12
ოქტ
2017

ქართული უნივერსიტეტების ორი საუკეთესო კურსდამთავრებული TBSC Consulting-ის გუნდის წევრად აირჩიეს!

12 ოქტ 2017

ყოველ წელს, კომპანია TBSC Consulting ირჩევს საუკეთესო კურსდამთავრებულებს საქართველოს უნივერისტეტებიდან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია 2003 წლიდან არსებობს და 14 წლის განმავლობაში მათ მიერ შესრულებული პროექტები 50-ზე მეტ სხადასხვა სექტორშია წარმოდგენილი. TBSC-ის გუნდის ახალი წევრები წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ანი ჭიპაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – მარიამ ქობლიანიძე გახდნენ. მათ დაიკავეს ანალიტიკოსის პოზიცია ორგანიზაციაში. რა კრიტერიუმების მიხედვით და რა ეტაპების გავლით ხდება სტუდენტების შერჩევა და როგორია ორი ახალგაზრდას მოლოდინი და პერსპექტივა დიდ კომპანიაში? – ამ საკითხებზე TBSC Consulting-ის მმართველ კონსულტანტს – თენგიზ ლომიტაშვილს, ასევე, გუნდის ახალ წევრებს – ანი ჭიპაშვილსა და მარიამ ქობლიანიძეს ვესაუბრეთ:

BOG PLUS

თენგიზ ლომიტაშვილი

M: TBSC Consulting-ის შესახებ მოგვიყევით.. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა საკონსულტაციო ბაზარზე?
ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში არსებობდეს ობიექტური, სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ენდობიან და რომელიც არსებულ და დამწყებ კომპანიებს და ორგანიზაციებს ანალიზზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ჩვენი მთავარი უპირატესობებია: სრულყოფილი, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი და სიმართლე (მიუხედავად შედეგისა). ამიტომ არის, რომ ჩვენს ანალიზის შედეგებს ისევე ენდობიან საქართველოში, როგორც ე.წ. “Big Four”-ის აუდიტორულ ანგარიშებს. ჩვენი კლიენტების სიაში უამრავ ცნობილ და დიდ საფინანსო ინსტიტუტს და კომპანიას ნახავთ.

M: რამდენი წელია, რაც კომპანია ირჩევს წარმატებულ კურსდამთავრებულებს სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტიდან? რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება შერჩევა?
ბოლო 5-6 წელია ტრადიციად ვაქციეთ წამყვანი უნივერსიტეტებიდან ტოპ რეიტინგის მქონე სტუდენტების შერჩევა ანალიტიკოსის პოზიციაზე. ეს, როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ხდება. ვარჩევთ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ტოპ 3-5%-ში ხვდებიან. თუმცა, გარდა აკადემიური მოსწრებისა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ორ ასპექტს: 1) რამდენად აქვს სტუნდენტს ლიდერული თვისებები (მაგ. მოგებული აქვს რაიმე კონკურსი, ბიზნეს პროექტი) და 2) რამდენად აზროვნებს TBSC Consulting-ის სტილში, ანუ რამდენად არის პოტენციურად „ჩვენნაირი“. ბოლო პერიოდში ვხვდებით, რომ ამ ორ კრიტერიუმს უფრო მეტი წონა აქვს. პირველი – ლიდერული, აუცილებლად აისახება იმაში, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ანალიტიკოსი პროფესიულად და გადადის კონსულტანტის პოზიციაზე. მეორე – „ჩვენნაირი ტიპი“, ძალიან კორელირებს იმასთან, თუ რამდენად ინტეგრირდება ადამიანი ჩვენი გუნდის წევრად. თუ ეს უკანასკნელი არ არსებობს, პირველი ვერ იქნება შედეგიანი და პირიქით. ასევე, უცხო ენის კარგად ცოდნა აუცილებელი პირობაა, რადაგან ძირითადი სამუშაო ენა კომპანიაში ინგლისურია.

M: როგორია შერჩევის პროცედურა და რას ისახავს მიზნად ქართული უნივერსიტეტებიდან კადრების აყვანის ინიციატივა?
უნივერსიტეტები, თავიანთი კარიერული ცენტრების მეშვეობით, ავრცელებენ განცხადებას და გვაქვს დახურული შეხვედრები უნივერსტიტეტებში, ტოპ სტუნდენტებთან. ამის შემდეგ დაინტერესებული სტუდენტები გვიგზავიან თავიანთ რეზიუმეს, ჩვენ მათ ვუტარებთ გასაუბრებას, ვაძლევთ მცირე ანალიტიკურ დავალებას და ამის საფუძველზე, ვიღებთ გადაწყვეტილებას. ბოლო მცირე, მაგრამ ფორმალური ეტაპია მარტივი ან საშუალო სირთულის მათემატიკური ტესტი (რომელსაც, როგორც წესი, ყველა აბარებს). თუმცა არის მოკლე გზაც: თუ თვლიან სტუდენტები, რომ აქვთ ლიდერობის თვისება და ძალიან უნდათ ჩვენთან მუშაობა, უნდა მოგვწერონ Facebook-ის საშუალებით. TBSC-ისთვის საამაყო ფაქტია ის, რომ ყოველ წელს, ჩვენი თანამშრომლებიდან, სულ ცოტა, ერთი ადამიანი მაინც ხდება პრესტიჟული სტიპენდიის მფლობელი და მიემგზავრება მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებში მაგისტრატურის პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო 2014 წლიდან დღემდე „ფულბრაითის“ 19 სტიპენდიანტიდან, 3 ჩვენი ყოფილი თანამშრომელია, რაც მათი ინტელექტუალური მახასიათებლების გარდა, იმ დივერსიფიცირებული და უნიკალური გამოცდილების დამსახურებაა, რომელსაც ისინი ჩვენს კომპანიაში მუშაობისას იღებენ. მათი სამაგისტრო პროგრამისთვის მომზადება ჩვენი ერთ-ერთი ე.წ. „გვერდითი პროდუქტია“, რომლითაც ძალიან ვამაყობთ და წვლილი შეგვაქვს ქართული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში.

M: რომელი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობთ და როგორ შეარჩიეთ კონკრეტულად, გუნდის ეს ორი ახალი წევრი?
ჩვენი კარგი ღიაა ყველა უნივესიტეტისთვის, განსაკუთრებით გვაინტერესებს ტექნიკური პროფილის, საინჟინრო განათლების მქონე კურსდამთავრებულები. ცნობილია და გამოგვიცდია, რომ საინჟინრო განათლების მქონე ბიზნეს კონსულტანტები ბევრად განსხვავებულად აზროვნებენ და უკეთესი შედეგები აქვთ ამ სფეროში. ამიტომ, მომავალ წელს, განსაკუთრებით, ვეძებთ ასეთ სტუნდეტებს, ვინც ტექნიკური საგნებში გამოირჩევა. წელს ჩვენი რჩეულები არიან მარიამ ქობლიანიძე (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ანი ჭიპაშვილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). ორივე ძალიან კარგი კადრია ჩვენთვის, თუმცა, განსაკუთრებით მარიამის შემთხვევა დამამახსოვრდა: აღმოჩნდა, რომ გარდა იმისა, რომ ტოპ სტუდენტია, დიდი ხანია მიზნად ჰქონდა ჩვენთან მუშაობის დაწყება, რისთვისაც ბოლომდე ქონდა შესწავლილი არა მარტო ჩვენი კომპანიის ზოგადი საქმიანობა, არამედ, ყველა შესრულებული პროექტი და ჩვენი ყველა თანამშრომლის ბიოგრაფია. ასეთი საფუძვლიანად მოტივირებული და ამავე დროს მომზადებული კადრთან გასაუბრება არ მახსოვს. შედეგად, მარიამი დღეს ჩვენი აქტიური ანალიტიკოსია და წარმატებით ჩაერთო კომპანიის პროექტებში.

მარიამ ქობლიანიძე

მარიამ ქობლიანიძე – TBSC Consulting-ის ანალიტიკოსი:
„TBSC-ს შესახებ 2 წლის წინ გავიგე. ადრევე მქონდა გადაწყვეტილი საკონსულტაციო სფეროთი დამეწყო ჩემი კარიერა. მიმაჩნია, რომ ეს საშუალებას გაძლევს მიიღო მრავალფეროვანი გამოცდილება და იმუშაო სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა განხრით. როდესაც გავიგე TBSC-ის შესახებ, აქ მომუშავე კადრების მაღალი პროფესიონალიზმის, კომპანიის ორგანიზაციული კულტურის და მათთან მომუშავე უამრავი წარმატებული ახალგაზრდის შესახებ (რომლებიც დღეს ამაზონისთვისაც კი მუშაობენ), რა თქმა უნდა, ჩემს მიზნად იქცა აქ მუშაობის დაწყება.
მოტივაცია იმდენად მაღალი იყო, რომ გასაუბრებაზე თითოეული გამსაუბრებლის CV და ბოლო წლებში განხორციელებული ყველა პროექტი ვიცოდი. მგონია, რომ რაც უფრო მეტი იცი კომპანიასა და გამსაუბრებელზე, მით უფრო ნაკლებად ნერვიულობ და თავს თითქმის ნაცნობ გარემოში აღიქვამ. პირველ სამსახურს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვფიქრობ, რომ ის დიდ გავლენას ახდენს შემდგომ კარიერაზე. TBSC კი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც მუდმივად ზრუნავენ შენს ზრდაზე და განვითარებაზე და რაც მთავარია, გასწავლიან საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) საუკეთესო სპეციალისტები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყოველდღიურად მიწევს ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელიც ახალი გამოწვევების წინაშე მაყენებს და ყოველდღიურად, ვსწავლობ რაიმე ახალს.
TBSC-ში მუშაობის დაწყებამდე გავიარე 6 თვიანი სტაჟირება USAID-ში, REAP პროექტის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილებაში. თუმცა ეს იყო ნახევარ განაკვეთზე და ჩემი დროის დიდ ნაწილს ვუთმობდი სწავლას. ასევე, მუდმივად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ბიზნეს კონკურსებსა და ღონისძიებებში.
ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ხშირად ვამოწმებდი TBSC-ს საიტს და როდესაც დავინახე ვაკანსია, მაშინვე გავაგზავნე ჩემი CV, სამოტივაციო და 2 სარეკომენდაციო წერილი (მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ CV-ს ითხოვდნენ). პირველი ეტაპი იყო გასაუბრება კომპანიის პრეზიდენტთან, ბატონ პოლ კლარკთან, ამის შემდგომ, გვქონდა გასაუბრება თენგიზ ლომიტაშვილთან. ამ ეტაპის წარმატებთ გავლის შემდეგ, გვთხოვეს პატარა კვლევის ჩატარება და მათემატიკის ტესტის დაწერა, რომელიც იყო GMAT-ის სტილში. ოთხივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კი მივიღეთ შემოთავაზება სამსახურის დაწყებაზე, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.“

ანი ჭიპაშვილი

ანი ჭიპაშვილი – TBSC Consulting-ის ანალიტიკოსი:
„ვსწავლობდი
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. TBSC Consulting-ის შესახებ შევიტყვე ჩვენი უნივერსიტეტის პრეზიდენტისგან, რომელმაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე რამდენიმე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი დაგვიბარა და გაგვაცნო ინფორმაცია TBSC Consulting-ის ვაკანსის შესახებ. კომპანიის მიერ წამოყენებული მოთხოვნის თანახმად, მაღალი აკადემიური მოსწერების მქონე სტუდენტი ბიზნეს ფაკულტეტის ტოპ 5%-ში უნდა ყოფილიყო. ცხადია, მსგავსი პირობები ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რომელშიც სავარაუდო კანდიდატებად მოტივიზირებული სტუდენტები გვევლინებიან. საბედნიეროდ, მეც ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი აღმოვჩნდი, რომელიც აკმაყოფდილებდა ზემოთ ხსენებულ მოთხოვნას
გასაუბრების პირველ ეტაპზე, როდესაც დეტალურად შევიტყვე კომპანიის საქმინაობის შესახებ და გავეცანი მათ ორგანიზაციულ კულტურას, მივხვდი, რომ ეს იყო ერთგვარი გამოწვევა და შესაძლებლობა ჩემი სამომავლო კარიერული წინსვლისთვის. შერჩევის პროცესში ორეტაპოვანი გასაუბრების, შიდა გამოცდებისა და სხვა პროცესუალური ნორმების გავლის შემდეგ, მივიღე თანხმობა ჩემთვის სასურველ პოზიციაზე.
დღეს, უკვე როგორც TBSC Consulting-ის გუნდის წევრმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც კურსდამთავრებულებს ეძლევათ საშუალება მიიღონ უდიდესი გამოცდილება, განვითარდნენ როგორც პიროვნულად, ასევე, პროფესიულად, განავითარონ თავიანთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გააფართოვონ საკუთარი ხედვის არეალი, შეისწავლონ სხვადასხვა ინდუსტრიები და ჩამოყალიბდნენ ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად.
TBSC Consulting ში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ვმუშაობდი FX Business Group-ში გაყიდვების განხრით. ასევე, გავიარე სტაჟირება პროექტების მენეჯმენტში კომპანია  MINDTECHNOLOGIES-ში. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული შიდა საუნივერსიტეტო აქტივობებში, ვიყავი უნივერსიტეტის ელჩი, რის ფარგლებშიც მიწევდა მუშაობა სხვადასხვა საინტერესო და უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე.“

განხილვა