in

„ჩაის სტუდიო“: არ ღირს გადაწვეტილებების ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღება…

„ჩაის სტუდიოს“ დაარსების იდეა ნუნა დადუნაშვილის ოჯახური წამოწყება იყო. გადაწყვიტეს აზიური ცივი სასმელი, რომელსაც ბურთულებიან ჩაისაც უწოდებენ ხოლმე, ქართული ბაზრისთვისაც გაეცნოთ. გადაწყდა, რომ საქმეს თავად უნდა გაძღოლოდა, რაკი ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება უკვე დაეგროვებინა. პარტნიორობას კი ჩინეთში მცხოვრები და და სიძე უწევდნენ, რომლებიც დეტალურად შეისწავლიდნენ პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიას და ადგილობრივ მწარმოებლებთან გადიოდნენ კონსულტაციებს. ხანგრძლივი სამზადისის შემდეგ, 2019 წლის მიწურულს, ძველ თბილისში „ჩაის სტუდიო“ გაიხსნა და მოკლე დროში არაერთი მეგობარიც შეიძინა. თუმცა, მოკლე ხანში, მთელ მსოფლიოში გამოცხადდა პანდემია და ჩინური ჩაის გზა სულაც აღმოჩნდა მარტივი – შეზღუდვების პირობებში, ნუნა დადუნაშვილი დამოუკიდებლად ცდილობდა გამოწვევასთან გამკლავებას და ობიექტის მართვას, პროდუქტის დამზადებასა და საკურიერო მომსახურებასაც თავად უმკლავდებოდა. ბიზნესისთვის ყველაზე რთულ, პანდემიურ რეალობაში ოპერირებისას „ჩაის სტუდიოს“ არაერთხელ მოუხდა საკუთარ შეცდომებზე სწავლაც…

„როცა „ჩაის სტუდიო“ გავხსენით და გაიზარდა მოთხოვნა პროდუქტზე, გაგვიჭირდა დავწეოდით მას ჩვენი მარაგებით. რადგან „ბურთულებიანი ჩაის“ სამშობლო აზიაა და მისთვის საჭირო პროდუქტი საქართველოში არ მოიპოვება. დღეს, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ დროულად მოვიპოვოთ ყველა საჭირო კომპონენტი, რათა მომხმარებელს ყოველთვის დროულად მივაწოდოთ მისი საყვარელი პროდუქტი.“

სწორი კონტენტის შერჩევა

სანამ გასტრონომიულ საქმიანობას მოვკიდებდი ხელს, ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპი მქონდა. საკვებისგან განსვავებით, ეს ის საქმინობაა სადაც შეგიძლია, შენი პროდუქტი მარტივად გაიტანო, ნებისმიერ ღონისძიებასა თუ ქუჩის ბაზრობაზე. როდესაც “ჩაის სტუდიო” გავხსენი, იმავე პრინციპით ვცდილობდი ბევრ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ახალი წამოწყება, ბევრად უფრო შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა. დღეს, ვცდილობ მოვიძიო ყველანაირი ინფორმაცია სივრცეზე, ადამიანების რაოდენობაზე, კონტენტზე, კონკურენტებზე, რათა შეუფერხებლად შევძლო ადგილზე მუშაობა იმ რაოდენობის პროდუქტით, რა რაოდენობის ადამიანსაც ექნება ინტერესი და მოთხოვნა „ბურთულებიან ჩაიზე“.

ადამიანური რესურსების მართვა

ნუ მოთხოვთ თქვენი გუნდის წევრებს ერთი და იგივეს, უპოვეთ მათ რესურსს სწორი გამოყენება, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.

საქმიანობის საწყის, ეტაპზე ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად რთულია სხვადასხვა ადამიანიბისგან დაკომპლექტებული გუნდის ლიდერობა. გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლისა თუ პარტნიორის აყვანისას სწორედ განსაზღვრო მისი რესურსი, მზაობა. იყავით უშულოები და ეცადეთ შექმნათ ჯანსაღი სამუშაო სივრცე, სადაც ყველას გაცნობიერებული ექნება, რომ ერთ დიდ საქმეს აკეთებს და მნიშველოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. შემიძლია ვთქვა რომ გამიმათლა, რადგან ძალიან კარგი გუნდი მყავს!

უსაფრთხოება პანდემიის დროს

პანდემიის საწყისს ეტაპზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რთული და საპასუხისმგებლო საქმე იყო. დროული ადაპტაცია ნებისმიერი სირთულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ორი გზა მქონდა, ან დროებით შემეწყვიტა საქმიანობა და დამეკეტა „ჩაის სტუდიო“ ან მთლიანად გადავსულიყავი მიტანის სერვისზე. მე მეორე ვარჩიე და დიდი რისკის მიუხედავად, გაამართლა. მიტანის სერვისზე გადასვლამ საშუალება მოგვცა გაგვეგრძელებინა საქმიანობა, არ დაგვეკარგა მომხმარებელი და უფრო მეტ ადამიანს გაეგო ჩვენ შესახებ.

პანდემიური გამოწვევა დღეს

დღეს “ჩაის სტუდიოს” შიდა სივრცე კვლავ დახურულია სტუმრებისთვის. სივრცე პატარაა და რთული იქნება მასში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლება, რამაც შეიძლება როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების დაინფიცირება გამოიწვიოს. ერთი მხრივ, შეიძლება განაწყენდეს მომხმარებელი, რომელსაც შიდა სივრცეში ჯდომა ურჩევნია, თუმცა მეორე მხრივ, მოვუწოდებთ კარიდან შეიძინონ „ბურთულებიანი ჩაი“ და ჩვენს გარე სივრცეში დააგემოვნონ ის ან ისეირნონ სუფთა ჰაერზე რაც უფრო უსაფრთხოა პანდემიის დროს.

არ დაკარგოთ მზაობა შეებრძოლოთ სირთულეებს

„ბურთულებიანი ჩაი“ საკმაოდ პოპულარული სასმელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თუმცა საქართველოში, შეიძლება ითქვას, მაინც ახალია. „ჩაის სტუდიო“ მთელი რიგი დიდი მოსამზადებელი სამუშაოების მერე, 2019 წლის შემოდგომაზე უკვე არატურისტულ სეზონზე გავხსენით. გაზაფხულზე პანდემია დაიწყო და ბევრი ჩანაფიქრისა თუ გეგმის შეცვლა მოგვიწია, თუმცა შევძელით მათთვის სწორი მიმართულების მიცემა. გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, წინასწარ ვიფიქროთ სამოქმედო გეგმაზე, როგორც წარმატების, ასევე მოულოდნელი გამოწვევების შემთხვევაში, რათა ზარალი მაქსიმალურად მინიმუმამდე დავწიოთ. შეცდომები მოსულა, მთავარია, არ დავიბნეთ და მშვიდად ვიფიქროთ მის გადაჭრის გზებზე.

რა გვასწავლა ამ ყველაფერმა?

საქმიანობის საწყის ეტაპზე უფრი მარტივად ვიღებდი გადაწყვეტილებებს და შეიძლება ითქვას მეტად იმპულსურად ვმოქმედებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ „გენიალური“ იდეები შეიძლება წამში მოვიდეს, თუმცა არ ღირს გადაწვეტილებების ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღება. „იჩქარე ნელა“ – სტარტაპი ბიზნეს საქმიანობაა, სადაც ჩემი აზით, უამრავ სწრაფ, მყიფე და ჰაერში გამოკიდებულ ნახტომზე მნიშვნელოვანი, რამდენიმე და მყარად გადადგმული ნაბიჯია, რომლებსაც დიდი წარმატებისკენ მიყვავართ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„სამსუნგის“ Bespoke მაცივარი – შექმნილია შენთვის, შენ მიერ

თიხით წარმოჩენილი თეატრი და კინო – ინტერვიუ “დირეს” დამფუძნებელთან