ ყოველწლიურად ჩატარდება. უფრო მეტიც -სამომავლოდ ვაპირებთ, ეს ფესტივალი რეგიონის ტურისტულ მოვლენად ვაქციოთ, რათა მოხდეს არამარტო ქართველი მომხმარებლების, არამედ საქართველოში ტურისტების მოზიდვა.

ძმაკაცობა გრძელდება – გართობა თბილისში – Wendy’s

პიროვნული განვითარების ტრენინგი – Image Theatre, აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიით