in

თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი მიენიჭა!

კერძოდ, დედაქალაქმა სტატუსი მედია ხელოვნების მიმართულებით მიიღო

8 ნოემბერს UNESCO-მ 49 ქალაქის ჩამონათვალი წარადგინა — თითოეული მათგანი შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა. და აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი, მედია ხელოვნების მიმართულებით, თბილისსაც მიენიჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა…

“უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამჯერად კი ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი უდიდესი შემოქმედებითი ქსელის წევრი გავხდით. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებს და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის პოზიციონირების საშუალებას მისცემს” — ამბობს თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია.

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა და აერთიანებს ქალაქებს, რომლებშიც კულტურა და შემოქმედება მოწინავე ადგილებს იკავებს. ქსელი ქალაქებს შვიდი სფეროს მიხედვით არჩევს — ხელნაკეთობები და ხალხური ხელოვნება, დიზაინი, კინო, გასტრონომია, ლიტერატურა, მედია ხელოვნება და მუსიკა. თითოეულ შემოქმედებით ქალაქში კრეატიულობა და მისი განვითარება აქტუალობის ცენტრშია, რათა გააძლიეროს ინკლუზიურობა, უსაფრთხოება და მდგრადობა.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც გლობალური სტატუსის მოპოვებასთან ერთად უდიდესი გამოწვევაა ქალაქისთვის. ეს გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტრატეგიისა და პროგრამული მიდგომების განვითარებას, რამაც უნდა გააჩინოს უამრავი შესაძლებლობა შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებებით. აღნიშნული სტატუსი იძლევა წინაპირობას, რომ თბილისი იქცეს მედია ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან ქალაქად სხვადასხვა ქვეყნის იმ ქალაქებთან ერთად, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ის. ეს არის მოვლენა, რომელმაც სწორად წარმართული პროცესების პირობებში არსებითად უნდა გააფართოოს ქალაქის კულტურული ლანდშაფტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოცემულობა დადებითად აისახება, სხვა შემოქმედებითი სექტორების განვითარებაზე” — გიორგი სპანდერაშვილი მედია ხელოვნების პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” თანადამფუძნებელი, კურატორი.

როგორც UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი აღნიშნავს, ყველა ქალაქში საჭიროა ახალი ურბანული მოდელების შემუშავება, თავისი არქიტექტორებით, ურბანისტებით, ლანდშაფტის დიზაინერებითა და ქალაქდაგეგმარებით.

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში

ჩაის წარმომავლობისა და გავრცელების ამბავი