in

თბილისში პადელის ჩემპიონატი იმართება

სანამ ჩემპიონატის შესახებ მოგიყვებით, ორიოდე სიტყვით პადელს გაგაცნობთ — დაახლოებით 60-იანი წლების ბოლოს მექსიკაში დაარსდა, ჩოგბურთის მსგავსია, ოღონდ უფრო პატარა კორტებით, მსუბუქი ბურთითა და მინის კედლით, რომელზე მოხვედრილი ბურთი, თუ სპორტის უმეტეს სახეობაში თამაშგარედ ითვლება, აქ თამაშის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, რაზეც რიგით მესამე, მიმდინარე ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატიც მოწმობს. 

აღნიშნულ ჩემპიონატს საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF) ატარებს, რომელიც პადელის საერთაშორისო ფედერაციის წევრია. ეს კი მათ საშუალებას აძლევს, გადაამზადონ მსაჯები და მწვრთნელები, ჩაატარონ ოფიციალური ტურნირები და ჩემპიონატები. 

ჩემპიონატის მედიაპარტნიორია Marketer.ge, რომელიც ახლა GNPF-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელ თინა კლდიაშვილს გაესაუბრა:

M: თინა მოგვიყევით, როდის დაიწყო პადელის ჩემპიონატი საქართველოში?

პადელის ჩემპიონატი 8 მაისს დაიწყო და 5 დღე გასტანს, ამჯერად GYM BREEZE-ში ტარდება, რიგით მესამე და ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატია. პირველად მარტში Padel Academy-ში გაიმართა, შემდგომ აპრილში Padelbade-ში, ახლა კი მესამე ჩემპიონატს ვმასპინძლობთ უპრეცედენტო 160 მონაწილით, რომელსაც 64 კაცების და 16 ქალების წყვილი შეადგენს. რეგისტრაცია გამოცხადებიდან 15 წუთში შეივსო, რაც, დამეთანხმებით, ბევრ სპორტში არ ხდება და პადელის პოტენციალსაც ასახავს საქართველოში. 

ტურნირის პრინციპი ე. წ. Knock out სისტემაა, ანუ ოლიმპიური სისტემა, რა დროსაც ტარდება 1/32, 1/16, 1/8, 1/4 ფინალები… წაგების შემთხვევაში გუნდი ვარდება. შაბათ-კვირას მეოთხედფინალების, ნახევარფინალებისა და ფინალების ჩატარებას ვგეგმავთ, რასაც Live რეჟიმში ჩვენს YouTube არხზე გავაშუქებთ.

M: ვის შეუძლია პადელის თამაში?

პადელის თამაში შეუძლია ყველას, არ სჭირდება არანაირი ფიზიკური მომზადება ან სპორტული გამოცდილება, მარტივი, სახალისო და გასართობი სპორტია. ნებისმიერ ჩოგნიან სპორტს რომ შევადაროთ და ავიღოთ, მაგალითად ჩოგბურთი, გვაქვს მსგავსი კორტი, რომელიც მოცულობით ჩოგბურთის კორტზე პატარაა, ჩოგნები და ბურთი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჩოგბურთის ბურთს, უბრალოდ უფრო მსუბუქია და, შესაბამისად, უფრო მაღლა დახტის. კორტი შემოფარგლულია მინით, შუშის კონსტრუქციით — პადელის მთავარი განმასხვავებელი და განსაკუთრებული ფაქტორი სწორედ ეს არის. მარტივად რომ ავხსნათ, თუ მოწინააღმდეგის გადმოგდებული ბურთი დაეცემა მოედანზე და შემდეგ მოხვდება მინას, უკვე შესაძლებელია მინიდან ითამაშო, აი, ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც, როგორც მოთამაშემ, უნდა დაძლიოს კორტზე, რაც ვფიქრობ, მას ძალიან დინამიკურს ხდის.

ამ ეტაპზე პადელის თამაში შესაძლებელია 4 კლუბში: Padel Academy ქავთარაძეზე, Padelbade დიღომში, GYM BREEZE ყველაზე დიდი 9 კორტით ნინოშვილზე და Padel Island ლისზე, გუდაურსა და კაჭრეთში. ოთხივე კლუბი საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის წევრია.

M: როგორ ვითარდება პადელი, როგორც სპორტი, საქართველოში?

ტურნირიდან ტურნირამდე რომ შევხედოთ, რომელიც სამი კვირის ინტერვალით ტარდება, შესამჩნევად იზრდება თვითონ ტურნირში ჩართული მონაწილეების დონე. ეს ყველასთვის თვალსაჩინოა, თვითონ მოთამაშეებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც. განვითარებას რაც ეხება, რა თქმა უნდა, სპორტი რომ განვითარდეს, მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი იყოს. უნდა არსებობდეს კორტები, არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, რისთვისაც უკვე გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი — პირველი მუნიციპალური კორტი გაიხსნა თბილისში, ისანში, სადაც ფედერაცია გეგმავს ტურნირის ჩატარებას. ასევე, გვაქვს მოლაპარაკებები რეგიონებთან.

M: რა არის საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის მიზანი? 

ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პადელში და გაზარდოს კომუნა ამ სპორტის ირგვლივ. ამ პროცესის მომსწრეები კი თავად ვხდებით, ვხედავთ, როგორ იზრდება მოთამაშეთა ჩართულობა და როგორ რეგისტრირდებიან პადელის ჩემპიონატზე ახალი მოთამაშეები. ყოველ საღამოს დატვირთულია პადელის კლუბები, ყველა კორტი დაკავებულია და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ პროცესით. ზოგი დამოუკიდებლად, ზოგიც კი ფედერაციის მიერ გადამზადებულ მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშობს, რაც აპრობირებული ტექნიკაა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა საკითხებთან ერთად, პადელის ფედერაციის მიზანია, საქართველო და ქართული პადელი მოინიშნოს მსოფლიო პადელის რუკაზე. როგორც იცით, პადელი ძალიან პოპულარულია ევროპაში, ჩვენ ვისწრაფვით ევროპისკენ და გვსურს, ამ სპორტის ევროპული ოჯახის ნაწილი ვიყოთ — საქართველოს მომავალი ევროპაშია. ფედერაციის მიზნები და მისია პადელის თამაშის კულტურის განვითარებას ეხება, კლუბების ხელშეწყობას, პადელის კომუნას განვითარებასა და, რაღა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ეხმიანება. 

M: დაბოლოს, თინა, სამომავლო გეგმებიც რომ გაგვაცნოთ…

შემდეგ ტურნირს უკვე მაისის ბოლოს ჩავატარებთ, რომელიც Padel Island-ში გაიმართება, ხოლო ფინალი კაჭრეთში. დაახლოებით 10 შეჯიბრი ჩატარდება და უკვე ოქტომბერში იქნება შემაჯამებელი ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც საუკეთესო რეიტინგების მქონე მოთამაშეებს შეეძლებათ — პადელის ეროვნული ფედერაცია მოთამაშეების დონეების მიხედვით ადგენს რეიტინგებს, რაც ახლა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ჩატარებულ თამაშებსაც მოიცავს. 

ამჯერად საქართველოს ადგილობრივ ჩემპიონატებს ვატარებთ, თუმცა მასში მონაწილეობას პირველივე ჩემპიონატიდან იღებენ უცხოელი მოთამაშეები. მომავალში კი, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობაც გვაქვს დაგეგმილი. ასევე, საინტერესო ღონისძიებებს ვგეგმავთ სპონსორებთან ერთად, რომლებიც არიან Europop, ლიბერთი ბანკი, თბილისის მერია, BabolaT, ტენე და მედიაპარტნიორი Marketer.ge.

Lamborghini-მ ვინილი გამოუშვა

4Hospitals პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის ექსკლუზიური სპონსორია