10
Jul
2019

საუკეთესო ხედები თბილისზე

10 Jul 2019

შებინდებისას, როცა სინათლეები ნელ-ნელა მრავლდება და როცა სხვადასხვა ხმა ერთ უსასრულო ქაოსს ქმნის – თბილისის ყურებაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერია. ოდნავ შემაღლებულ ადგილზე დგომაც საკმარისია, ამ ქალაქის ჰორიზონტი ხელის გულზე რომ დაგეტიოს.. თუმცა, თბილისი მაინც იმდენს იტევს, რთულია, პატარა უწოდო. ყველაზე მეტად, ამ ქალაქის აურა მის ვიწრო და ძველ ქუჩებში სიარულისას შეიძლება აგედევნოს. ხოლო, როცა ამ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ ქუჩებს ზემოდან აკვირდები, მაშინვე ერთიანად აღიქვამ ამ ქალაქის “გემოსა” და გარემოს – იცი, ასეთი არსად არაფერი შეგხვდება.

თბილისში ამ შთაბეჭდილების მიღება ბევრგან შეიძლება. არსებობს მრავალი ადგილი, სადაც ამ ქალაქს სხვადასხვა ხედითა და პერსპექტივით შეხედავთ. მაგრამ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ერთი ხედისა, ყველა მაინც სხვადასხვა სურათს დაინახავთ, რადგან მას თქვენს ინდივიდუალურ აღქმებს დაუქვემდებარებთ.

ფოტოს ავტორი – Shermazana

და მაინც, საიდან უნდა გადმოხედოთ თბილისს? ამისათვის რამდენიმე ადგილი შეგირჩიეთ:

ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუკი თბილისის ხედის თვალის შესავლებად პირველად მთაწმინდას ვახსენებთ. გარდა იმისა, რომ იგი საკმაოდ კარგი განსატვირთი ადგილია და ჰაერიც მშვენიერია, თბილისის ხედი აქედან ძალიან კარგად იშლება. იგი საკმაოდ მაღლა მდებარეობს და თითქოს თბილისის პანორამის სიმეტრიის ღერძზეა მოქცეული. თბილისის ახლოდან დათვალიერების შესაძლებლობას კი აქვე არსებული ჭოგრიტი იძლევა, რომელიც ფუნიკულიორის განუყოფელ ნაწილად იქცა.

შესაფერის ადგილად უნდა მივიჩნიოთ ნარიყალაც. ეს ადგილი იმითაა უნიკალური, რომ აქ ერთდროულად მოახერხებთ თბილისის სიძველის შეგრძნებას და დათვალიერებას. თანაც აქ არსებული მრავალფეროვანი კაფეები ნამდვილად კომფორტულ გარემოს ქმნიან ქალაქისთვის თვალის შესავლებად.

ლისი და მისი მიმდებარე ტერიტორია ბევრი ღირსებით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ აქ ჰაერიც უფრო სუფთა და ჯანსაღია, თბილისის უბნებიც საკმაოდ კარგად მოჩანს. თუმცა, თუკი უბნებზე მიდგა ჯერი, აქაური უბანიც -“მწვანე ქალაქი ლისზე” უნდა ვახსენოთ. უბნის გამწვანება და განსხვავებული გარემო ხედის ყურებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. 

საინტერესოა, რომ თბილისის ტბებზე დაკვირვებისას ერთი კანონზომიერება შეინიშნება – ქალაქის ხედი ყველა მათგანიდან კარგად მოჩანს. ამ კანონზომიერებას არც კუს ტბა არღვევს. სანამ აქედან ჩამოსვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადახედეთ თბილისს ამ პერსპექტივიდანაც – შეიძლება, შორი ხედი სულაც არ არის, თუმცა, აქაურ ბუნებაში სეირნობის შემდეგ თბილისზე გადახედვა ძალიან სასიამოვნოა.. 

თბილისის ზღვაც ზემოთ აღნიშნულ ტბათა სათვალავშია – თუმცა, მას სიდიდის გამო ოდესღაც ზღვა უწოდეს. ალბათ, ქალაქის ხედის ბევრი ფოტო გინახავთ, რომლებიც თბილისის ზღვიდანაა გადაღებული. ისინი ამ ადგილს შემთხვევით არ ირჩევენ – ზღვის უბნიდან მართლაც შთამბეჭდავი ჰორიზონტი იშლება..

ურბანული ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ზემოდან ქალაქზე დაკვირვება მისი სიძლიერისა და მნიშვნელობის აღქმას გვიმძლავრებს. შეიძლება, ქალაქის შორიდან ყურებამ სიმშვიდეც მოგვგვაროს, ისევე, როგორც ზღვის ყურებამ, რადგანაც ამ დროს მისი ქაოსისგან ცოტა ხნით გამოყოფილები ვართ და ყველაფერ ამას გვერდიდან ვადევნებთ თვალს.. 

განხილვა