in

თიბისის ციფრული თამაში KIAF-ის შორთლისთში მოხვდა!

თიბისის კამპანია კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის KIAF შორთლისთში მოხვდა, კატეგორიაში Enriched Knowledge. საგანმანათლებლო პროექტმა, რომელში ჩართვაც მომხმარებლებს ციფრული ბანკის გადმოწერითა და დარეგისტრირებით მარტივად შეეძლოთ, თამაშ-თამაშით გააერთიანა ქართველი აუდიტორია და შთამბეჭდავ შედეგზეც გავიდა. პროექტს თიბისის ციფრული ბანკის ყოველი მეორე მომხმარებელი შეუერთდა, რაც 400,000-ზე მეტი ადამიანს გულისხმობს. კამპანიის შედეგად, ციფრულ ბანკში 36,000 ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა და აპლიკაციით სარგებლობის ინტენსივობამაც მნიშვნელოვნად იმატა. მონაწილეთა ჩართულობის 45%-ს საქართველოს რეგიონები შეადგენდა, სადაც საბანკო აპლიკაციები ნაკლებად იყო აქტუალური. რაც მთავარია, კამპანიამ ადამიანებში შემეცნებითი ინტერესი გააღვიძა ეს ყველაფერი კი 0 მედია ბიუჯეტით შეძლო. შეიძლება ითქვას, მისია შესრულებულია! კამპანიაზე თიბისიმ და სააგენტო Leavingstone-მა იმუშავეს. პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე სასაუბროდ, პროექტის შემოქმედებით გუნდს მივმართეთ.

M: თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა ჰქონდა გემიფიკაციის გამოყენებას საზოგადოებაში ციფრული პროდუქტისადმი ინტერესის გასაძლიერებლად?

მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ციფრული თამაშის გაკეთების იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. სამი პრინციპის გარშემო გავერთიანდით. ერთი მხრივ, მომხმარებლის End-to-End გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მხოლოდ ციფრული არხი აგვეთვისებინა. მეორე მხრივ, განათლების მიმართულებით წავედით, რაც მომხმარებელს უფრო მეტის გაგების ინტერესს გაუღვიძებდა. მესამეც – ეს ყველაფერი არ უნდა ყოფილიყო მოსაწყენი, ამიტომ გემიფიკაციის ელემენტები, ქულების დაგროვება, პრიზების მოგების შესაძლებლობა და მარათონის დღე შემოვიტანეთ. აღმოჩნდა, რომ თამაშმა არამხოლოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ადამიანებში, არამედ ისინი გააერთიანა კიდეც საერთო მიზნის გარშემო – ოჯახები და სამეგობროები ერთად იკრიბებოდნენ კითხვებზე საპასუხოდ. თამაშ-თამაშითა და საგანმანათლებლო კომპონენტით შევძელით ადამიანების დაინტერესება, გაერთიანება და მობაილბანკით მოსარგებლეთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა.

სალი დადიანი, თიბისის ციფრული ზრდის გუნდის ბრენდ მენეჯერი: თიბისის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში კულტურის, განათლების და მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერაა. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ შეგვეძლო სწორედ ციფრული ბანკის პლატფორმის გამოყენებით გაგვეხსენებინა მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები, კულტურული თუ ისტორიული მოვლენები და ზოგადად, შეგვეხსენებინა განათლების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში.
ბევრი მსჯელობის შედეგად, მივედით გადაწყვეტამდე, რომ სახალისო თავსატეხები და კითხვები დასახული მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალება იქნებოდა. სწორედ აქედან გაჩნდა ციფრული ბანკი შემეცნებითი პლატფორმაც.

M: როგორ გამოიყენეთ თამაშის პრინციპი, აპლიკაციით სარგებლობის გასაზრდელად?

სალი დადიანი: პრინციპი ძალიან მარტივი იყო და ამასთანავე, მისია – ძალიან საპასუხისმგებლო. გვსურდა, შეგვექმნა ისეთი მექანიკა, რომ მომხმარებლებს ყოველდღიურად ჰქონოდათ ბმა ციფრულ ბანკთან. საბოლოო ჯამში, თამაშის ამ პრინციპის საშუალებით, მომხმარებლებს ერთდროულად მივეცით რამდენიმე სარგებელი: საჩუქრები, განათლების პლატფორმა და ციფრული ბანკის ფუნქციონალები მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად.

M: როგორი იყო სააგენტოს დავალება და კამპანიის კონცეფცია როგორ ჩამოყალიბდა??

ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი: ჩვენი დავალება იყო შეგვექმნა ისეთი ინტელექტუალური თამაშის მექანიზმი, რომელიც მთელს საქართველოს აიყოლიებდა. როგორც წესი ხალხი, გათამაშებებში მონაწილეობას, მხოლოდ პრიზების გამო იღებს ხოლმე. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვინდოდა დამატებით აღფრთოვანება გამოგვეწვია მომხმარებელში და ადამიანური ემოციებით დაგვეხუნძლა მთელი თამაში.

კონცეფციაზე მუშაობისას გათვლა გაკეთდა ახლებურ საკომუნიკაციო ტონზე და ისეთ იუმორნარევ კითხვებზე, რომლებსაც ხალხი სოციალურ ქსელებში აზიარებს ხოლმე. მოკლედ, მაქსიმალურად შევეცადეთ რომ გათამაშებაში მონაწილეობა ხალხისთვის საკუთარი შესაძლებლობების გატესტვის და თავის გამოჩენის შესაძლებლობად გვექცია.

M: მუშაობის პროცესზე გვიამბეთ, რომელიც მოიცავდა როგორც უშუალოდ თამაშის შექმნას, ისე პროცესების მართვას…

საბა მიქაია, პროექტის ავტორი: კამპანიის მექანიკა, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით მარტივად ჩანდეს, საკმაოდ რთულია. სამუშაო პროცესში თავი იჩინა არაერთმა ტექნიკურმა და მომხმარებლის გამოცდილებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ. თუმცა სწორედ სირთულეები არის ის, რამაც ეს პროცესი საინტერესო გახადა.

ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ პროექტს ისე ვერ განვახორციელებდით, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა. არადა, სულ ორი კვირა გვქონდა დარჩენილი და თან პირობა გვქონდა დადებული, რომ საჩუქრების აქტივობას ციფრულ ბანკში პირველ ნოემბერს გავუშვებდით. ამგვარად, გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა – კომპლექსური ტექნიკური პრობლემის შესრულება, ძალიან მცირე დროში. ამიტომ ამ პრობლემას არაორდინალური გზით მივუდექით და დეველოპერებით, დიზაინერებით, მარკეტერებითა და ტესტერებით დაკომპლექტებული გუნდი ბაკურიანში, სამდღიან ჰაკათონზე გავეშურეთ.

M: რა იყო გუნდისთვის ყველაზე კომპლექსური ამოცანა, პროექტის მიმდინარეობისას და როგორ გაართვით თავი?

საბა მიქაია: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც წარმატებით მოვახერხეთ ამ პრობლემის გადალახვა – მოტივაციაა, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს ჰქონდა. თან, ჰაკათონის შესახებ ამ ადამიანებმა დაწყებამდე ორი დღით ადრე გაიგეს. თან, ეს ყველაფერი 14 ოქტომბერს ხდებოდა, გრძელი შაბათ-კვირის დროს, რომელიც ყველას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა დაგეგმილი აქტივობები გადადეს და დიდი შემართებით შემოგვიერთდნენ, რადგან საერთო ჯამში, ეს პროექტი გუნდისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

მოტივაციის გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პროექტში ჩართული ადამიანები და გარემო, რომელიც ბაკურიანში შეიქმნა – ხალხი ერთმანეთთან იმდენად შეთამაშდა, რომ ყველაფერი ბუნებრივად, „ეჯაილურად“ წავიდა. საბოლოო ჯამში, ეს სამი დღე ძალიან ინტენსიური, სახალისო და საინტერესო გამოდგა. თავიდან, ბაკურიანში იმ განწყობით წავედით, რომ პროდუქტის საბაზისო ვერსია, ანუ MVP მაინც უნდა მოგვესწრო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ სამ დღეში ფაქტობრივად დასრულებული პროექტით დავბრუნდით, რომლის იმპლემენტაციაში თიბისის ტექნოლოგიური გუნდი დაგვეხმარა.

ჰაკათონის ფორმატში მუშაობა ძალიან ეფექტიანი და სახალისო გამოდგა და ალბათ, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზე არის დამოკიდებული, რამაც გუნდის თითოეული წევრის მოტივაციის ამაღლებაზე იმოქმედა. მნიშვნელოვანია დროის სიმწირის მომენტიც, რომელმაც ამ პროცესს დამატებითი ხიბლი შესძინა – დროზე რომ მოგვესწრო, გადაწყვეტილების სწრაფ-სწრაფად მიღება და კომპრომისებზე წასვლა გვიწევდა. საბოლოო ჯამში, ყოველდღიურისგან სრულიად განსხვავებულ და თავისუფალ სამუშაო გარემოში მოხვედრის შემდეგ, სადაც ტრადიციული პროცესუალური შეზღუდვები არ გვქონდა, ტექნიკურ დავალებას ძალიან სწრაფად, ეფექტიანად და ოპტიმალურად გავართვით თავი.

5 გზა გავლენიანი პერსონალური ბრენდის შესაქმნელად

ქართველი გოგო გერმანიიდან, რომელიც ფოტოგრაფიის თეორიას ონლაინ შეგასწავლით